მკვლევრებმა მონადირე-შემგროვებლების მიერ 9 000 წლის წინ შექმნილი კლდის ხელოვნების ნიმუში აღმოაჩინეს. აღმოჩენა დღევანდელი ბრაზილიის ტერიტორიაზე გაკეთდა და მას გაქვავებული დინოზავრების ნაშთების გვერდით მიაგნეს.
დინოზავრების კვალი დაახლოებით 145 მილიონი წლით თარიღდება. მკვლევრების აზრით, უძველესი ადამიანები ამ ადგილებს (დინოზავრების სამარხს) კლდეზე დასახატად სპეციალურად იყენებდნენ.
"ადამიანებმა, რომლებმაც ეს პეტროგლიფები შექმნეს, ამ ადგილის თავისებურების შესახებ კარგად იცოდნენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ ამის გამო ირჩევდნენ ისინი კონკრეტულ ლოკაციას", — განუცხადა Live Science-ს კვლევის მთავარმა ავტორმა ლეონარდო ტროიანომ.
არქეოლოგიური ადგილი Serrote do Letreiro დინოზავრების სამარხთან საკმაოდ ახლოსაა. თავის მხრივ, ეს სამარხი ასობით გაქვავებული დინოზავრის ნაკვალევითაა ცნობილი.
მკვლევრებმა ამ ადგილას დინოზავრების სამარხის შესახებ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან იციან, მაგრამ კლდეზე გამოსახული ნახატების შესახებ ბოლო დროს შეიტყვეს.
მკვლევრები ნამარხებს სწავლობდნენ, როდესაც საინტერესო დეტალები შენიშნეს.
პეტროგლიფები, ძირითადად ხაზებითა და სხვა გეომეტრიული შტრიხებით სავსე წრეების ჩუქურთმები, მიეკუთვნება ადამიანებს, რომლებიც ამ რეგიონში 9400-დან 2620 წლამდე ცხოვრობდნენ.
"ისინი იყვნენ მონადირე-შემგროვებელთა მცირე ჯგუფების წევრები. მათი იარაღები ქვებისგან იყო დამზადებული", — თქვა ტროიანომ.
მკვლევრების თქმით, უძველესმა ადამიანებმა ხელოვნების ეს ნიმუშები ორი ტექნიკის გამოყენებით შექმნეს: პერფორაცია და გახეხვა.
"პერფორაცია ქვის ჩაქუჩის გამოყენებას გულისხმობს, რათა უხეშ ზედაპირზე ზემოქმედება მოხდეს. მეორე მხრივ, გახეხვასაც ქვა სჭირდება, უხეშ ზედაპირზე სხვანაირად ზემოქმედების მოხდენა შეუძლებელი იქნებოდა", — თქვა ტროიანომ.
ფაქტია, უძველეს ადამიანებს ამის კეთება არ ეზარებოდათ და მათი ნამუშევარი დრომაც შემოინახა.