როგორც ჩანს, კრისტენ სტიუარტს ბინდზე ლაპარაკი არ ბეზრდება. მსახიობი, რომელსაც ბინდის საგაში შესრულებული ბელა სუონის როლით ვიცნობთ, ბელასა და ედვარდის ურთიერთობაზე საუბრობს. სტიუარტს ცოტა ხნის წინ ჰკითხეს, რამდენად მოსწონს ბელას პერსონაჟი. მისი თქმით, ბელა ძალიან უყვარს, თუმცა ედვარდზე იმავეს ვერ იტყოდა.
"ედვარდი ბელას გადაწყვეტილებების გაკონტროლებას ცდილობდა. ბელას ადგილას რომ ვყოფილიყავი, მაშინვე დავშორდებოდი. მისთვის რომ მეთქვა, ამის ცდა მინდა-მეთქი და ეპასუხა, ეს მარტო მე მეხებაო, ვეტყოდი, ჩემი ცხოვრებაც მარტო მე მეხება და თან შენ გარეშე-მეთქი. მეც მაქვს ხოლმე დამცველობითი ინსტინქტი, მაგრამ ადამიანს არჩევანის თავისუფლება არ უნდა შეუზღუდო", — აღნიშნავს მსახიობი.
ბინდის საგის ფილმებმა, სადაც მთავარი როლები რობერტ პატინსონმა, კრისტენ სტიუარტმა და ტეილორ ლოტნერმა შეასრულეს, მსოფლიოში ჯამურად $3,4 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა. სერიის ბოლო ნაწილის პრემიერა 2012 წელს შედგა, თუმცა, საგა პოპულარობას ახალ თაობაშიც ინარჩუნებს.
მეიერმა ბინდის საგის პირველი რომანი 2005 წელს გამოსცა. წიგნები 37 ენაზე ითარგმნა და მსოფლიოში 100 მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა, რამაც მწერალს $125-მილიონიანი შემოსავალი და თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ავტორის სახელი მოუტანა.