მსოფლიოში ყველა ვალუტა უფასურდება, ოქროს რეზერვი ლარის სტაბილურობისთვის აუცილებელი გახდა

მსოფლიოში ყველა ვალუტა უფასურდება, ოქროს რეზერვი ლარის სტაბილურობისთვის აუცილებელი გახდა

პირველად ისტორიაში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვებს მონეტარული ოქრო დაამატა. სებ-ის საბჭოს 2024 წლის 1-ლი მარტის გადაწყვეტილების შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა 500 მლნ აშშ-ის დოლარის მოცულობის, 7 ტონა, უმაღლესი სინჯის (999.9) მონეტარული ოქრო - საერთაშორისო სტანდარტების ზოდების სახით ლონდონის ოქროს ზოდების ბაზარზე შეიძინა და ამჟამად ლონდონშივე ინახება. შეძენილი ოქროს მოცულობა დღევანდელი მდგომარეობით, სებ-ის საერთაშორისო რეზერვების დაახლოებით 11%-ს უტოლდება. აღნიშნული ოქრო საქართველოში სებ-ის საცავში განთავსდება.

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, ძირითადად, დადებითად შეფასდა, თუმცა გამოჩნდნენ მოწინააღმდეგენიც. მაგალითად, დეპუტატმა რომან გოცირიძემ ოქროს რეზრვებს „მკვდარი აქტივი“ უწოდა. მის მოსაზრებას ნაწილობრივ დაეთახმნენ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც. თუმცა, უმრავლესობის გარდა, სებ-ის გადაწყვეტილება მოიწონა ოპოზიციურად განწყობილი დეპუტატების ნაწილმაც. „გირჩის“ დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილი აცხადებს, რომ ოქრო ერთადერთი უსაფრთხო რეზერვია.

„იცით, რომ ეროვნული ბანკის მიმართ დიდი სიყყვარული არ მაქვს, მაგრამ რაც არ უნდა იყოს მოტივი, შინაარსობივად სწორი გადაწყვეტილებაა. ცენტრალური ბანკები მსოფლიოში უკვე დიდი ხანია ზრდიან ოქროს შესყიდვებს. წინა წელს 60-იანი წლებიდან მოყოლებული რეკორდზეც გავიდნენ, ლამის, ბოლო 80 წლის რეკორდი არის დამყარებული.

ქაღალდის ფული შინაარსობრივად ფული არ არის - ის ფული არის მარტო იმიტომ, რომ ვაიძულებთ ადამიანს ქაღალდის ფული გამოიყენოს. ოქრო და ქაღალდის ფული თუნდაც დოლარი იყოს, გვერდზე რომ დავდოთ, საბოლოო ჯამში, ყველა ოქროს აირჩევს. ცენტრალურმა ბანკებმა იციან, რომ ნამდვილი ფული ოქროა. იმხელა ემისია ხდება მსოფლიო მასშტაბით დოლარის, ევროს და, ზოგადად, ყველა ვალუტის, რომ გარდაუვალია ამ ვალუტების გაუფასურება. ამ ვითარებაში ერთადერთი უსაფრთხო რეზერვი არის ოქრო. ყველა ცენტრალური ბანკი ამას წლებია აკეთებს. ამიტომ სებ-ის მხრიდან ოქროს შესყიდვა სწორი გადაწყვეტილებაა და უკეთესია კიდევ ერთი 500 მილიონი მიახარჯონ და იყიდონ ოქრო“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებას ეთანხმებიან ეკონომისტებიც. „ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს“ პრეზიდენტის პაატა შეშელიძის შეფასებით, ქაღალდის ვალუტების მკვეთრი გაუფასურების ფონზე ლარის სიმყარის უზრუნველსაყოფად მოსაფიქრებელია ახალი ინსტრუმენტი და ეს ინსტრუმენტი არის ოქრო.

„ოქრო მნიშვნელოვანი აქტივია, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს ლარის სტაბილურობის მისაღწევად. მეტიც, მე ვამტკიცებ, რომ ლარი ოქროზე უნდა იყოს მიბმული და, საერთოდ, ბიუროკრატია და პოლიტიკა არ უნდა იყოს მონეტარული პოლიტიკის განმსაზღვრელი, ოქრო უნდა იყოს მონეტარული პოლიტიკის განმსაზღვრელი. მე მგონია, რომ ამაზე უკვე დაიწყეს ფიქრი, რადგან რამდენიმე გადაწყვეტილება უძღოდა წინ ამ შესყიდვას. რამდენიმე ხანია გაცვლითი კურსი მეტ-ნაკლებად სტაბილურია და ცდილობენ, რომ გაყიდონ და იყიდონ უცხოური ვალუტა, რომ გაცვლითი კურსი მეტ-ნაკლებად სტაბილური იყოს. მეორე - ამას წინათ იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ ეროვნულმა ბანკმა თვითონ დაიწყო ოქროს ზოდების გაყიდვა. ესეც მნიშვნელოვანი სიმპტომია“, - განაცხადა პაატა შეშელიძემ.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში ოქროს ფასი გაზრდილია, მაგრამ ოქროს ფასი გაიზარდა დოლართან მიმართებაში. თუ შევადარებთ ოქროს და ნავთობის ფასს და ოქროს და ხორბლის ფასს, აღმოვაჩენთ, რომ მათი პროპორციები არ არის მაინც და მაინც შეცვლილი.

