დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა „მინისტრების კოდექსი“ დაარღვია, როდესაც საკუთარ წიგნში დედოფალ ელისაბედ მეორესთან პირადი საუბრის შინაარსი გაამხილა. ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით Politico წერს.
კერძოდ, წიგნის გამოსვლამდე ტრასმა ის მთავრობის შესაბამის დეპარტამენტს გაუგზავნა, თუმცა საბოლოო თანხმობა მას არ მიუღია.
წიგნში ლიზ ტრასი წერს, რომ დედოფალმა მას უთხრა, „შეენარჩუნებინა ტემპი“. ასევე, 20-წუთიანი საუბრის დროს დედოფალმა ლიზ ტრასს უთხრა, რომ პრემიერობა „ძალიან აბერებს“.
„დისკუსიების დეტალების გასაჯაროებისგან თავს შევიკავებთ, თუმცა აღვნიშნავთ, რომ საბოლოო ვორდინგს არ ვეთანხმებოდით. ასე რომ, ავტორმა „რედკლიფის წესები“ დაარღვია“, - აცხადებენ ბრიტანეთის მთავრობაში.
„მინისტრების კოდექსი“, რომელსაც ასევე რედკლიფის წესებს უწოდებენ, კრძალავს ისეთი შინაარსის ინფორმაციის გამოქვეყნებას, რომელიც აზიანებს ეროვნულ უსაფრთხოებას, დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ურთიერთობებს ან მთავრობის კონფიდენციალურ საქმიანობას.