ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი სატელევიზიო სერიალი, გრეის ანატომია, 21-ე სეზონით გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ გრეის ანატომიის პირველი ეპიზოდის პრემიერა 2005 წელს შედგა, 2019 წელს კი სერიალმა ყველაზე ხანგრძლივი სამედიცინო დრამის ტიტულიც მოიპოვა. როგორც ჩანს, გრეის ანატომიის ფინალს მაყურებელი კიდევ დიდხანს ვერ იხილავს.
"გრეის ანატომიის ფანების ერთგულებამ და სიყვარულმა 21-ე სეზონამდე მოგვიყვანა, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ. მეგ მარინისის სიუჟეტი საჩუქარია, რომელიც შოუს სიცოცხლისუნარიანობას ახანგრძლივებს. მოუთმენლად ველი, რომ ვნახო, რას გვიმზადებს შემდეგი სეზონისთვის", — განაცხადა შოუს პროდიუსერმა, შონდა რაიმსმა.
გრეის ანატომიის მე-20 სეზონის მსგავსად, 21-ე სეზონის შემქმნელიც მეგ მარინისი იქნება. მარინისი გრეის ანატომიაზე მე-3 სეზონის შემდეგ მუშაობს, სხვადასხვა დროს იყო სცენარისტის თანაშემწე, სამედიცინო მკვლევარი და აღმასრულებელი პროდიუსერი. ასევე, იგი სერიალის 25-ზე მეტი ეპიზოდის სცენარის ავტორიც გახლავთ.
რაც შეეხება მსახიობებს, იმის მიუხედავად, რომ წინა სეზონებში ახალი პერსონაჟები გავიცანით, ეკრანებზე ელენ პომპეოც ხშირად ჩნდებოდა. მსახიობს 21-ე სეზონშიც ვიხილავთ და ამასთანავე, ელენ პომპეო სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერიცაა.
გრეის ანატომიის შემდეგ სეზონში ვიხილავთ ჩანდრა უილსონს, ჯეიმს პიკენსს, კევინ მაკკიდს, კატერინა სკორსონეს და სხვა მსახიობებს. გარდა ამისა, ძველი სეზონებიდან კარგად ნაცნობი პერსონაჟები ეპიზოდურ როლებში შეიძლება ვიხილოთ. ამ ეტაპზე კი გრეის ანატომიის მე-20 სეზონი გრძელდება.