ახლახან ბლეიკ ლაივლიმ ქეით მიდლტონზე ხუმრობის გამო ბოდიში საჯაროდ მოიხადა და განაცხადა, რომ თავისი საქციელის გამო ძალიან რცხვენია. შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ქეით მიდლტონის გაუჩინარების შესახებ სოციალურ ქსელებში კონსპირაციული თეორიები და მიმები ვრცელდებოდა, ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.
იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქეით მიდლტონმა ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგაც საჯაროდ არ გამოჩენილა, ინტერნეტი კი კონსპირაციულმა თეორიებმა მოიცვა. 10 მარტს, დედის დღეზე, კენსინგტონის სასახლემ ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ქეით მიდლტონი შვილებთან ერთადაა გამოსახული. ინტერნეტმომხმარებლებმა კი მალევე შენიშნეს, რომ სურათზე სხვადასხვა დეტალი ფოტომანიპულაციაზე მიუთითებდა. ცოტა ხნის შემდეგ ქეით მიდლტონმა მოიბოდიშა და განაცხადა, რომ ფოტო მართლაც დამუშავებული იყო.
15 მარტს ბლეიკ ლაივლიმ სწორედ ქეით მიდლტონის ფოტომანიპულაციაზე იხუმრა და ინსტაგრამზე ცუდად დამუშავებული ფოტო თავადაც გამოაქვეყნა. ფოტოს, რომლითაც ბლეიკ ლაივლიმ თავისი სასმლის, Betty Buzz-ის, 4 ახალი გემო დააანონსა, სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ფოტოზე არაერთი არარეალური დეტალი ჩანდა (დიდი ზომის ცერა თითი, არაბუნებრივი სკამი და ა.შ.), რამაც ყველას ქეით მიდლტონის ცუდად დამუშავებულ ფოტო გაახსენა.
"ვიცი, ახლა ეს არავის ადარდებს, მაგრამ მაინც მინდა, აღვნიშნო. სულელური პოსტი დავდე 'ფოტოშოპის შეცდომების' შესახებ და მაგ პოსტის გამო ახლა ძალიან მრცხვენია. ბოდიში", — წერს ბლეიკ ლაივლი ინსტაგრამზე, დამუშავებული ფოტო კი უკვე წაშლილია.
22 მარტს ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრს, ქეით მიდლტონს, სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ინფორმაცია უელსის პრინცესამ კენსინგტონის სასახლის გვერდზე თავად გაავრცელა.
""მთელი ჩვენი ოჯახისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა ბოლო რამდენიმე თვე, მაგრამ მადლიერი ვარ, რომ ჩემზე არაჩვეულებრივი ექიმების გუნდი ზრუნავდა. იანვარში, ლონდონში რთული ოპერაცია გავიკეთე და მაშინ მიიჩნიეს, რომ ჩემი მდგომარეობა არასიმსივნური პროცესის შედეგი იყო. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ მას შემდეგ ჩატარებულმა გამოკვლევებმა სიმსივნე აღმოაჩინა. ექიმების გუნდმა მირჩია, პრევენციული ქიმიოთერაპიის კურსი გამევლო. ამჟამად მკურნალობის ადრეულ ეტაპზე ვარ", — ამბობს ქეით მიდლტონი ვიდეოში.
შეგახსენებთ, რომ თებერვალში გაერთიანებული სამეფოს მეფეს, ჩარლზ III-ს, სიმსივნე დაუდგინდა. ბუკინგემის სასახლის განცხადების მიხედვით, მეფემ მკურნალობა უკვე დაიწყო, რის გამოც გარკვეული პერიოდის განმავლობაში საჯარო ვალდებულებების შესრულებას ვეღარ შეძლებს.