ზურაბიშვილის მიერ ეროვნული ბანკის საკითხზე დაკომპლექტებული კომისია შექმნისთანავე საეჭვო გახდა

ზურაბიშვილის მიერ ეროვნული ბანკის საკითხზე დაკომპლექტებული კომისია შექმნისთანავე საეჭვო გახდა

„ქართულ ოცნებაში“ პრეზიდენტის მიერ შექმნილ კომისიას არ ენდობიან და ამბობენ, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოსთვის დამოუკიდებელი კანდიდატების შერჩევას ვერ შეძლებენ. უმრავლესობა ამტკიცებს, რომ 6-კაციანი კომისიიდან, მინიმუმ, 3 წევრი მიკერძოებულია და ამის არგუმენტად მოჰყავთ არჩილ მესტვირიშვილის, გიორგი ისაკაძისა და თამარ სულუხიას კავშირები ოპოზიციასთან.

არჩილ მესტვირიშვილმა, რომელიც ეროვნულ ბანკში წინა ხელისუფლების პერიოდიდან მუშაობდა, და ბოლოს პრეზიდენტის მოვალეობასაც ასრულებდა, ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა რამდენიმე თვის წინ, კიდევ 2 კოლეგასთან ერთად, დატოვა. უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მისი გადაწყვეტილება პირდაპირი საბოტაჟი და საკვანძო ინსტიტუტის ჩამოშლის მცდელობა იყო. თავად მესტვირიშვილი კი მიზეზად ნათია თურნავას ბრძანებას ასახელებდა, რომლის მიხედვითაც სხვა ქვეყნის მიერ სანქცირებულ საქართველოს მოქალაქეებს ფინანსური ტრანზაქციები არ ეზღუდებათ.

თამარ სულუხია კომისიის თავმჯდომარეა. ის პოლიტიკური პოზიციებით საჯარო სივრცეში აქტიურია, თუმცა ამჯერად მედიასთან პოლიტიკურ საკითხებზე საუბარი არ ისურვა. მათი მისამართით გაკეთებულ განცხადებებს არ უპასუხეს არც გიორგი ისაკაძემ და არც - არჩილ მესტვირიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის მიზანი ეროვნული ბანკში დაძაბულობის შექმნა და მთავარი საფინანსო ინსტიტუტის პარალიზების მცდელობაა.

კომისიის შემადგენლობის ობიექტურობასთან დაკავშირებით პარლამენტში აზრი ორად იყოფა. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა სწორედ იმ ცვლილებების შედეგად ასრულებს, რომელიც კანონით აზღვევს ბანკში საბოტაჟის რისკებს. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ, ამ მიმართულებით, პრეზიდენტის მიერ შექმნილი კომისიის უნდობლობას კონკრეტული მიზეზები აქვს.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, არჩილ მესტვირიშვილს მთავრობასთან შეუთანხმებელ ქმედებებში პირდაპირ ადანაშაულებს. ვოლსკი ასევე აცხადებს, რომ ეროვნულმა ბანკმა არასწორი ეკონომიკური პროგნოზები გააკეთა.

„როცა ექსპერტები საუბრობენ, უფრო მეტის უფლებას აძლევენ თავს, რომ რადიკალური შეფასებები გააკეთონ. ჩვენ ვალდებულები ვართ, ფაქტებიდან გამომდინარე ვისაუბროთ და მართლაც, რომ გადახედავ ბოლო მონაცემებს, არ ვიცი ეს არაპროფესიონალიზმით არის, თუ გარკვეული კონსპირაციული ფორმა ჰქონდა არჩილ მესტვირიშვილს, მაგრამ ფაქტია, ფასების ზრდაზე, ეკონომიკის ზრდის ან შემცირების საკითხებზე, სავალუტო კურსზე, ინფლაციაზე საკმაოდ დიდი ბერკეტები გააჩნია ეროვნულ ბანკს.

