სტუდენტთა დემარში სამხატვრო აკადემიაში

სტუდენტთა დემარში სამხატვრო აკადემიაში

სამხატვრო აკადემიის ათამდე სტუდენტი უკვე მესამე თვეა აკადემიაში სწავლაზე პროტესტის ნიშნად უარს აცხადებს. ამის მიზეზად სტუდენტები აკადემიაში არსებული "ვიზუალური ხელოვნების სკოლის" გაუქმებას ასახელებენ.

"ვიზუალური ხელოვნების სახელოსნო" აკადემიაში მიმდინარე სასწავლო წლის დაწყებისთანავე დაიხურა. სახელოსნოს ხელმძვანელმა, მხატვარმა გიორგი კევლიშვილმა კონკურსი ვერ გაიარა და შესაბამისად, სასწავლო პროცესის მიღმა დარჩა.

გიორგი კევლიშვილი, მხატვარი: "პირველად რომ მივედი კონკურსის შედეგების გასაცნობად, მითხრეს, რომ რეზერვში ვიყავი. დეკანი, რექტორი და ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი შემდეგი ორი თვის განმავლობაში ამას მიმეორებდნენ.  სტუდენტებმა გაიგეს, რომ მათ ჩემი სახელოსნოს ხელახლა გახსნის მოთხოვნის ნაცვლად, უფლება ჰქონდათ მოეთხოვათ ჩემი აკადემიაში მოწვევა. ამ თხოვნით რომ მივიდნენ აკადემიის ადმინისტრაციაში, მერე გამოაცხადეს რომ რეზერვშიც არ ვარ.

"კონკურსის შედეგები არსად არ გამოქვეყნებულა, საიტზეც კი არ დევს. ახლა ამბობენ, რომ რეზერვში თავიდანაც არ იყავი და შეგვეშალაო".

თამუნა მაღრაძე,სამხატვრო აკადემიის სტუდენტი: "რადგან ადრე სტუდენტთა გარკვეულმა ჯგუფმა მოითხოვა, ამ მოთხოვნის საფუძველზე მოიწვიეს გიორგი კევლიშვილი, თუმცა, ოფიციალურად გააფორმეს როგორც "ფერწერისა და გრაფიკის სახელოსნო". ოფიციალურად კი ერქვა ეს სახელი, მაგრამ სინამდვილეში სტუდენტები სწავლობდნენ იმას, რაც მართლა სურდათ - ვიზუალურ ხელოვნებას."

სტუდენტების თქმით, სახელოსნოს აღდგენას ამჟამად რვა სტუდენტი ითხოვს, მაგრამ აღდგენის შემთხვევაში იქ სწავლის სურვილი გაცილებით ბევრს აქვს.

ანი არაბული, სტუდენტი: "პირველად დავწერეთ განცხადება და შევიტანეთ დეკანატში, მაგრამ გია ბუღაძემ უარით გამოგვისტუმრა, თან აბსოლუტურად გაუგებარი არგუმენტები დაგვისახელა. ჩვენ დღემდე ვერ გავიგეთ, რატომ არ შეიძლება გიორგი კევლიშვილმა გვასწავლოს. როცა გაიარა კონკურსი, გაურკვეველი მიზეზით ჩასვეს რეზერვში. რეზერვში ყოფნა კი რას ნიშნავს, ვერ ვხვდებით. ჩვენ თუ დაგვიმტკიცებენ, რომ ვცდებით და რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, ხმას არ ამოვიღებთ, მაგრამ საქმეც ისაა, რომ არავინ არაფერს გვიხსნის, გია ბუღაძე პრინციპულად არ გვხვდება".

როგორც სტუდენტები ამბობენ, გია ბუღაძემ მათთან პირად საუბარში თქვა, რომ მას პირადი, კონცეპტუალური შეუთანხმებლობა ჰქონდა გიორგი კევლიშვილთან. რომ გიორგი კევლიშვილი საფრთხეს უქმნიდა აკადემიის რეპუტაციას. დასტურად კი ჟურნალ "აბატში" გამოქვეყნებული გიორგი კევლიშვილის სტატია გაიხსენა.

გიორგი კევლიშვილი: "მე ვიცოდი ბევრი მიზეზი, რის გამოც აკადემიის ხელმძღვანელობას არ მოუნდებოდა ჩემთან თანამშრომლობა.  მე როცა რექტორის მრჩეველი ვიყავი, ვსაუბრობდი კორუფციაზე, არაპროფესიონალიზმსა და სტრუქტურის გაუმართაობაზე. ამ პრობლემების შესახებ წერილობით არაერთხელ მივმართე რექტორს. ერთადერთი შედეგი, რაც ჩემს აქტიურობას მოჰყვა, არის ის, რომ გამათავისუფლეს რექტორის მრჩევლის თანამდებობიდან, მერე კი აკადემიიდანაც გამომაგდეს".

როგორ კევლიშვილი ამბობს, ამჟამად მას აკადემიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. რამდენიმე დღის წინ კი ის აკადემიაში ყოფილმა სტუდენტებმა გამოფენაზე მიიწვიეს, მაგრამ დაცვამ შენობაში არ შეუშვა. მხატვარი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ყველაზე ნაკლებმნიშვნელოვანია, გაიხსნება თუ არა ვიზუალური ხელოვნების სახელოსნო. მისი თქმით, მთავარი პრობლემა აკადემიაში არსებული სწავლის მოძველებული და არაპრაქტიკული სისტემაა.

