იმ მსახიობებს, რომლებიც ჰოლივუდში გენდერული უთანასწორობის პრობლემაზე ღიად საუბრობენ, უკვე ოსკაროსანი ოლივია კოლმანიც შეუერთდა. ინგლისელმა კინოვარსკვლავმა გენდერული სახელფასო სხვაობის საკითხს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მეტს გადაუხდიდნენ, კაცი რომ ყოფილიყო.
"მსახიობ კაცებს მეტს უხდიან, რადგან ამბობდნენ, მაყურებელს ისინი იზიდავენო", — აღნიშნავს კოლმანი CNN-ის გადაცემაში, — "და თუმცაღა ათწლეულებია, რაც ეს არგუმენტი გაქარწყლდა, მას მაინც იშველიებენ იმის ასახსნელად, თუ რატომ უხდიან ქალებს მათ კაც კოლეგებზე ნაკლებს.
"დარწმუნებული ვარ, ოლივერ კოლმანი რომ მრქმეოდა, ახლანდელზე ბევრად მეტს გამოვიმუშავებდი".
ბოლო წლებში მსახიობმა ქალებმა უფრო აქტიურად დაიწყეს საუბარი ჰოლივუდში არსებულ უთანასწორობაზე. მაგალითად, 2019 წელს ელენ პომპეომ განაცხადა, რომ გრეის ანატომიაში მონაწილეობის გაგრძელებაზე ლამის უარი თქვა, როცა გაიგო, რომ სერიალში მასთან ერთად მონაწილე პატრიკ დემპსის მასზე ორჯერ მეტი გადაუხადეს.
ოსკაროსანმა ჯენიფერ ლოურენსმა 2022 წელს პირდაპირ თქვა, რომ "მნიშვნელობა არ აქვს, როგორ იმუშავებს", რადგან მისი "ვაგინის გამო" ყოველთვის ნაკლებს გადაუხდიან. ჰოლივუდში გენდერული ნიშნით უპირატესობის მინიჭებისა და არათანაბარი ანაზღაურების ტენდენციის საილუსტრაციოდ შეიძლება ითქვას, რომ ფილმში Don't Look Up ლეონარდო დიკაპრიოს გამომუშავებული ყოველი დოლარის საპირწონედ ლოურენსმა მხოლოდ 83 ცენტი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ გენდერული ნიშნით უპირატესობის მინიჭებისა და არათანაბარი ანაზღაურების პრობლემას ქალები არა მხოლოდ ჰოლივუდში, არამედ სხვადასხვა სამუშაო ადგილას ისევ აწყდებიან. მსოფლიოში 2,4 მილიარდ ქალს თანაბარი ეკონომიკური შესაძლებლობებით სარგებლობა არ შეუძლია, 178 ქვეყანაში კი ქალების ნაწილს სრულფასოვანი ეკონომიკური საქმიანობა კანონით ეზღუდება. ამასთან, UNDP-ის მონაცემებით, ქალები გამოიმუშავებენ 0,77 ცენტს, კაცების მიერ იმავე სამუშაოზე გამომუშავებული 1 დოლარის საპირწონედ.