„თუ დავაკვირდებით რა მოსდის ქაღალდის ვალუტებს, თუნდაც ამერიკულ დოლარს, ის წლიდან წლამდე უფასურდება. ოქრო გაძვირდა ამერიკულ დოლართან მიმართებაში. თუ შევადარებთ ოქროს და ნავთობის ფასს და ოქროს და ხორბლის ფასს, აღმოვაჩენთ, რომ მათი პროპორციები არ არის მაინც და მაინც შეცვლილი.

რაც უფასურდება ეს არის ქაღალდის ვალუტა, რომელიც იბეჭდება პოლიტიკური ამოცანების განსახორციელებლად. ამერიკული დოლარი მკვეთრად გაუფასურდა ბოლო დროს, ამას ლარი დაუმატეთ. წარმოიდგინეთ, რომ ამერიკულ დოლარზეა მიბმული და ისიც უფასურდება. ამიტომ არის მოსაფიქრებელი ახალი ინსტრუმენტი. ეს არის ოქრო, რომელიც არის მიბმული რეალურ წარმოებასთან და რეალურ ადამიანურ რესურსთან“, - აღნიშნა „კომერსანტის“ ეთერში შეშელიძემ.

„ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს“ პრეზიდენტი არასწორად მიიჩნევს იმას, რომ ადამიანის ანაზღაურება და ხელფასი მიბმულია ლარზე და ლარის მსყიდველობითი უნარის მანიპულაციის უფლება ეროვნულ ბანკს აქვს. მაშინ როცა „ოქროზე მიბმა ლარის სტაბილურობას გვაძლევს“.

„როგორ ეგუებით იმას, რომ თქვენ ნამუშევრის ანაზღაურება მიბმულია ლარზე და ლარის მსყიდველობითი უნარის მანიპულაციის უფლებას აძლევთ ეროვნულ ბანკს. მას შეუძლია მეტი გამოუშვას, ხან ნაკლები გამოუშვას, ხან გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი რეფინანსირებაზე, ხან შეამციროს და თქვენ არასდროს არ იცით, რა მოუვა თქვენს ლარს და არ იცით, როგორი მსყიდველობითი უნარი ექნება თქვენს დანაზოგს, თქვენს ხელფასს. ოქროზე მიბმა გვაძლევს ლარის სტაბილურობას.

მე თეორიულად ძალიან მომწონს, რომ ოქრო არის რეზერვშირადგან მიმაჩნია, რომ ბევრად უფრო მყარია, ვიდრე უცხოური ვალუტა, მაგრამ მერე რას გააკეთებენ, იქნება თუ არა ლიკვიდური, იქნება თუ არა ლარი მასზე მიბმული? იქნება თუ არა გადახედილი ის პოლიტიკა, რომელიც ამ მანიპულირების საშუალებას იძლევა? ამ კითხვებს არავინ სვამს“, - დასძინა შეშელიძემ.

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე რისკების დაზღვევისთვის რეზერვების დივერსიფიკაციაა საჭირო. აკადემიკოს ლადო პაპავას აზრით, საქართველოსაც მსგავსი ნაბიჯი სჭირდებოდა.

„დღეს, როდესაც მსოფლიოში გლობალურად არასტაბილური ვითარებაა, როდესაც რუსეთის ომი უკრაინაში ჯერ არ არის დასრულებული, ომი გრძელდება ღაზას სექტორში, ყველა ცდილობს დააზღვიოს თავის რისკები. ერთ-ერთი მიმართულება არის სავალუტო რეზერვების დივერსიფიკაცია. ამიტომ, ბოლო პერიოდში სულ უფრო პოპულარული ხდება ამ დივერსიფიკაციის კუთხით, რომ საერთაშორისო რეზერვებში გაჩნდეს მონეტარული ოქრო. ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები გადადგეს ისეთმა ქვეყნებმა როგორიც არის აშშ, გერმანია, იტალია, საფრანგეთი.

რეზერვებში ოქროს დამატება, დღეს ეს უკვე არის ტრენდული მოვლენა და, რა თქმა უნდა, საქართველოსაც ესაჭიროებოდა მსგავსი ნაბიჯის გადადგმა. მივესალმები საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეზერვებში ოქროს დამატება არ ყოფილა, პირველი ნაბიჯია და ვფიქრობ დროულია“, - აღნიშნა პაპავამ.

მისი შეფასებით, ბოლო პერიოდში დოლარზე მოთხოვნა მცირდება, რისკები იზრდება და ამ პირობებში დივერსიფიკაციის კუთხით მნიშვნელოვანი ხდება მონეტარული ოქრო.

მიშა დიდი ეკონომისტი მე არ ვარ, მაგრამ ოქრო არის კია დაზღვეული ფასის ვარდნისგან, როცა საყოველთაო კრიზისი დგება? არის მომენტები, როცა ყველაზე ძვირი, სწორედ ფულია. კრიზისის დროს, თუ ყველა ერთად გადაწყვეტს ოქროს გაყიდვას, მყიდველი ვინღა იქნება და რა დამემართება ოქროს ფასს?
შესაძლოა, არასწორი პარალელია, მაგრამ როცა ქვეყნის მოსახლეობას საჭმლის ფულის პრობლემა აქვს (იგივე 90-იანები) და რაღაც ეტაპზე, ოქროს გაყიდვა დაიწყო ხალხმა, მყიდველი ვინღა იყო?
ვაწვდი უფასო იდეას ეროვნულ ბანკს. :) . . . საერთაშორისო უძრავი ქონებებით მოახდინონ ლარის დარეზერვება. სწორი ინვესტირების შემთხვევაში, ოქროზე ბევრად პერსპექტიულია. :)) ჩავთვალოთ, რომ ესაა სავალუტო რეზერვების დივერსიფიკაცია. :)
8 თვის უკან