ბიზნესის ნაწილი 48-საათიანი სამუშაო კვირის დაბრუნებას ითხოვს

ბიზნესის ნაწილი 48-საათიანი სამუშაო კვირის დაბრუნებას ითხოვს

ბიზნესის ზოგიერთი დარგის წარმომადგენლები პირდაპირ ითხოვენ, რომ 40-საათიანი სამუშაო კვირა გახანგრძლივდეს და ისევ ძველ 48-საათიან ნიშნულს დაუბრუნდეს. ამის მიზეზი ისევ და ისევ კადრების დეფიციტი და საწარმოო ხარჯების გზრდაა.

2023 წლის იანვრიდან, მთავრობამ შეამცირა სპეციფიკური სამუშაოების ჩამონათვალი, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ დარგებში დასაქმებულებმა, კვირაში 40-ზე მეტი საათის მუშაობის შემთხვევაში, ყოველ გადაცილებულ საათზე უნდა მიიღონ ზეგანაკვეთური ანაზღაურება.

დადგენილებით, საერთო ჯამში, 15 დარგია ამოღებული სიიდან. მაგალითად, ეს შეეხო სამკერვალოებს, რესტორნებში დასაქმებულ პერსონალს, სასტუმროებს, სუპერმარკეტების კონსულტანტებს და ა.შ. ახლა კი ბიზნესის ნაწილი 48-საათიანი სამუშაო კვირის დაბრუნებას ითხოვს, რადგან ზოგიერთი დარგი სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ერთ-ერთმა პირველმა ამის თაობაზე ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, როცა ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება, ეს გადაწყვეტილება ბიზნესის დასახმარებლად მთავრობამ უნდა მიიღოს.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში ბიზნესი ასახელებს ორ მთავარ პრობლემას, ეს არის სამუშაო ძალის დეფიციტი და კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტი. ამიტომ, მაშინ, როცა ჩვენ ზოგ სექტორში 20-22%-იანი კადრების ქრონიკული დეფიციტი გვაქვს და როცა ქვეყანა ახლა დგება ფეხზე, ეკონომიკა ახლა ვითარდება და მას განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება, ის დარგები რომელსაც სამუშაო საათების შემცირების გამო პრობლემები შეექმნათ, სახელმწიფომ უნდა იფიქროს, რომ ამ გადაწყვეტილებას გადახედოს და ვფიქრობ, რომ ეს ასე მოხდება. იმიტომ, რომ ძალიან მყარი და ძლიერი არგუმენტებია იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს.

მთელი წლების განმავლობაში არსებობდა ჩამონათვალი იმ დარგების, რომლებიც განიცდიან სამუშაო ძალის დეფიციტს. ყველაზე მეტად უჭირს ჰორეკა ინდუსტრიას, საცალო ინდუსტრიას და სამშენებლო სექტორს. ამ სექტორებში თუნდაც რამდენიმე წლით უნდა დაბრუნდეს 48-საათიანი სამუშაო კვირა. ეს არის აბსოლუტურად სამართლიანი და ობიექტური ბიზნესის პრიზმიდან“, - განაცხადა ფხაკაძემ.

განახლებულმა პირობებმა პრობლემები მართლაც შექმნა. კომპანია „რადარის“ დამფუძნებელი მაია მახათაძე ადასტურებს, რომ ისედაც მწვავე მუშახელის დეფიციტის პირობებში ბიზნესს წესებზე მორგება უჭირს.

„ასევე, დღეს კადრები არასტაბილურობით გამოირჩევიან, რადგან მუდმივად არიან უკეთესი სამსახურის ძიებაში. ეს რაღაც კუთხით გვესმის, მაგრამ იწვევს არასტაბილურობას სამუშაო ადგილებზე. გვჭირდება გადაწყვეტილების გადახედვა, კადრების მოძიება კი ისედაც პრობლემა იყო. ამ შემთხვევაში პრობლემა გაორმაგდა.

დამატებული თანამშრომელი, ბუნებრივია, ბიზნესში გვაძლევს ხარჯის ნამატ რაოდენობას. თუ კი ეს არ არის პირდაპირ პროპორციული შემოსავლის და ასეთივე ტემპით არ იზრდება შემოსავალი ბიზნესისთვის, ეს წამგებიანობის ერთ-ერთი მასტიმულირებელი ფაქტორია. ვფიქრობ, არ გვაწყენდა ამ საკითხის დამატებით გადახედვა“, - განაცხადა „ბიზნეს მედიასთან“ მაია მახათაძემ.

აღმოჩნდა, რომ მხოლოდ მომსახურების სფეროთი არ შემოიფარგლება პრობლემების არეალი. რთული ვითარებაა სამშენებლო ბიზნესშიც. კომპანია „არქის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ რეგულაციამ ბიზნესს ხარჯი მნიშვნელოვნად გაუზარდა, რაც საბოლოო პროდუქტს აძვირებს.

„სამშენებლო კომპანიებისგან არაერთხელ გვსმენია, რომ თუ დასაქმებულებმა 40 საათი უნდა იმუშაონ კვირაში, ეს ართულებს პროცესს, რადგან ხშირად დღის განმავლობაში 8 საათი არ არის საკმარისი, იმისთვის, რომ დაასრულონ ის პროცესები, რაც იმ დღისთვის ან კვირის ჭრილში არის განკუთვნილი. აქედან გამომდინარე, სამშენებლო კომპანიების ინიციატივით წამოწეული იყო ეს საკითხი და იმედი გვაქვს, მათი ინტერესი გათვალისწინებული იქნება.

რა თქმა უნდა, შემცირებული სამუშაო საათების გრაფიკის შემთხვევაში საჭირო გახდება ახალი კადრების მოზიდვა, ეს კი თავისთავად გააძვირებს ინფრასტრუქტურულ პროექტს და გარკვეულ შეფერხებას წარმოქმნის“, - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა.