„ფორმულა ერთი“ ქართული დროშით

„ფორმულა ერთი“ ქართული დროშით

ამას წინათ პროგრამა „ვესტიმ“ გულდაწყვეტით გვაცნობა, რომ „ფორმულა ერთის“ კლასში მსოფლიო საავტომობილო რბოლებში საქართველოს დროშით გამოვიდა სპორტული ავტომობილი. მართალია, იგი საუკეთესოებში ვერ მოხვდა, მაგრამ მისი მონაწილეობა ასეთი მაღალი დონის ასპარეზობაში უკვე შესაშურია ყველა პოსტსაბჭოური ქვეყნისათვის.

ცხადია, ამ ინფორმაციის შემდეგ ყველას დაებადებოდა კითხვა, თუ სად, როდის და ვის მიერ შეიქმნა ეს ავტომობილი.

ჩვენ ვიცოდით და ადრეც გამოგვიქვეყნებია წერილი ამის შესახებ, რომ იტალიელი ბიზნესმენის ჯანფრანკო ბონომის ინიციატივით, მონტე-კარლოდან თბილისში თავისი საკუთარი ქარხნის გადმოტანას აპირებს კონსტრუქტორი, ინჟინერი და პილოტი, უფრო მარტივად კი, უბრალოდ ინჟინერი ფულვიო ბილლაბიო.

იტალიელები გეგმავდნენ, რომ სულ მოკლე ხანში საქართველოში გამართავდნენ სამი სახის ავტომობილების წარმოებას. პირველ რიგში ეს იქნებოდა სპორტული ავტომობილები. ამის შემდეგ აითვისებდნენ მცირელიტრაჟიანი სედანების წარმოებას, ხოლო ცოტა მოგვიანებით კი ერთ და ორ წამყვანხიდიან პიკაპებსაც ააწყობდნენ.

ჩვენ ამ დღეებში ვეღარ დავუკავშირდით იტალიელებს და ამიტომ არ ვიცით თუ კონკრეტულად რამ შეუშალა ხელი მათი ჩანაფიქრის განხორციელებას. თუმცა ის კი აშკარაა, რომ მათ განზრახვას ჯერ-ჯერობით ხორცი არ შესხმია. მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს: ჩვენში გამეფებული კრიმინალური სიტუაცია, საფინანსო არეულობა, ომი და ასე შემდეგ.

ჩვენ მაინც დავუკავშირდით თბილისის პირველ ავტოსარემონტო ქარხანას, სადაც იტალიელები ამ მანქანების წარმოების გამართვას ფიქრობდნენ. ქარხნის დირექტორმა, ბატონმა გურამ ლაპიაშვილმა გვაცნობა, რომ ასეთი განზრახვა მართლაც არსებობს, მაგრამ საქმე ჯერ არ დაწყებულა.

ასეა თუ ისე, იტალიელებმა უმაღლესი კლასის ავტომობილი მსოფლიო რანგის შეჯიბრებაზე საქართველოს სახელითა და დროშით გამოიყვანეს. ამისთვის მათ, ცხადია, მხოლოდ მადლობა ეთქმით, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, რაოდენ დიდი იქნებოდა ჩვენი სიხარული, ასეთი მანქანა ჩვენივე მიწაზე რომ ყოფილიყო შექმნილი ჩვენივე კონსტრუქტორების მონაწილეობით.