„ის პრობლემები, რაც სასამართლოშია, უმნიშვნელოდ მოგვეჩვენება, თუ კონტროლს ის არასამთავრობოები აიღებენ, რომლებიც პირდაპირ შეკვეთებს ასრულებენ“

„ის პრობლემები, რაც სასამართლოშია, უმნიშვნელოდ მოგვეჩვენება, თუ კონტროლს ის არასამთავრობოები აიღებენ, რომლებიც პირდაპირ შეკვეთებს ასრულებენ“

სასამართლო სისტემიდან მოსამართლეთა არაკეთილსინდისიერი გაძევებისგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის 46-ე ადგილზე, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-16 პოზიციაზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მე-2 ადგილზეა. საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 6, ევროკავშირის 15 და ნატოს წევრ 20 სახელმწიფოს, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეიტინგში ჩამორჩება როგორც აშშ-ი, ასევე კანადა, საფრანგეთი, იტალია, გერმანია, იაპონია, ავსტრალია და ა.შ. 2012 წელს საქართველო რეიტინგში 108-ე ადგილზე იყო და სარეიტინგო პოზიცია 11 წელიწადში 62 ადგილით აქვს გაუმჯობესებული.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა მაღალია და ის უსწრებს თვით აშშ-ს, საქართველოში სასამართლო ხელისუფლებაზე ორგანიზებული შეტევა დაიწყო. „მურუსიძის ჩახოხბილი ვჭამოთ?“, - ამ სახის სტენსილები გაჩნდა თბილისის ქუჩებში. როგორც ირკვევა, ამ კამპანიის ორგანიზატორი არიან ა-ო „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრის გიორგი მშვენიერაძე, ა-რ „საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და „ნაციონალური მოძრაობა“.

არსებული ინფორმაციით, სასამართლოს წინააღმდეგ მოქმედებისთვის ქართულმა ა/ო-ებმა შესაბამისი გრანტი უკვე მიიღეს და ამავე კამპანიის ნაწილია ბულინგი ყველა იმ მოსამართლის წინააღმდეგ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ე.წ. „ვეიტინგის“ სისტემის ამოქმედებას. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში მოსამართლეების თემატიკაზე საპროტესტო ხასიათის სტენსილების განთავსების უკან რადიკალური ჯგუფები დგანან. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ ეტაპზე, მოსამართლეების პატიოსნება ეჭვქვეშ არ დგას და ამაზე ის საერთაშორისო კვლევებიც მიუთითებს, რომლის თანახმადაც, საქართველოს სასამართლო სისტემა ერთ-ერთი მოწინავეა.

„სტენსილები, რა თქმა უნდა, რადიკალების მხრიდან განხორციელებული აქტია. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ჩვენ გვახსოვს, წლების განმავლობაში მსგავსი ბინძური კამპანიები. ვიცით, ყველაფერი საიდან და ვისგან ფინანსდებოდა. აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს, თუ ვინ იყო შემსრულებელი, ვისი დაკვეთით კეთდებოდა.

რაც შეეხება მოსამართლეების პატიოსნებას, არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული მთელი რიგი კვლევები. საქართველოს სასამართლო სისტემა ამ მიმართულებით ერთ-ერთი მოწინავეა. ყველაფერი შედარებითია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მაშინ, როდესაც დაწყებულია ცილისმწამებლური კამპანია, რათა მოსამართლეების „ვეტინგის“ სისტემით შემოწმების საფუძველი შეიქმნას, ამერიკის საელჩოს იუსტიციისა და მართლმსაჯულების მიმართულების კურატორმა, ე.წ. „ვეტინგის“ მომხრე სამი მოქმედი მოსამართლე - ეკა არეშიძე, მადონა მაისურაძე და თამარ ხაჟომია დაბადების დღის აღნიშვნის მოტივით, იტალიაში წაიყვანა. მოსამართლე ეკა არეშიძე ადასტურებს, რომ დაბადების დღის აღნიშვნის მოტივით იტალიაში იმყოფება, მაგრამ უარყოფს ამ ვიზიტთან ამერიკის საელჩოს კავშირს და მის პოზიციას „ვეტინგის“ სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით.

