„გამაერთიანებელი ძალა ოპოზიციაში არ ჩანს, პროტესტმა შესაძლოა უმართავი სახე მიიღოს და ეს მთელი ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება“

„გამაერთიანებელი ძალა ოპოზიციაში არ ჩანს, პროტესტმა შესაძლოა უმართავი სახე მიიღოს და ეს მთელი ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება“

„როგორც ჩანს „ოცნებას“ ვა-ბანკზე წასვლა აქვს გადაწყვეტილი - გააჩნია რა სიხშირის და სიმძლავრის აქციები იქნება - ასევე, გააჩნია რას გეგმავს „ოცნების“ რეალური ლიდერი. თუ გეგმავს, რომ ქვეყანაში იყოს არეულობა, შეუძლია ამას მიაღწიოს“, - ასე აფასებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ანალიტიკოსი, ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში.

თქვენ პირადად, პროცესების როგორ განვითარებას ელოდებით კანონპროექტის მიღების შემთხვევაში?

- როგორც ჩანს, „ოცნებას“ ვა-ბანკზე წასვლა აქვს გადაწყვეტილი - გააჩნია რა სიხშირის და სიმძლავრის აქციები იქნება. ხელისუფლება კანონპროექტს უკან არ გაიწვევს. ვარიანტი, რაც შესაძლოა „ოცნებისთვის“ და ოპოზიციისთვის მისაღები იყოს, ესაა, რომ ეს კანონი პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, უბრალოდ, თაროზე შემოდონ. იქნება ძალიან მძლავრი საპროტესტო აქციები, თუ ამას დაემატება ჩვენი პარტნიორების ღია პოზიცია - ეს არის მნიშვნელოვანი პირობა იმისთვის, რომ აღნიშნული კანონპროექტი თაროზე შემოიდოს.

თუკი „ოცნება“ ამ კანონს მიიღებს, შემდეგ რა იქნება, პროგნოზირება რთულია, გააჩნია რას გეგმავს „ოცნების“ რეალური ლიდერი. თუ გეგმავს, რომ ქვეყანაში იყოს არეულობა, შეუძლია ამას მიაღწიოს. თუმცა, ვითარება ძალიან გართულდება. ამის გამოცდილება ჩვენ უკვე დავაგროვეთ. პირველი პირები მეტ-ნაკლებად ღებულობენ ხელშეუხებლობის გარანტიებს, როგორც შევარდნაძემ, ისე სააკაშვილმაც მიიღო. ივანიშვილიც მიიღებს ამ გარანტიებს, თუ დასჭირდა, მაგრამ ხელისუფლების მეორე და მესამე ეშელონებს, ყოველთვის, პრობლემები უდგებოდათ, მით უმეტეს, „ქართულ ოცნებას,“ რომელმაც დასავლეთის მხრიდან საკმაოდ ნეგატიური შეფასებები მიიღო. თუ პრობლემა გახდა და ხელისუფლების დიდი ცვლილებები განხორციელდა, რუსეთს თუ შეაფარებენ თავს - თუ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანეს საქმე, საქართველოში მათ აღარ გაეჩერებათ. იგივეა ძალოვანებისა და მინისტრების შემთხვევაშიც.

ჩვენს პარტნიორებს ამ ქვეყანაში ძალიან მარტივად შეუძლიათ კრიზისი გამოიწვიონ, თუნდაც იმით, რომ დახმარება, რომელიც შემოდის სამთავრობო, თუ არასამთავრობო ხაზით, უბრალოდ, შეაჩერონ და ძალიან მალე დაეტყობა ჩვენს ეკონომიკას. ამ ჩიხიდან გამოსავალი არის ის, რომ ეს კანოპროექტი შემოიდოს თაროზე.

რამდენად იკვეთება დღეს სამოქალაქო დაპირისპირების კონტურები? პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციებმა რამდენად შეიძლება მიგვიყვანოს სამოქალაქო დაპირისპირებამდე?

