როგორც ჩანს, წელს ემა სტოუნი შესვენებას არ აპირებს. ოსკარის დაჯილდოებიდან სულ ცოტა ხანია გასული, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ემა რეჟისორ იორგოს ლანთიმოსის ახალ ფილმ Kinds of Kindness-ში ითამაშებს. ფილმის ტრეილერი ახლახანს გავრცელდა.
ეს ლანთიმოსის კიდევ ერთი ფილმია, რომელშიც ემა სტოუნი მიიღებს მონაწილეობას. მანამდე მსახიობი ოსკაროსან ფილმ Poor Things-ში, 2018 წელს კი The Favourite-ის მთავარ როლშიც ვნახეთ. Poor Things-ში შესრულებული მთავარი როლისთვის ემამ საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო მოიპოვა.
ფილმში ემა სტოუნთან ერთად, ჩამოთვლილი ორი ფილმის სხვა მსახიობებსაც ვნახავთ, მათ შორის, მარგარეტ ქუალის, ჯო ელვინსა და უილემ დეფოს. მათ ჯესი პლემონსი და ჰანტერ შაფერიც შეუერთდებათ.
ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით, როგორ განვითარდება ფილმის სიუჟეტი, თუმცა ცნობილია, რომ Kinds of Kindness-ს რამდენიმე ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მთავარი გმირი ეყოლება, მაგალითად, კაცი, რომლის ცოლიც დიდი ხნის განმავლობაში დაკარგული იყო და უკან დაბრუნდება; ან სულაც ქალი, რომელიც სულიერ ლიდერს ეძებს.
ფილმის პრემიერა 21 ივნისს შედგება.