„არ ვთვლი, რომ ვინმეს ანგარიში უნდა ჩავაბარო, სად და ვისთან ერთად დავისვენებ თუ ვიცხოვრებ. რაც შეეხება ვეტინგს, ამაზე პოზიცია საჯაროდ დავაფიქსირე, დავაზუსტებ რომ ვეტინგს არ ვეწინააღმდეგები, თუ ამის საჭიროებაა. ალიბი არ გვჭირდება. სხვათა შორის, ჩემი ამ გეგმის შესახებ, ჩემმა სხვა ბევრმა კოლეგამაც იცოდა, ასევე ისიც თუ ვისთან ვმეგობრობ წლებია, არ არის საიდუმლო.

სასწავლო ვიზიტები სხვაგვარად იგეგმება და ფინანსდება, სადაც მხოლოდ მე და ჩემი მეგობრები არ დავდივართ. ეს კამპანია იმ მოსამართლეთა დისკრედიტაციას ემსახურება ვისაც განსხვავებული პოზიცია აქვს, თუმცა არ არის პრობლემა, ყოველთვის მქონდა და მექნება ჩემი აზრი და პოზიცია“, - წერს ეკა არეშიძე.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა შეახსენა იტალიაში მყოფ მოსამართლეებს, რომ ისინი ქართული სასამართლოს მოსამართლეები არიან და თუ მათ არ უნდათ საქართველოს სასამართლოში მუშაობა, კეთილი ინებონ და დატოვონ სასამართლო.

„იმუშაონ სხვა ქვეყნების სასამართლოებსა თუ ორგანიზაციებში. დამთავრდა ის დრო, როცა სასამართლო იმართებოდა ისე, როგორც იმართებოდა. ასევე, არ დადგება ის დრო, როცა სასამართლოს მომართავენ გარე ძალები. ესეც, რა თქმა უნდა, დაუშვებელია და მით უმეტეს ვიღაც აგენტების ხელით, არ მოვერიდები ამის თქმას. დღეს ყველამ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს მოსამართლეებს. მათი აბსოლუტური უმრავლესობა არიან პატრიოტები, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ჩვენი ხალხის ინტერესებს. გადახედეთ რეიტინგებს, ყველა რეიტინგების მიხედვით, ყველა გამოკითხვის მიხედვით, ჩვენი სასამართლო არის ერთ-ერთი მოწინავე მთელს ევროპაში. ვუსწრებთ ყველა კანდიდატ ქვეყანას და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და მათ შორის ვართ პირველ ადგილზე კანონის უზენაესობის მიხედვით. ეს კამპანია ვეტინგთან დაკავშირებით არის შეურაცხმყოფელი კამპანია. თუ ჩვენ გვაქვს თავმოყვარეობა და პრეტენზია, რომ ვართ თავმოყვარე ერი, ჩვენ არ უნდა დავუშვათ და ამას არ დაუშვებს ჩვენი ხელისუფლება, რომ ვიღაცამ შეამოწმოს ჩვენი პატრიოტი მოსამართლეების ე.წ. კეთილსინდისიერება. ჯერ მათი კეთილსინდისიერება გამოვიკვლიოთ კარგად, გავარკვიოთ, ვინ არიან ეს ადამიანები და როგორ ბედავენ, საერთოდ, ვიღაცის კეთილსინდისიერებაზე საუბარს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, აამუშავეს სასამართლოზე და საზოგადოებაზე  დაბულინგების ფსიქოლოგიური ზეწოლის მექანიზმები.

„იმის გამო, რომ ამ ყველაფერს საფუძველი საერთოდ არ გააჩნია და კრიტიკას ვერ უძლებს, ამიტომ ჩვეულებრივი დაბულინგების და სასამართლოზე და საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მექანიზმები აამუშავეს და დაიწყეს ქალაქში ამ წარწერების გაკეთება, რომ მოსახლეობაში რაღაცნაირად შექმნან ის განწყობა, რომ თითქოს, ისეთი მდგომარეობაა საქართველოს სასამართლოებში, რომ ხალხი გამოდის და ქუჩაში წერს რაღაცებს.

