ფილმს, რომელსაც კლასიკური სამაგიდო თამაშის, მონოპოლიის, მიხედვით იღებენ, მაყურებელი მალე იხილავს. ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ ფილმის შექმნის პროცესში მარგო რობის პროდიუსერული კომპანია LuckyChap-იც ჩაერთო. ჯერჯერობით ფილმის სახელისა და სიუჟეტის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ის 10 წელზე მეტია, რაც დამუშავების პროცესშია.
შეგახსენებთ, რომ LuckyChap ბარბიზეც მუშაობდა, რომელიც 2023 წლის ყველაზე შემოსავლიან (1,4 მილიარდი) ფილმად დასახელდა. მარგო რობიმ კი ბოლოდროინდელ ინტერვიუში განაცხადა, რომ LuckyChap-თან ერთად კიდევ ბევრი ფილმის გადაღება სურს, რომლებიც ისეთივე ეფექტური იქნება, როგორიც დღეს ბარბია.
ფილმის გადაღებაში ასევე ჩართულები არიან კომპანიები Hasbro Entertainment და Lionsgate, რომელმაც 2023 წლის დეკემბერში სამაგიდო თამაშ მონოპოლიაზე საავტორო უფლებები მოიპოვა.
"როგორც მთელი მსოფლიოსთვის საკულტო თამაში, მონოპოლია სიუჟეტების თხრობის წარმოუდგენელ შესაძლებლობებს გვთავაზობს. ასევე, აღფრთოვანებულები ვართ იმ ფაქტით, რომ გვერდით გვყავს LuckyChap და Lionsgate, რათა პოპულარული კულტურის ეს ისტორიული თამაში დიდ ეკრანებზე გამოვიტანოთ", — ვკითხულობთ Hasbro Entertainment-ის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ მონოპოლია ბესტსელერი სამაგიდო თამაშია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. 1935 წლიდან დღემდე კი, თამაშის თითქმის ნახევარ მილიარდზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.