საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ცნობილ ბრიტანულ გამოცემა The Athletic-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელიც მთლიანად საქართველოს ნაკრებში მიღწეულ წარმატებას ეხებოდა.
როგორც ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, ევროპის ჩემპიონატზე მისი გუნდი ტურისტის რანგში არ წავა, რაც ფეხბურთელებმაც დაუდასტურეს.
„ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მხოლოდ ფეხბურთს არ ეხება, ეს არის გზა საიმისოდ, რომ ქვეყანამ თქვას: „აი, საქართველო არსებობს“. შეიძლება ჩვენ არ ვართ დიდი ქვეყანა, მაგრამ ახლა ხალხი გაიგებს, რომ საქართველო არსებობს.
ზეიმი საქართველოს კულტურას ჰგავდა - შუალედი არ არსებობს. ისინი ან ძალიან მაღლა არიან, ან ძალიან დაბლა, ძალიან მოწყენილები ან ძალიან ბედნიერები. ბევრი ტიროდა, დიდი ემოცია იყო.
ჩემი ფიქრები პენალტების დროს? პენალტების სერია ერთადერთია, რასაც მწვრთნელი ვერ აკონტროლებს. შეგიძლია აკონტროლო მატჩი, ფეხბურთელები, ტაქტიკის ან თამაშის გეგმის შეცვლა, მაგრამ პენალტებზე ვერაფერს გააკეთებ. ასე რომ, პენალტების დროს საკმაოდ მშვიდად ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ არაფრის გაკეთება შემეძლო. უფრო მაყურებელი ვიყავი, ვიდრე მწვრთნელი. თუმცა, როცა ბოლო პენალტის დრო დადგა, ბოლო სამი წლის ნამუშევარი, აღმავლობა, ჩავარდნა, ყველაფერი იმ მომენტში გამახსენდა. ამის შემდეგ უბრალოდ იყო სიცარიელე.
ეს არის ჩემს სამწვრთნელო კარიერაში უდიდესი მიღწევა. სამი წლის წინ, როცა ამ მუშაობა გადავწყვიტე, ჩემს ახლო გარემოცვაში უამრავმა ადამიანმა მკითხა: „რატომ მიდიხარ იქ?“ ახლა შემიძლია ვთქვა: ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ და რაღაცას მივაღწიეთ. როგორც მწვრთნელი და როგორც ადამიანი ძალიან ბედნიერი ვარ.
საბერძნეთთან ჩემმა ფეხბურთელებმა ნამდვილად გონებით ითამაშეს უფრო, ვიდრე გულით და ეს იყო ერთ-ერთი პირველი შემთხვევა ბოლო სამი წლის განმავლობაში, როცა მათ ეს გააკეთეს. სწორედ ამის თქმას ვცდილობდი მათთვის თამაშის წინ. რა თქმა უნდა, ის, რაც გულში გაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პირველ რიგში ყოველთვის გონებით მოქმედება უნდა იყოს. მათ ეს ფანტასტიკურად გააკეთეს.
როდესაც საფრანგეთის ნაკრებში ვთამაშობდი, ფეხბურთელები ყოველთვის ვამბობდით, რომ ევროპის ჩემპიონატი უფრო რთულია, ვიდრე მსოფლიოს ჩემპიონატი, რადგან ევროპის ჩემპიონატზე ყველა დიდი გუნდია, არ არსებობს პატარა მეტოქე. ასე რომ, ახლაც, ძალიან მაღალ დონეზე მოგვიწევს თამაში.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდით იმაზე, რომ კვარაცხელიას უფრო ცენტრისკენ ეთამაშა, როცა ბურთი გვაქვს, რადგან ის არის ფეხბურთელი, რომელსაც ბევრი გოლის გატანა და საგოლე პასების გაკეთება შეუძლია. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ასეთი ფეხბურთელის მოედნის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში ყოფნა, რადგან მისნაირი ფეხბურთელი ბევრი არ მყავს. როგორც პიროვნება, მასთან მუშაობა ძალიან ადვილია, რადგან ის ამბიციურია, მაგრამ თავისი ამბიციებისთვის ბევრს მუშაობს.