- „ოცნება“ შეიძლება წავიდეს პროვოკაციაზე. ოპოზიცია უნდა შეეცადოს, რომ ისეთი ტიპის აქციები, როგორიც გასული წლის მარტში იყო, არ მოაწყოს. უნდა იყოს მშვიდი, ხალხმრავალი, პრინციპული აქციები, მაგრამ არა პოლიციასთან „ძიძგილაობა“. აქციის მონაწილეთა მხრიდან ეს უნდა გამოირიცხოს. ამ შემთხვევაში, ხელისუფლება იძულებული იქნება ამ აქციებს შეეგუოს, რაც არჩევნებზე „ოცნების“ საწინააღმდეგოდ მიცემულ ხმებს ნიშნავს. ან წავიდეს პროვოკაციაზე, როგორც ეს გასული წლის მარტში მოხდა.

დღეს „ოცნება“ იმას კი არ უნდა ფიქრობდეს, რომ საკონცსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს, არამედ არჩევნებში 76 მანდატი არ აიღოს - ეს ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება „ქართული ოცნებისთვის.“ თუ „ოცნებამ“ რაღაც ხერხებით 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვა, 2028 წლამდე ვეღარ მივა. მათ მშვენივრად იციან, რა განწყობებია მოსახლეობაში. ისეთი მძიმე ვითარებაა, რომ შესაძლოა ქაოტურადაც კი დაიწყოს გამოსვლები და სიტუაცია უკონტროლო გახდეს. ივანიშვილის დამსახურება 2012 წელს მხოლოდ ის კი არ იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩაანაცვლა, არამედ ისიც, რომ სამოქალაქო დაპირისპირება აგვაშორა, თუმცა დღეს თვითონ მიჰყავს ქვეყანა ამ დაპირისპირებამდე. 2012 წელს „ნაცმოძრაობა“ ისევ ხელისუფლებაში რომ დარჩენილიყო, აუცილებლად მოხდებოდა დაპირისპირება, იმდენად დიდი, უარყოფითი მუხტი იყო მათ მიმართ. იგივე მუხტია დღეს საქართველოში, მაგრამ არა იმდენად აგრესიული. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შემთხვევითმა ფაქტორმა წონასწორობიდან შესაძლოა ვერ გამოიყვანოს ქვეყანა.

გამაერთიანებელი ძალა ოპოზიციაში დღეს არ ჩანს. ამიტომ არის უფრო მეტად პრობლემური, რომ პროტესტმა შესაძლოა უმართავი სახე მიიღოს და ეს მთელი ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება, არა მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“.

ჩატარდა კვლევები, ვინ რამდენი პროცენტი შეიძლება აიღოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში. თქვენი პროგნოზები როგორია „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით - დაახლოებით, რამდენი პროცენტის აღების შანსი აქვს მას, როგორ ფიქრობთ?

- „ქართულ ოცნებას,“ დაახლოებით, 30%-ის ფარგლებში შეიძლება ჰქონდეს რეალური მხარდაჭერა. ამომრჩევლის, დაალოხებით, 40% გადაუწყვეტელი ამომრჩეველია, რომელიც დღეს არ მიიღებს გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება ოპოზიციას?

- ოპოზიციაში ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი სიტუაციაა. „ახალი“ 5%-იან ბარიერს გადალახავს. ასევე, ბარიერთან ახლოს არიან „ლელო“ და გახარიას პარტია. „ნაციონალური მოძრაობა“, ისედაც ვიცით, რომ გადალახავს. დანარჩენებზე რთულია თქმა.

ამ კანონპროექტის ხელახლა შემოტანით „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციური ამომრჩეველი უფრო გაამრავლა, ვიდრე მისი მომხრეები. რომც მიიღონ ეს კანონი, არ მგონია რაიმე შედეგი მოუტანოს ხელისუფლებას, რადგან მისი რეალიზება უკვე დაგვიანებულია.

trampi ამ კაცს ჭკვას რატო ეკითხებით??
ეგეც იქიდან იღებს ფულს
ვინც ფულების გამო ბიძომ გაააბრაზა.................. ყველა ნაცებს შეეკრა
ესაა მაგათი სამართალი
საქართველო??
1 კვირის უკან
არაგველი641 ეგრევე ეტყობა რომ ენჯეოს ფულებზე ზის
1 კვირის უკან