„აკადემიაში დღეს მხოლოდ ხელობას ასწავლიან და არა ხელოვნებას", - ამბობს ის.

სტუდენტებისა და კევლიშვილის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს სამხატვრო აკადემიის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი ნინო ღაღანიძე: "ჩვენთან ყველა ფაკულტეტზე კონკურსანტები შეირჩა შესაბამისი, აკადემიაში დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით.  კრიტერიუმებში, გარდა სტაჟისა და გამოცდილებისა, იყო კრეატიულობა, შემოქმედებითობა და ა.შ. გიორგი კევლიშვილთან ერთად შეიძლება აკადემიის გარეთ დარჩენილ ბევრ ადამიანს გაუჩნდეს მსგავსი პრეტენზიები. ამჯერად აკადემიაში ძალიან დიდი კონკურსი იყო."

ნინო ღაღანიძემ ჩვენთან საუბარში სტუდენტებისა და გიორგი კერვალიძის მიერ გამოთქმულ ყველა ბრალდებას უპასუხა: "გიორგი კევლიშვილი რეზერვში არც არასდროს ყოფილა. რაც შეეხება სტუდენტებს, მათ უფლება აქვთ აკადემიის შიგნით არსებულ ნებისმიერ პედაგოგთან მოითხოვონ სწავლა. სამაგიეროდ, მათ უფლება არა აქვთ იმ ადამიანის დანიშვნა მოითხოვონ ლექტორად, რომელსაც ამ ეტაპზე სამხატვრო აკადემიასთან არანაირი კავშირი არა აქვს. ეს არც ერთ სასწავლებელში არ ხდება."

როგორც ის ამბობს, სტუდენტების რექტორთან შეხვედრა ზოგადად დიდი პრობლემა არაა, მაგრამ ყველაფერს თავისი წესი აქვს.

"პირადად მე ბუღაძესთან რომ შევდივარ, წინასწარ ვუთანხმდები. ამ სტუდენტებს განსაკუთრებული პრობლემები ბუღაძესთან შესახვედრად არ შექმნიათ. საქმე ისაა, რომ ისინი ამის გაკეთებას დღეში ცხრაჯერ მოითხოვდნენ, რაც ფიზიკურად წარმოუდგენელია", - ამბობს აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.

მან ასევე აბსურდულად მიიჩნია გიორგი კერვალიშვილის ბრალდება აკადემიაში არშეშვებასთან დაკავშირებით: "გამოფენაზე კარი არის ღია, შემოსვლაც აბსოლუტურად თავისუფალია. ვინმე აკადემიაში არ შემოუშვან, ეს ხომ წარმოუდგენელია?"

ნინო ღაღანიძემ ასევე პასუხი გასცა ბრალდებას, რომ აკადემიის სასწავლო პროგრამა მოძველებული და თანამედროვეობასთან შეუსაბამოა: "აკადემია არის უმაღლესი სამხატვრო განათლებისთვის განკუთვნილი. ხაზს ვუსვამ, რომ აკადემიას არ ჰქვია თანამედროვე ხელოვნების აკადემია. ასეთი ტიპის აკადემიები უკვე არსებობს. ჩვენი აკადემია კი სულ სხვა ტიპისაა. სასწავლებლის კურიკულუმში არსებობს წლების მიხედვით გაწერილი პროგრამა. ამ პროგრამაში სწავლების ქვაკუთხედი არის კლასიკური სამხატვრო განათლება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აქ თანამედროვე ხელოვნებას არ ვასწავლით. უბრალოდ, სწავლის პირველ წლებში ვასწავლით კლასიკურ მხატვრობას, თავიდან ყველაზე მარტივით ვიწყებთ და ბოლოს გადავდივართ რთულ პროგრამაზე. ბუნებრივია, ამ პროგრამაში თანამედროვე ხელოვნებასაც თავისი ადგილი უჭირავს.

"ყველა კლასიკურ აკადემიაში კურიკულუმი ამ პრინციპითაა შედგენილი. თუ სტუდენტმა ჩვენთან ჯერ კლასიკური სამხატვრო განათლება არ მიიღო, მას პირდაპირ ვიზუალური და თუნდაც ულტრათანამედროვე ხელოვნების შემსწავლელ პროგრამაში ვერ ჩავსვამთ. აკადემია თითქმის ასი წელია არსებობს და დაარსების დღიდანვე ამ პრინციპს ეფუძნებოდა."

საუბრის დასასრულს ნინო ღაღანიძემ თქვა, რომ სტუდენტების პროტესტი ისევ სტუდენტებისთვის იქნება საზიანო. თუ ისინი არ დაესწრებიან ლექციებს და სწავლის ბოლოს ვერ დააგროვებენ 240 კრედიტს, დროზე ვერ მიიღებენ დიპლომს და მის მისაღებად კიდევ დამატებითი კურსის გავლა მოუწევთ. თავის მხრივ, ამ სტუდენტებს დიპლომი ნაკლებად აღელვებთ. ისინი ამბობენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, სწავლას საერთოდ არ გააგრძელებენ:

"ლექციაზე არდასწრება მათი პირადი პრობლემაა, რომელიც სამომავლოდ მათ პრობლემებს შეუქმნით. თუ სწავლის დამთავრებისას მათ არ ექნებათ აღებული 240 კრედიტი, მათ დიპლომის ასაღებად სწავლის გაგრძელება მოუწევთ. ეს არ არის დამსჯელი ღონისძიება. კანონი ითვალისწინებს ამას."