„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ „მონცასთან“ მატჩის (4:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, გუნდური სულისკვეთებით მოიგეს, მაგრამ პირველი ტაიმი მისი გუნდის შესრულებით არ მოეწონა.
„შეტევაში არჩევანი იქიდან გამომდინარე გაკეთდა, რომ მაღალი პოტენციალი გვაქვს, მათაც, ვინც თადარიგში დარჩა. არჩევანი კეთდება იმის მიხედვით, თუ რას ვხედავთ კვირის განმავლობაში ვარჯიშებზე. კვარა და ნგონგე ტრავმებიდან ახალი დაბრუნებული არიან და არ ვიცოდით, რამდენ ხანს შეეძლოთ თამაში, ამიტომ მათი გამოყენება თავიდანვე ვამჯობინე და არა მატჩის დროს. ვინც შეცვლაზე შევიდა, ყველა კარგად ჩაერთო თამაშში.
„ნაპოლიმ“ მაქსიმალური მიზნები უნდა დაისახოს, ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგის ზონა შორსაა და რთულია, მაგრამ სანამ მათემატიკური შანსი არსებობს, მაქსიმუმისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ვნახოთ, სეზონის ბოლოს სად ვიქნებით. ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც მეორე ტაიმში.
პირველ ტაიმში ნაკლები ინტენსივობით ვითამაშეთ, ბურთს ველოდებოდით და არ ვმოძრაობდით. შესვენებაზე ვისაუბრეთ და მეორე ნახევარში ინტენსივობა უფრო მაღალი იყო. თამაში გუნდური სულისკვეთებით მოვიგეთ“, - აღნიშნა კალცონამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 39 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი, 6-ჯერ საგოლე პასი მიითვალა და ორჯერაც პენალტი მოიპოვა. „ნაპოლიმ“ 48 ქულა დააგროვა და მეშვიდე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 14 აპრილს, „ფროზინონეს“ უმასპინძლებს.