ედინ ტერზიჩი:

ედინ ტერზიჩი: "ახლა უკეთესი გუნდი ვართ, ვიდრე ჯგუფური ეტაპის დროს ვიყავით"

„დორტმუნდის“ მთავარმა მწვრთნელმა ედინ ტერზიჩმა მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მატჩის (4:2) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ნახევარფინალის საგზური დამსახურებულად მოიპოვეს.

„ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. დღეს დიდებული ატმოსფერო იყო. სიძლიერე გამოვავლინეთ და საბოლოოდ, მომდევნო ეტაპზე გასვლა დავიმსახურეთ. ვამაყობ, რომ ამის თქმა შემიძლია ისეთი გუნდის წინააღმდეგ გამარჯვებაზე, როგორიც „ატლეტიკოა“.

ნახევარფინალში პსჟ? ჯგუფში პირველი მატჩი კარგად ვერ ჩავატარეთ, მეორე უკეთესი იყო და ჩვენ უფრო ახლოს ვიყავით მოგებასთან. ვფიქრობ, რომ დღეს უკეთესი გუნდი ვართ, ვიდრე მაშინ, ჯგუფურ ეტაპზე“, - თქვა ტერზიჩმა.

შეგახსენებთ, რომ „დორტმუნდი“ ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენს“ შეხვდება და ეს გუნდები მიმდინარე სეზონში ჯგუფშიც ერთად იყვნენ.