"თუ გადავიღებ, მეორე ნაწილზე უკეთესი იქნება" — დენი ვილნევი დიუნი 3-ზე

ჯერ ერთი თვეც არაა გასული, რაც დიუნის მეორე ნაწილი ეკრანებზე გამოვიდა, მაგრამ ფილმის შემოსავალმა უკვე ნახევარ მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ფრენკ ჰერბერტის ცნობილი საი-ფაი რომანის ეკრანიზაციის გაგრძელებას ფანებისა და კინოკრიტიკოსების დადებითი შეფასებაც მოჰყვა. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ბევრს უჩნდება კითხვები დიუნი 3-ზე.

ფილმის რეჟისორს კი ჩვენთვის დამაიმედებელი პასუხი აქვს: დიუნის მესამე ნაწილს თუ გადაიღებს, ის აუცილებლად იქნება წინამორბედზე უკეთესი.

"ლოგიკურია, რომ ორივე ფილმი [დიუნის პირველი და მეორე ნაწილები] მიყოლებით გადავიღე", — ამბობს ვილნევი უახლეს ინტერვიუში, სადაც დიუნის გაგრძელების პერსპექტივაზე ჰკითხეს, — "ჩავთვალე, რომ სწორი იქნებოდა, პირველის დასრულებისთანავე მეორე გადაგვეღო. მაშინვე შევუდექით სცენარის წერას, გაფორმებაზე ზრუნვას და სხვა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ არაკისზე უწყვეტად მომიწია ექვსი წლის გატარება, ასე რომ, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, ტემპი შევანელო. პირველ რიგში, უნდა დავრწმუნდე, რომ კარგი სცენარი გვექნება. [...] ამ სამყაროს თუ დავუბრუნდები, ეს გადაწყვეტილება მისი ნამდვილობიდან და რელევანტურობიდან გამომდინარე მიღებული უნდა იყოს. თუკი დიუნის მესიას [ჰერბერტისეული დიუნის მეორე წიგნი] გადავიღებ, ის დიუნი 2-ზე უკეთესი იქნება. სხვა შემთხვევაში, სულ არ გადავიღებ".

დიუნი თავდაპირველად ორნაწილიან ფილმად იყო ჩაფიქრებული, მაგრამ ვილნევს ისტორიაზე მუშაობის გაგრძელების სურვილი აქამდეც გამოუთქვამს. მეორე ნაწილის გამოსვლამდე რეჟისორმა განაცხადა, რომ დიუნის მესიის მიხედვით სცენარის წერა დასასრულს უახლოვდებოდა. მაშინ ვილნევმა ისიც დაბიჯებით თქვა, მეორე ნაწილი პირველზე უკეთესიაო.

"არ ვამბობ, რომ ფილმი სრულყოფილია, თუმცა, მეორე ნაწილით უფრო კმაყოფილი ვარ, ვიდრე მისი წინამორბედით", — დაამატა რეჟისორმა.

აღსანიშნავია, რომ დიუნში მონაწილე რამდენიმე მსახიობმაც გამოთქვა გაგრძელებაში თამაშის სურვილი.

"რა დროსაც უნდა დამირეკოს დენიმ, მე ყოველთვის დავთანხმდები", — განაცხადა ზენდეიამ.