დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი

დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი

სიდნი სვინიმ ცოტა ხნის წინ დედის იპოთეკა დაფარა. მსახიობს ინტერვიუებში უთქვამს, რომ წარმატებას მშობლებს უმადლის, რადგან მათ შვილის ნიჭის ყოველთვის სჯეროდათ.

"სულ ვოცნებობდი, რომ ჩემს მშობლებზე ზრუნვა შემძლებოდა. მათ ჩემი ოცნებისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთეს და ბევრ დათმობაზე წასვლაც მოუწიათ. მინდა, დედ-მამას ვაჩვენო, რომ ეს ყველაფერი ამ წარმატებად ღირდა.

ახლახანს დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მიხარია, რომ ამის გაკეთება შევძელი. დედაჩემს ფაქტობრივად არაფერი ჰქონდა. სკოლა 16 წლისამ დაამთავრა, უნივერსიტეტის თანხის გადასახდელად 5 სამსახურში მუშაობდა, პარალელურად კი თავისი ძმების მოვლა უწევდა. დაუჯერებელია, რომ ახლა შემიძლია, ჰოლივუდის სამყარო ვაჩვენო", — აღნიშნავს სიდნი.

სიდნის თქმით, გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ცდილობს, ოჯახთან ერთად რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს. ეიფორიას მსახიობი ვაშინგტონის შტატის ქალაქ სპოკანედანაა და თავისუფალ დროს მშობლიურ ქალაქში ხშირად ბრუნდება.

"ლოს-ანჯელესში ცხოვრება სპოკანესგან ძალიან განსხვავდება, მათ შორის, ხარჯითაც, რაც ფინანსურად დიდი გამოწვევაა. ვცდილობ, ჩემი ოჯახის წევრები ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი იყვნენ, მაგალითად, ბიძაშვილებს რამდენიმე დღეში ერთხელ მაინც ვურეკავ და სახლშიც ხშირად ჩავდივარ", — ამატებს მსახიობი.

სვინი იმასაც ჰყვება, რომ მისი მშობლები რამდენიმე წლის წინ განქორწინდნენ, რის გამოც მსახიობი თავს დამნაშავედ გრძნობს და თვლის, რომ დედ-მამამ მისი კარიერისთვის უამრავი რამ დათმო, მათ შორის, თავიანთი ურთიერთობაც.

"არასოდეს მეცოდინება, რეალურად ჩემი ბრალი იყო თუ არა, რომ დაშორდნენ. როგორც უფროსი შვილი, ამაზე პასუხისმგებლობას ვგრძნობ. მართალია, მშობლები მეუბნებიან, რომ ჩემი ბრალი არაა, მაგრამ ზოგჯერ მათი ჩხუბის მიზეზი მე ვარ, ამიტომ ამ ფაქტს მაინც საკუთარ თავს ვაბრალებ", — ამბობს სიდნი.

ვარსკვლავის ერთ-ერთი ადრეული მნიშვნელოვანი ნაბიჯი ცნობილ სერიალ მხევლის წიგნში გამოჩენა იყო, თუმცა ფართო საზოგადოებამ ის ეიფორიით გაიცნო. შემდეგ სიდნიმ თეთრ ლოტუსში შესრულებული როლითაც დაგვამახსოვრა თავი. მსახიობი ცოტა ხნის წინ მარველის სამყაროშიც გამოჩნდა და Madam Web-ში სპაიდერვუმენი განასახიერა.

ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმის, Anyone but You-ს მთავარი გმირიც სწორედ სიდნია. ასევე, ახლახანს სვინის მონაწილეობით საშინელებათა ფილმი Immaculate გამოვიდა, რომელშიც ის ორსული მონაზვნის როლს ირგებს.