იმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი

იმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი

ენ ჰეთეუეიმ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში თავის მძიმე გამოცდილებაზე ისაუბრა. მსახიობი ჰყვება, რომ 2015 წელს მუცელი მოეშალა. ენის თქმით, იმ პერიოდში სპექტაკლში ორსული ქალის როლს ასრულებდა და მშობიარობის სცენის გათამაშება ყოველდღიურად უწევდა, რაც მისთვის ძალიან რთული იყო.

ჰეთეუეი იმასაც იხსენებს, რომ მართალია, სცენაზე ტკივილის დამალვას ახერხებდა, თუმცა კულისებს მიღმა ცუდად ყოფნაზე მეგობრებთან საუბრობდა.

"ძალიან რთული იყო, მუდამ ისე მოვქცეულიყავი, როგორც სცენაზე — მეთამაშა, თითქოს, ყველაფერი კარგად იყო და ფიქრები საკუთარ თავში ჩამეკლა. როცა ცოტათი უკეთ გავხდი, გადავწყვიტე, სხვა ქალებისთვის მეჩვენებინა, რომ მათი მესმის და მათ ადგილას მეც ვყოფილვარ. ძნელია, როცა რაღაც ძალიან გინდა და არ გამოდის, რის გამოც საკუთარ თავს ადანაშაულებ", — ამბობს მსახიობი.

41 წლის ენის ამჟამად 2 შვილი ჰყავს. ის იმ პერიოდზეც საუბრობს, როდესაც მეორე შვილს ელოდებოდა და ამ სიახლის სოციალურ ქსელში გაზიარებისას აღნიშნა, რომ უნაყოფობასთან და ჩასახვასთან დაკავშირებულ პრობლემებთან ბრძოლა მასაც უწევდა.

ენი ხსნის, რომ არ სურდა, სირცხვილი ეგრძნო იმ გამოცდილების გამო, რომელიც საკმაოდ ხშირი აღმოჩნდა — ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ფეხმძიმობათა დაახლოებით 10-დან 20%-მდე შეწყვეტილი ორსულობით მთავრდება, რაც ჰეთეუეიმ წარსულში არ იცოდა.

ენი ამატებს იმასაც, რომ მისთვის თავისი მეგობრების მსგავსი გამოცდილებების მოსმენა შოკისმომგვრელი იყო.

„რატომ ვგრძნობთ თავს ერთმანეთისგან ასე იზოლირებულად? სწორედ ეს გვაზიანებს. ამ თემაზე ლაპარაკი ზუსტად ამის გამო გადავწყვიტე. რამაც გული ერთდროულად დამწყვიტა და თან სიხარულით ამივსო, ის ფაქტია, რომ მას შემდეგ, რაც ჩემი ისტორიის გაზიარება დავიწყე, ყოველდღიურად სხვადასხვა ქალი მომმართავდა და თავის ამბავს მიყვებოდა. მე მათი ხელი მეჭირა ხოლმე და ვეხმარებოდი, რომ ტკივილი მარტოებს აღარ ეზიდათ", — აღნიშნავს მსახიობი.