ნებისმიერ დაწესებულებაში, მით უმეტეს საკონსტიტუციო სტრუქტურაში უნდა არსებობდეს ადამიანი, ვინც პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში პასუხისმგებლობას აიღებს საკუთარ ხელში. რეალობა, რასაც ვუყურებთ და ანალიზი რაც გაკეთდა, საკმაოდ სერიოზული საფრთხეები შეიძლება წარმოიშვას და ეს უნდა გამოირიცხოს. მაგალითები მოყვანილია, რომ პროგნოზი არასწორად გაკეთდა ერთხელ, ვალუტის კურსზე იყო გარკვეული გაუგებრობა. ისეთი თემებია, რაშიც მთავრობაც არის პასუხისმგებელი და მასთან შეუთანხმებელი ისეთი აქტივობებია ჩატარებული, რაც ნორმალურ პირობებში არ უნდა ტარდებოდეს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ათვალისწუნებულმა კომისიის წევრმა გიორგი ისაკაძემ კი განაცხადა, რომ ის მმართველი პარტიის წევრის მხრიდან გაკეთებულ უმიზნო განცხადებაზე ვერაფერს იტყვის. კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით კი გიორგი ისაკაძე განმარტავს, რომ წარდგენილ კანდიდატებს შორის არიან გამორჩეული პროფესიონალები, რომელთა კანდიდატურებსაც კომისია პრეზიდენტს წარუდგენს, ხოლო მათი პარლამენტში წარდგენის საბოლოო გადაწყვეტილებას კი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს.

„გაზაფხულია ან გუშინ შეიძლება მორიგ ჯერზე შავი დედალი დაკლეს... წარმოდგენა არ მაქვს. მე შემიძლია კომენტარი ეკონომიკაზე, ფინანსებზე და ამ თემაზე გავაკეთო. პოლიტიკოსების განცხადებებზე, მით უმეტეს უმიზნო განცხადებებზე კომენტარი არ მაქვს.

ერთის თქმა შემიძლია, მმართველი პარტიის ძლიერი მხარე ეკონომიკა, ფინანსები, განკარგულებების კითხვა არასდროს არ ყოფილა და შესაბამისად, ეჭვი მეპარება, რომ 2024 წელს ეს ამბავი მოგვარდეს.

საბოლოო გადაწყვეტილებას იმ 4 კანდიდატურასთან დაკავშირებით არა კომისია, არამედ პრეზიდენტი იღებს. აღნიშნული ჯგუფი პრეზიდენტს წარუდგენს რამდენიმე კაცისგან შემდგარ სიას, ეს იქნება 4 კაცზე მეტი კანდიდატურა, საიმისოდ რომ პრეზიდენტი ჩამოყალიბდეს და პარლამენტს მაღალინტელექტუალური მსჯელობისთვის წარუდგინოს კანდიდატები“, - განაცხადა გიორგი ისაკაძემ.

ეროვნული ბანკის საბჭოში ვაკანტური 4 წევრის პოზიციაა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი 28 განაცხადია შესული. კანდიდატები სალომე ზურაბიშვილს კომისიამ 20 აპრილამდე უნდა წარუდგინოს - ამის შემდეგ კი, პრეზიდენტმა პარლამენტს - დასამტკიცებლად.

trampi დღეს 1989 წლის 9 აპრილზე მძიმე მდგომარეობა გვაქვს--- უფრო დიდი და უფრო ვერაგი მტერი გვყავს(ე.წ. კოლექტიური დასავლეთი)
პლიუს ფულზე გაყიდული დიდი რაოდენობის შინაური მტერი!!!!!!!!!!!!!!! მაშინ მარტო გარე მტერი გვყავდა (სსრკ),...... შინაური არა გვყავდა
მოკლედ ეხლა გაცილებით მძიმე მდგომარეობა გვაქვს, გაცილებით მძიმე
ისე ყოჩაღ მთავრობას....კობახიძე პაპუაშვილს ................თუ ესენი იყოჩაღებენ შეიძლება მართლა გავხდეთ დამოუკიდებელი ქვეყანა.....
8 თვის უკან