თბილისი, 17 თებერვალს...

თბილისი, 17 თებერვალს...

დილის რვა საათია. წინა ღამით გავრცელებულ ათასგვარ ჭორებით შეშინებული მოქალაქენი უკვე ქუჩებში მიმოფენილან: იკრიბებიან ჯგუფ-ჯგუფად, ბჭობენ... ჩურჩულობენ.

ზოგი გაფითრებულა.

ეს ქართველია, ვერაგი მტრის მოახლოება გულს უკლავს!

ზოგს კი ღიმილი გადაჰკვრია სახეზე.

ესენი არიან თბილისის წურბელები. საიდან სად მოთრეული მუქთახორები, საქართველოს დაღუპვა რომ სანატრელად გაუხდიათ.

უმადურნი და უკეთურნი, ბრმანი, ყრუნი, შხამათ შეერგოთ მათ საქართველოს ტკბილი ლუკმა!

ქუჩებში მიმოჰქრიან ავტომობილები.

ყველა სადღაც მიეშურება. ბევრი გარბის კიდეც თბილისიდან. მიაქვთ ძვირფასი ავეჯეულობა, ნოხები, ბოღჩები, მიჰყავთ ცოლ-შვილი.

სად გარბიხართ, სად, ქართველი ხალხის ზურგზე გასუქებულნო! განა უნდა მიტოვება გაჭირვების დროს კეთილი და მოამაგე მასპინძელისა?

მაგრამ... დაე, წავიდეს და ნუღარ მობრუნებულა საქართველოს დამაწყევარი!

საქართველოს ჯერ არა სცალია ანგარიშის მოსათხოვათ. ამის დროც მოვა.

დღეს იგი აზვირთებულა. აბობოქრებულა ერთი კიდიდან მეორემდე. დღეს იგი გულში იხუტებს ყველა კუთხიდან ჩამოსულ მებრძოლ მოხალისეებს.

და მოხალისენიც მოდიან, გუნდ-გუნდათ, სიმღერით, აღტაცებით, იარაღის ჟღარუნით.

მოხუცი, ყრმა, ქალი და კაცი, მოხელე და მოწაფე, პროფესორი და სტუდენტი დამდგარან ეროვნულ დროშის ქვეშ და მოდიან დამფუძნებელ კრების სასახლესთან, რომ ხალხის რჩეულებს შეჰფიცონ ერთგულება და მერე გასწიონ სამშობლოს დასაცავად.

დიდებული სანახავი იყო ეს გუნდები: სტუდენტებისა, მოწაფეებისა, მოქალაქეებისა.

ვინ, ან რომელი მტერი გაუმკლავდება საქართველოს! ან ვინა სთქვა საქართველოზე: ეს არის ლომი კვდებაო!

შუადღისას დამფუძნებელ კრების სასახლის აივანზე გამოჩნდა ფრონტიდან ის ის არის დაბრუნებული, საომრად გამოწყობილი ვლასი მგელაძე - და მჭექარე ხმით მიესალმა შეკრებილ მოხალისეთ.

- მამულიშვილნო! ფრონტი უკვე შეიკრა და ამ ასი წლის წინად ირაკლი მეფის დროშასავით აფრიალებული დროშა დღევანდელი ქართველებისა შიშის ზარს დასცემს ძვირფას სამშობლოს მტრებსაო!

ხალხმა ერთხმად ვაშა დასძახა და ეს ყიჟინა ლახვრად მოხვდა გულში საქართველოს შინაურ მტრებს.

ნაშუადღევს კიდევ მოვიდა გამამხნევებელი ამბები და ქართველობა დამშვიდდა.

თავი ჩაღუნეს მხოლოდ მისმა ორგულებმა, დაე, გასკდნენ გულზე! საქართველო კვლავ გამარჯვებული დარჩება.

მაშ! დიდება სამშობლოს, გაუმარჯოს ქართველებს, გაუმარჯოს მის ლაშქარს.

მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას