ტექდათვალიერების კონტროლი მკაცრდება, ოღონდ კონტროლი, ამჯერად, მომსახურების ცენტრებს შეეხება

ტექდათვალიერების კონტროლი მკაცრდება, ოღონდ კონტროლი, ამჯერად, მომსახურების ცენტრებს შეეხება

ტექდათვალიერების პროცესში მიმდინარე ხარვეზებზე თავად დარგის სპეციალისტები საუბრობენ. როგორც ჩანს, პრობლემა სულ უფრო თვალსაჩინო ხდება, ამიტომ 2025 წლიდან კონტროლის დამატებით გამკაცრება იგეგმება.

ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარის გიორგი შიოლაშვილის ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, საზოგადოების ცნობიერება დროთა განმავლობაში შეიცვალა და ამაღლდა სექტორში კვლავაც გამოწვევებია. შესაბამისად, ის გამოსავალს ტექნოპარკის განახლებაში, კონტროლის ახალი მექანიზმების დანერგვაში და ტექინსპექტირების ცენტრების გამართულ მუშაობაში ხედავს.

„2025 წლიდან, ტექინსპექტირების ცენტრების ახალი მექანიზმი შემოდის, რომელსაც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო განახორციელებს. შესაბამისად, ტექინსპექტირების ცენტრებზე მოხდება ვიდეო მონიტორინგი და გარკვეული ჯგუფები გადაამოწმებენ, თუ რამდენად ობიექტურად ჩატარდა ტექინსპექტირების პროცესი.

შესაძლებელია, როდესაც ტექინსპექტირება დასრულდება, ერთი და იგივე ავტომობილი, გადაამოწმოს ამ ჯგუფმა ხელახლა და შეადაროს ტექინსპექტირების ცენტრების მიერ გაცემულ ანგარიშს. თუ, ვთქვათ, გარკვეული აცდენა იქნება და გარკვეული პარამეტრები არ იქნება დაფიქსირებული ტექინსპექირების ცენტრის მხრიდან, ამ შემთხვევაში, გარკვეული საჯარიმო სანქციები იქნება შემოღებული“, - განაცხადა შიოლაშვილმა.

ირკვევა, რომ საქართველოში არსებული ტექინსპექტირების ცენტრები არათანაბარი ძალისხმევით მუშაობენ. ზოგიერთი მათგანი ზედმეტად მკაცრია, ზოგიერთი კი ლოიალური, საბოლოოდ კი ისეც ხდება, რომ ავტომობილების მეპატრონენი ავტონაწილებს ქირაობენ, გადიან ინსპექტირებას და შემდგომ ისევ გაუმართავი ავტომობილებით გადაადგილდებიან. ამის თაობაზე ის ადამიანები საუბრობენ, ვინც საქმეში მაქსიმალურად არის ჩახედული. სატრასპორტო სფეროს ექსპერტი დავით მესხიშვილი რამდენიმე საყურადღებო პრობლემაზე მიუთითებს:

„რომელიღაც ინსპექტირების ცენტრი შეიძლება იყოს ძალიან მკაცრი, ხოლო მეორე ძალიან ლოიალური. ერთგან შეიძლება ავტომობილი „დაბრაკონ“, ხოლო მეორეგან გაატარონ. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ადამიანები მანქანის ნაწილებს ქირაობენ. მაგალითად, ქირაობენ საბურავებს, კატალიზატორებს, საწვავში ურევენ სხვადასხვა ფხვნილებსა და ნივთიერებებს, რომელიც უმატებს ოქტანობას და CO-ს ნაკლებად გამოყოფს. ეს ყოვლად დაუშვებელია. ნებისმიერი ადამიანი, ვინც კატალიზატორს ქირაობს, ავტომატურად წამლავს ბავშვებს“, - აღნიშნა ინსპექტირების ასოციაციის პრეზიდენტმა.

მესხიშვილი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ინსპექტირება არ არის ის პროცესი, რომელიც მძღოლებს დასდევს და სჯის. ტექნიკური გამართულობა ნიშნავს საგზაო მოძრაობისა და მგზავრების დაცულობას. ამასთან ერთად, მისი აზრით, თბილისში არსებული 4-5 ავტომობილი, რომელიც დედაქალაქის ქუჩებში ავტომობილთა CO-ს ამოწმებს, არ არის საკმარისი და მათი რაოდენობა უნდა გაიზარდოს.

„პირველ რიგში, ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ინსპექტირება არ არის მათი დამსჯელი მექანიზმი. ეს აუცილებელი პირობაა უსაფრთხო გადაადგილებისთვის. ჩვენ სერიოზული პრობლემა გვაქვს გზებზე კანონის აღსრულების მიმართულებით. ავტონაწილების ქირაობასთან და მსგავს მანიპულაციებთან ბრძოლის მთავარი საშუალება სწორედ კანონის აღსრულებაა, მაგრამ თბილისში არსებული 4-5 ავტომობილი, რომელიც სხვა მანქანების CO-ს ამოწმებს, არ კმარა. ეს საპილოტე პროექტად იყო და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი გაფართოვდება, ვინაიდან თბილისში ძალიან ბევრი ავტომობილი გადაადგილდება“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ მესხიშვილმა.

DDDzia "ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ინსპექტირება არ არის მათი დამსჯელი მექანიზმი. "
მესხიშვილო, გჯერა რასაც ამბობ?
ნებისმიერი მექანიზმი, რომელიც ხალხს ჯიბიდან ფულს აცლია, დამსჯელია.
ნებისმიერი.
მითუმეტეს ეს.
ტექდათვალიერება საერთოდ არაა საჭირო, რამდენადაც ვერ მოაგვარებს ვერანაირ პრობლემას, თუ თავად მანქანის მეპატრონეს არ უნდა ეს.
თავბურთამ თავისი იდიოტური გადაწყვეტილებებით ქალაქი გაჭედა. ინფრასტრუქტურა არ მუშაობს. 100 მეტრიან მონაკვეთზე შეიძლება 10 შუქნიშანი იდგეს. საწვავის ხარისხს არავინ არ ამოწმებს. და თქვენ ავტომფლობელებს მიადექით?
8 თვის უკან