საქართველოს ნაკრებისა და "კარლსრუეს" თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ გადაცემა "სპორტი იმედზე" ინტერვიუში ევრო 2024-ზე გასვლაზე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ეს გამარჯვება მთელ საქართველოს ეკუთვნის. ბუდუმ ასევე აღნიშნა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად არ წავლენ და იქაც ექნებათ ამბიცია, რომ ჯგუფიდან გავიდნენ.
„ეს გამარჯვება მთელი საქართველოსია. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ შევძელით ისტორიის დაწერა. პირველი ორი დღე ძალიან ემოციური იყო, შემდეგ ცოტა დავწყნარდი, მაგრამ გუნდში ისე კარგად დამხვდნენ, რომ თავიდან წამოიღო ის ყველა ემოცია, რაც განვიცადეთ. თამაშის შემდეგ, მოედანზე, გასახდელში, ავტობუსში, მთელ ქალაქში საოცრებები ხდებოდა. კადრებს რომ ვნახულობ, საოცარი შეგრძნებაა, რამდენჯერმე ცრემლიც წამომივიდა რომ ვუყურებდი მთელი საქართველოს ზეიმს. ყველანი ვამაყობთ, რადგან ქართული ფეხბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი გადავშალეთ, შევძელით ის, რაც მანამდე სხვა თაობებმა, შეიძლება ჩვენზე უკეთესმა თაობებმა ვერ შეძლეს. ეს ძალიან სასიხარულო და საამაყოა.
მადლობა ქართველ გულშემატკივარს, მათ გარეშე ასეთ რთულ თამაშში მოგება ძალიან გაგვიჭირდებოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მიუხედავად ბევრი მარცხისა, მაინც ყოველთვის სჯეროდათ ჩვენი და ჩვენც მათი რწმენა დავაბრუნეთ და ისინი გავახარეთ.
ცეკვა? როცა მივიხედ-მოვიხედე, სცენაზე მარტო ვიყავი. ვერ შევამჩნიე ჩემი თანაგუნდელები როდის წავიდნენ, ისეთ ემოციებში ვიყავი და ისეთი ბედნიერი, სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს, რას ვაკეთებდი, მერე ვნახე კადრები ვიდეოებში. რამდენჯერაც სცენიდან წასვლა დავაპირე, იმდენჯერ მისამღერი ჩაირთო და იმდენად ემოციებში ვიყავი, მისამღერზე უკან შემოვრბოდი და კარგი შოუ გავაკეთე (იღიმის - რედ).
ლუქსემბურგთან მატჩის დღეს ყველაზე ბედნიერი ვიყავი, მაგრამ შემდეგ საბერძნეთთან გამარჯვებამ ყველაფერი გადაფარა. ლუქსემბურგთან მე გამიმართლა, ორივე მომენტში იქ ვიყავი, სადაც უნდა ვყოფილიყავი და გავიტანე, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს ვინ გაიტანს გოლს, მთავარია, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავედით. ეს წარმატება ყველას დამსახურებაა, მათიც, ვინც განაცხადშიც ვერ მოხვდა, ვინც ერთი წამი მაინც ითამაშა ნაკრებში მთელი ამ წლების განმავლობაში. ერთიანობამ მოიტანა ეს შედეგი. ფინალის დღეს დარწმუნებული ვიყავით, რომ შეგვეძლო გამარჯვება და მართლაც ასე მოხდა. ყველა მზად ვიყავით გვებრძოლა და ბრძოლით შევძელით შედეგის მიღწევა.
„კარლსრუეს“ დახვედრა? სანამ გასახდელში შევიდოდი, მენეჯერი დამხვდა და მომცა გვირგვინი, ეს უნდა გაიკეთო, ისე ვერ შეგიშვებთო, ალბათ, ორი გოლის და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის გამო გამიკეთეს გვირგვინი. გუნდი ფანტასიკურად დამხვდა, მქონა წარმოდგენაში, რომ კარგად დამხვდებოდნენ, მაგრამ ასე კარგად თუ დამხვდებოდნენ, ვერ წარმომედგინა, ყველა ბედნიერი იყო და იზიარებდა ჩემს სიხარულს. მერაბ სეფაშვილის სიმღერაც იყო ჩართული. ძლივს შევიკავე თავი, რომ არ მეტირა, რადგან ისეთი ბედნიერი წუთები იყო, ტირილი არ მოუხდებოდა.
რთული ჯგუფია, პორტუგალია ძალიან ძლიერია, სუპერვარსკვლავები ჰყავთ. თურქეთი მონტელას ხელში ძალიან კარგად ასპარეზობს, ჩეხეთიც ძალიან გუნდური და ბრძოლისუნარიანი ნაკრებია. თუმცა, წნეხი, რაც გვქონდა, აღარ გვაქვს, რადგან გავედით ევროპის ჩემპიონატზე და იქ ძალიან თავისუფლად უნდა ვითამაშოთ, იმიტომ, რომ ჩვენგან ევროპის ჩემპიონობას არავინ ელოდება. რა თქმა უნდა, იქ მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად არ ჩავალთ, გვაქვს ამბიციები, გვყავს ძალიან კარგი ფეხბურთელები, არ მინდა, ვინმე გამომრჩეს და ჩემი აზრით, ერთიანობით და ბრძოლით გვაქვს შანსი, რომ ჯგუფიდან გავიდეთ. თუნდაც, ერთი მოგებაც დიდი ნაბიჯი იქნება ჯგუფიდან გასასვლელად", - თქვა ზივზივაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 25 მატჩი აქვს ჩატარებული და 7 გოლის გატანა მოახერხა. ევრო 2024-ზე საქართველო F ჯგუფში თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.