გამჭვირვალობის კანონპროექტის ალტერნატიული პროექტის ავტორები მოითხოვენ, გამჭვირვალე იყოს მხოლოდ რუსეთიდან შემოსული ფული, ხოლო მაგალითად, ევროპიდან ან ამერიკიდან შემოსული ფინანსების ხარჯვა არ აინტერესებთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ეს დაინიცირებულია, როგორც ალტერნატიული კანონპროექტი და მისი არსი არის, რომ მხოლოდ რუსეთიდან შემოსული ფული იყოს გამჭვირვალე და სხვა დანარჩენმა ჩუმად ხარჯოს ჩვენთან ფული ჩვენდა დაუკითხავად. ჩვენ ვამბობთ, რომ გამჭვირვალე იყოს რუსეთიდან შემოსული ფულიც და სხვა ფულიც. ყველა ფული იყოს გამჭვირვალე. წარმოგიდგენიათ, რამდენად დაცლილი არიან სახელმწიფოებრიობის შეგრძნებისგან ოპოზიციის ეს წარმომადგენლები, რომლებიც ამბობენ, რომ როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, მათთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ და გამჭვირვალე იყოს რუსეთიდან შემოსული ფული, განსაკუთრებით, თუკი ის პოლიტიკაში იხარჯება. ამბობენ - ვიცოდე, საიდან შემოვიდა ის, ვისზე იხარჯება და რა საქმე ფინანსდება, მაგრამ არ გამაგონოთ, არ მაინტერესებს, ვთქვათ, ევროპიდან ან ამერიკიდან რა ფული შემოვა. ისინი ფაქტიურად ამბობენ, დაგვიმალეთ, არაფრით არ გვითხრათ, არ უთხრათ ჩვენ საზოგადოებას, რაში ხარჯავთ ფულის, გთხოვთ, უჩუმრად დახარჯეთ თქვენი ფული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.