„გრანტის გამცემს ვალდებულება გააჩნია, პოლიტიკურად გააქტიურებულ არასამთავრობოს შეუჩეროს გრანტი და თანხაც უკან მიიღოს“

„გრანტის გამცემს ვალდებულება გააჩნია, პოლიტიკურად გააქტიურებულ არასამთავრობოს შეუჩეროს გრანტი და თანხაც უკან მიიღოს“

„უკვე მრცხვენია, როცა ვიძახი, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ვარ, ისეთი სამარცხვინო კასტა შექმნა დასავლეთმა თავისი დაფინანსებით. ჩვენგან მოითხოვენ არა ჰარმონიზაციას თავის კანონმდებლობასთან, არამედ სუვერენიტეტის დათმობას და თავიანთ პრიმატს ჩვენზე“,-აცხადებს „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე for.ge-სთან საუბრისას.

ქართული ოცნება ერთ მდინარეში ორჯერ შედის და ისტორია მეორდება. გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების პოზიციები ემთხვევა წინამორბედი ელჩების პოზიციებს, თითქოს ეს არ არის ამერიკული კანონი და რუსული კანონია. პარალელურად, 15 აპრილს ოპოზიცია და არასამთავრობოები საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. ხომ არ ფიქრობთ, რომ ვინაიდან სცენარი ერთი და იმავე დრამატურგის მიერ არის დაწერილი, მოვლენები შეიძლება ისე განვითარდეს, როგორც 7-9 მარტის მოვლენებისას, როცა რადიკალურად განწყობილი ჯგუფები დაირაზმნენ რუსთაველზე. საბოლოო გადასახედიდან რომ შევხედოთ, ფინალი როგორი იქნება და ღირდა თუ არა გამჭვირვალობის კანონის შემოტანა ხელისუფლების მხრიდან?

- ვფიქრობ, წინასაარჩევნოდ ამ კანონთან დაბრუნება ძალიან ნაჩქარევი ნაბიჯი იყო. ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა მიბრუნებოდნენ ამ კანონს, მაგრამ წინასაარჩევნოდ ამდენი საკითხის მოზღვავება არ შეიძლებოდა, მით უმეტეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე შედგა მოლაპარაკება ლგბტ კანონმდებლობასთან დაკავშირებით. ეს უნდა გაეთვალა ხელისუფლებას. კონკრეტულად ამ კანონს რაც შეეხება, ეს ნაჩქარევია იმ თვალსაზრისით, რომ ხალხი ბოლომდე ინფორმირებული არ არის, რა ხდება. არასამთავრობოები და ოპოზიცია გამუდმებით „რუსული-რუსულიო“ გაიძახიან, ხელისუფლება ამის საპასუხოდ აცხადებს, ეს არ არის რუსული კანონპროექტი და მითხარით, რა არის აქ რუსულიო, ამაზე პასუხი ოპოზიციას არ აქვს. მაშინ ხელისუფლებამ ნათლად უნდა აუხსნას საზოგადოებას, მე ვთარგმნე „ფარას“ დოკუმენტი და შემომაქვს წმინდა ინგლისური და ქართული ვარიანტები. ანუ ორივე ვარიანტი შემომაქვს ერთად, რომ შეადაროთ. ეს უფრო კარგი იქნებოდა ხელისუფლებისთვის და მაშინ ვერავინ იტყოდა, ეს რუსულიაო. რაც მთავარია, საზოგადოების ინფორმირება არ ხდება. საზოგადოება იძახის, ჩვენ შევდივართ ევროკავშირშირში, საბჭოთა კავშირი სხვა მოვლენა იყო, საბჭოთა კავშირში ძალით შეგვიყვანეს, ევროკავშირში კი ჩვენი ნებით, ჩვენი სურვილით შევდივართ და ჩვენვე ვთხოვთ ევროკავშირს, მიგვიღეო. ევროკავშირი გვეუბნება, ჩვენი მოთხოვნები უნდა გაატაროოთ ცხოვრებაში, თუ გინდათ, ჩემთან შემოხვიდეთო. ჩვენ ამაზე პასუხი ხომ უნდა გვქონდეს.

თქვენ რომ იყოთ ხელისუფლებაში, რა პასუხს გასცემდით ევროკავშირს?