ამას ორგანიზება უწევს, რა თქმა უნდა, გარკვეული უცხოური დაფინანსების მქონე რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაცია. თუ რომელია ეს, საკმაოდ რთული მისაგნებია, მაგრამ ბოლოს გამოჩნდება, იმიტომ, რომ საქართველოში ყველა და ყველაფერი გამჭვირვალეა, გარდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი ქადაგიშვილმა.

პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე დარწმუნებულია, რომ პროცესი გარე ძალებისგან არის მართული და თვლის, რომ ეკა გიგაური არის რეციდვისტი, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.

„ეროვნული ინტერესი არის ის, რომ სასამართლოს ვაკონტროლებდეთ ჩვენ და ამ შემთხვევაში - ქართველი ხალხი, ამის მექანიზმი არსებობს და ამის რეფორმირებას ვახდენდეთ ჩვენ, ჩვენივე მოთხოვნების საფუძველზე. თუმცა, ეს ხშირად ასე არ არის და ისე არ არის, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ ეს პრობლემები, რაც არის სასამართლოში, უმნიშვნელოდ მოგვეჩვენება იმ შემთხვევაში, თუ სრულ კონტროლს აიღებენ ისეთი ა/ო-ები, რომლებიც პირდაპირ შეკვეთებს ასრულებენ, ესენი არიან აგენტურა.

რა მექანიზმია ეს ე.წ. ვეტინგი - არასამთავროების რეკომენდაციით საელჩოები შეარჩევენ მოსამართლეებს და რა პარამეტრებით შეარჩევენ ხომ ვიცით. ვინც ამბობს, რომ თუ უცხოელები დაგინიშნავენ მოსამართლეებს, ეს კარგია, ისინი, უბრალოდ, არ უნდა იყვნენ საზოგადოებრივ სივრცეში. ისეთი ადამიანი, როგორიც ეკა გიგაურია, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ, რეციდივისტია, ისევე როგორც ლგბტ-ს ცნობილი პროპაგანდისტი გიორგი მშვენიერაძე. ესენი ყველა ლგბტ პროპაგანდისტები არიან და ვულოცავ მათ ტრანსგენდერების ხილვადობის დღეს. ესენი სულიერი ტრანსგენდერები არიან და მათი ხილვადობა კიდევ უფრო ნათელი გახდა დღეს“, - აცხადებს მანჯავიძე.

პოლიტოლოგი for.ge-სთან საუბრისას იხსენებს ფაქტს, როდესაც 2011 წელს ეკა გიგაურის ორგანიზაციის სახელით ვინმე მატიას ჰუტერმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომლითაც მოითხოვდა იმ ნორმის გაუქმებას, რომელიც ზღუდავდა საქართველოში უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვის უფლებას.

„მაშინდელმა სასამართლომ გააუქმა ის ნორმა ამათი მოთხოვნით. მომენტალურად დაიწყო უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვა. როდესაც შეიცვალა ხელისუფლება და ახალი კონსტიტუციის მიღებამდე მორატორიუმი შემოიღო, მაშინვე შეიტანა სარჩელი გიგაურის ორგანიზაციამ და მორატორიუმის არაკონსტიტუციურობას ითხოვდა და საკონსტიტუციო სასამართლომ კვლავ გააუქმა მორატორიუმი და მაშინ მივიღეთ ჩვენ ის, რომ მომენტალურად გაიყიდა მუქთად სასოფლო-სამეურენო მიწის ნაკვეთები. ვის შეკვეთებს ასრულებლდა ქალბატონი გიგაური, ამით დიდი ხნის წინ უნდა დაინტერესებულიყვნენ სამართალდამცავი ორგანოები. დრო დადგება და ესენი უნდა გასამართლდნენ სამშობლოს ღალატისთვის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.