როდესაც ევრო 2024-ზე გავედი და ზეიმი დავიწყეთ, ერთ-ერთი პირველი, რაც ჩემმა ფეხბურთელებმა მითხრეს, ეს იყო: „ვილი, ჩვენ არ გვინდა გერმანიაში შოპინგზე ან ტურისტებად წასვლა“. და მეც ვუთხარი: „კარგია, რადგან მე ზეპირად ვიცნობ გერმანიას, ამიტომ, არ მჭირდება იქ ტურისტად წასვლა“. ასე რომ, ისინი ძალიან ამბიციურები არიან.
ახლა უნდა ვცადოთ ჯგუფიდან გასვლა, ჩვენ ამ ამბიციით წავალთ. ვიცით, რომ ეს ძალიან, ძალიან, ძალიან რთული იქნება, მაგრამ ისინი იმდენ ხანს ოცნებობდნენ იქ მოხვედრაზე, სამწუხარო იქნება, თუ იქ წავალთ და ყველაფერს არ გავაკეთებთ კონკურენციისთვის.
მე ნამდვილად არ ვარ მწვრთნელი, რომელიც ბევრს ყვირის. ჩვეულებრივ, ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო მაშინაც კი, როცა სტრესული სიტუაციაა. ვფიქრობ, ეს საქართველოში მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან ემოციური ხალხია და როცა ბევრი ემოციაა, საჭიროა მშვიდი მწვრთნელი გყავდეს. თუ პერსონალიც ემოციებით სავსეა, ეს არ იმუშავებს.
კარლო ანჩელოტისთან 5-6 თვე ვიმუშავე და საუკეთესო რამ იყო, რაც შეიძლებოდა ჩემთვის მომხდარიყო, როგორც მწვრთნელისთვის. მისგან ძალიან ბევრი ვისწავლე. მან ბევრი მასწავლა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დახარჯო ენერგია იმაზე, რაც შეგიძლია შეცვალო და უკეთესი გახდე, მაგრამ იმაზე, რისი შეცვლაც არ შეგიძლია, ენერგიის თუნდაც 1%-იც არ უნდა დახარჯო. მისგან ვისწავლე ფეხბურთელებთან ურთიერთობაც, ეს ჩემთვის შესანიშნავი სასწავლო პროგრამა იყო. ოტმარ ჰიტცფელდი ანჩელოტისთან ახლოსაა თავისი პიროვნებით: ძალიან მშვიდია და ყოველთვის ცდილობდა პოზიტიური ყოფილიყო. ფელიქს მაგათი სულ სხვა იყო, ის უფრო დისციპლინის მოყვარული იყო“, - თქვა სანიოლმა.
გარდა ამისა, The Athletic-მა გამოაქვეყნა ვილი სანიოლის სამწვრთნელო შტაბის წევრის, დევიდ უების კომენტარიც, რომელმაც ასევე ისაუბრა ევრო 2024-ზე გასვლასთან დაკავშირებით.
„ვარჯიშებს ინგლისურ ენაზე ვატარებთ, რაც აშკარად გვეხმარება. ევრო 2024-ზე გასვლის შემდეგ წარმოუდგენელი რამ ხდებოდა, ბედნიერების ბევრი ცრემლი იყო. ისტორია დაიწერა და გასახდელიდან პირდაპირ ავტობუსში ავედით, სადაც ასევე იგრძნობოდა თუ რა მოხდა. თბილისში გამარჯვების აღლუმიც გაიმართა, ქალაქის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე მივედით, სადაც 30 000-ზე მეტი გულშემატკივარ გველოდა, დიდი ზეიმი იყო.
პორტუგალია ჯგუფში გამორჩეულია, ისეთი ფეხბურთელები ჰყავს, როგორებიც რონალდუ, რუბენ დიაში, ბრუნო ფერნანდეში, ბერნარდო სილვაა. ჩეხეთიც ნამდვილად სოლიდური გუნდია, საკვალიფიკაციო ეტაპი კარგად ჩაატარა, ასევე თურქეთიც ვინჩენცო მონტელას ხელმძღვანელობით, რომელსაც ფეხბურთში დიდი კარიერა ჰქონდა.
ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია კონკურენტუნარიანები ვიყოთ ყველა თამაშში და იმედია, ყველაფერს წარმოვაჩენთ. ამ ფორმატში არასოდეს იცი, რა შეიძლება მოხდეს“, - თქვა უებმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს, სადაც F ჯგუფში თურქეთს (18 ივნისი, დორტმუნდში), ჩეხეთს (22 ივნისი, ჰამბურგში) და პორტუგალიას (26 ივნისი, გელზენკირხენში) დაუპირისპირდება.