- მე რომ ვიყო ხელისუფლებაში, ევროკავშირს ასეთ პასუხს გავცემდი, გასაგებია, საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, მე შენთან ნებით მოვდივარ და შენი წესები უნდა მქონდეს, მაგრამ 90-იანებში, როცა ევროკავშირის წევრობის სურვილი გამოვთქვი, მაშინ ევროსაბჭოს რეკომენდაციები ხომ მთლიანად გავითვალისწინე?! ჯერ სიკვდილით დასჯაზე მონიტორინგი გამოვაცხადე, სანამ კანონს მივიღებდი, მერე მთელი საკანონმდებლო ცვლილებები შევიტანე ევროკაშირის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კონსტიტუცია დავწერე ევროკავშირთან ერთად, რადგან ჩვენ ერთნაირი კანონმდებლობა უნდა გვქონდეს, მაგრამ დღეს ევროკავშირის რეაქცია რატომ არის არაადეკვატური? ერთი მხრივ, ეს კანონი მუშაობს ამერიკაში, მეორე მხრივ, მუშაობს ევროპის ქვეყნებში. სადაც არ მუშაობს, იმ ქვეყნებისთვის ევროპულმა კომისიამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო რეკომენდაცია და ევროპარლამენტს მიმართა, მიიღონ ეს კანონი ევროკავშირშირის წევრმა ქვეყნებმა, რათა არაწევრი ქვეყნებიდან შემოსული თანხებისგან დაცულნი ვიყოთო. ანუ ევროკავშირისთვის ეს მისაღებია და ჩვენთვის არა? ამიტომ არის ეს ჩვენთვის გაუგებარი და ამიტომ არ ვემორჩილებით ევროკავშირს, თორემ სხვა დანარჩენი კანონმდებლობები შესაბამისობაში მოვიყვანეთ და ანტიდისკრიმინაციული კანონიც მივიღეთ. ჩვენთან გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას რომ კრძალავენ, ამიტომ მიჩნდება ეჭვი, რომ ჩვენგან სხვა რამე უნდათ.

თქვენ ამბობთ, რომ საბჭოთა კავშირში ძალით შეგვიყვანეს და ეს ჩვენთვის თავსმოხვეული იყო, ხოლო ევროკავშირში ჩვენი ნებით შევედით, თუმცა საბოლოო შედეგი ერთი და იგივეა - ყველა ითხოვდა და ითხოვს ჩვენგან სუვერენიტეტის დათმობას და ეს ყველაზე მეტად გამჭვირვალობის შესახებ კანონმა გამოამჟღავნა.

- ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენგან მოითხოვენ არა ჰარმონიზაციას თავის კანონმდებლობასთან, არამედ-სუვერენიტეტის დათმობას და თავიანთ პრიმატს ჩვენზე. რასაც საბჭოთა კავშირმა ძალით და დაპყრობით მიაღწია, იმას ტკბილი სიტყვით და ფულით გვიკეთებენ. განა ჩვენ წინააღმდეგნი ვართ, მათი კანონებით ვიცხოვროთ? კი ბატონო, კანონმდებლობის ლიბერალიზაცია, სიკვდილით დასჯა არ უნდა იყოს, რაც შეიძლება, დაბალი სასჯელები უნდა იყოს, ციხეები არ უნდა გადაიტვირთოს, 100 ათას კაცზე არაუმეტეს 150 პატიმარი უნდა იყოს, ეს ყველაფერი ვიცით, მაგრამ ევროკავშირში გამჭვირვალობის შესახებ კანონი რომ მუშაობს, ჩვენთან რატომ არ მუშაობს?

მით უმეტეს, საუბარია მტრულ დაფინანსებაზე -კანვასის ტრენინგები, სირცხვილია, დროა, ფრანკლინის კლუბი, ლგბტ პროპაგანდა...

- დიახ, მით უმეტეს, გვაქვს პრეცედენტი, 2003 წელს ნჯო-ებმა გააკეთეს რევოლუცია - „თავისუფლების ინსტიტუტი“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ „გამჭვირვალობა“, „სამართლიანი არჩევნები“, „ალპე“, „დალპე“ და სხვა.

თქვენ ამბობთ, როცა გრანტის მიმღები თანხას პოლიტიკურ აქტივობაში ხარჯავს, გრანტის გამცემს მისი შეჩერების და თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება გააჩნია. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში, წესით, პოლიტიკურად ანგაჟირებული ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა გაკოტრდეს?

- ეს ასეა, გრანტის გამცემს ვალდებულება გააჩნია, პოლიტიკურად გააქტიურებულ არასამთავრობოს შეუჩეროს გრანტი და თანხაც უკან მიიღოს, ანუ ორივე ქმედება უნდა განახორციელოს, რადგან ოფიციალურადაა დადებული ხელშეკრულება საქართველოსა და გრანტის გამცემ ქვეყნებს შორის. გრანტის პირობებია, რომ არასამთავრობოები გათავისუფლებულები იყვნენ საშემოსავლოს დაბეგვრით და ა.შ... უკვე მრცხვენია, როცა ვიძახი, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ვარ, ისეთი სამარცხვინო კასტა შექმნა დასავლეთმა თავისი დაფინანსებით. დისიდენტი რომ ვიყავი, მაშინ ვეწეოდი ამ საქმიანობას, დღეს რისაც მრცხვენია.

ცალკეული არასამთავრობოები მზად არიან, თავიანთი დაფინანსება საჯარო გახადონ. ზუსტად ამაში ხომ არაა გამოსავალი, რომ მიბაძონ სხვა ნჯო-ებმაც და გაასაჯაროონ თავიანთი დაფინანსება?

- მზად რომ ხარ, გაასაჯაროვო საკუთარი დაფინანსება, ეს არაფერს ნიშნავს. უბრალო სიტყვაზე რატომ უნდა გენდო, კანონმა უნდა დაგავალდებულოს ეს და არა შენმა კეთილმა ნებამ. ათი ათას არასამთავრობო ორგანიზაციას ხომ არ გამოჰკითხავ, მზად ხარ დაფინანსების გასაჯაროებისთვის, თუ არა? ეს ნდობასა და ულვაშის მიცემაზე ხომ არ არის დამოკიდებული?

დაბოლოს, 7-9 მარტის მოვლენების განმეორების ალბათობა არსებობს?

- მე ვერ ვხედავ ამის განმეორების შანსს, მაგრამ მთავარია ხელისუფლების დანაშაული, გადახედეთ თეატრებს, რა ხდება კულტურაში, სავსეა „ნაცებით“, გადახედეთ სამედიცინო სფეროს, ჩემი ძმა ექიმია და ჩემგან განსხვავებულ პოლიტიკურ პოზიციაზე არ არის, ნერვები აქვს დაწყვეტილი. არც ექიმობა უნდა, არც არაფერი, სულ ჩხუბშია ეს ქირურგი ადამიანი. ასეთი გარემოა დღეს შექმნილი ხელოვნებაში, კულტურაში, მედიცინაში, რატომ აკეთებს ამას ხელისუფლება, პარლამენტი და მთავრობა რატომ გაავსეს „ნაცებით“ და ყოფილი „ნაცებით“, ეს ჩემთვის გაუგებარია. საზღვარგარეთ უბნების გახსნის არ იყოს, თუ საზღვარგარეთ გასული ხალხის ხმები ასეთი მნიშვნელოვანია, „ნაცები“ ხელისუფლებაში რომ იყვნენ ცხრა წლის განმავლობაში, მაშინ რატომ არ ითხოვდნენ ამას? ფაქტობრივად, ახლა შეუძლებელს ითხოვენ, ხალხი იქ არალეგალურად ცხოვრობს, როგორ გგონიათ, ვინც საზღვარგარეთ გასულია, ყველას ლეგალური საცხოვრებელი აქვს? ის ადამიანი უცხოეთში უბანზე რომ მივიდეს და მერე დეპორტი გაუკეთონ, ვინ აგებს ამაზე პასუხს? უცხოეთში საარჩევნო უბანზე შეიძლება მხოლოდ ის ემიგრანტი მივიდეს, ვინც დარეგისტრირებულია და ოფიციალურად იმყოფება საზღვარგარეთ. ასეთი ხალხი მინიმუმზე მინიმუმია, 90% არალეგალურად იმყოფება საზღვარგარეთ და რომელი უბნების გახსნაზეა საუბარი? ეს ხელისუფლება არც კი ეკითხება „ნაცებს“, რატომ არ გახსნეს თავად საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ ცხრა წლის განმავლობაში?! ამ ხელისუფლებას რატომ დაუტოვეს გასაკეთებლად, თუ ასეთი მნიშვნელოვანი იყო უვხოეთში უბნების გახსნა? „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სულ თავის მართლების რეჟიმში რატომ არის „ნაცების“ მიმართ?!

trampi დღეს 1989 წლის 9 აპრილზე მძიმე მდგომარეობა გვაქვს--- უფრო დიდი და უფრო ვერაგი მტერი გვყავს(ე.წ. კოლექტიური დასავლეთი)
პლიუს ფულზე გაყიდული დიდი რაოდენობის შინაური მტერი!!!!!!!!!!!!!!! მაშინ მარტო გარე მტერი გვყავდა (სსრკ),...... შინაური არა გვყავდა
მოკლედ ეხლა გაცილებით მძიმე მდგომარეობა გვაქვს, გაცილებით მძიმე
ისე ყოჩაღ მთავრობას....კობახიძე პაპუაშვილს ................თუ ესენი იყოჩაღებენ შეიძლება მართლა გავხდეთ დამოუკიდებელი ქვეყანა.....
1 კვირის უკან