ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრს, ქეით მიდლტონს, სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ინფორმაციას თავად უელსის პრინცესა ავრცელებს კენსინგტონის სასახლის გვერდზე.
"მთელი ჩვენი ოჯახისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა ბოლო რამდენიმე თვე, მაგრამ მადლიერი ვარ, რომ ჩემზე არაჩვეულებრივი ექიმების გუნდი ზრუნავდა. იანვარში, ლონდონში რთული ოპერაცია გავიკეთე და მაშინ მიიჩნიეს, რომ ჩემი მდგომარეობა არასიმსივნური პროცესის შედეგი იყო. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ მას შემდეგ ჩატარებულმა გამოკვლევებმა სიმსივნე აღმოაჩინა. ექიმების გუნდმა მირჩია, პრევენციული ქიმიოთერაპიის კურსი გამევლო. ამჟამად მკურნალობის ადრეულ ეტაპზე ვარ.
"ეს, რასაკვირველია, უდიდესი შოკი აღმოჩნდა. მე და უილიამი ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ამბავი გაგვეაზრებინა და ჩვენი ოჯახის გულისთვის, ხმაურის გარეშე გვემოქმედა. ადვილი მისახვედრია, რომ რთული ოპერაციის შემდეგ, ძალების მოსაკრებად და მკურნალობის კურსის დასაწყებად დრო დამჭირდა. თუმცა, ყველაზე მეტი დრო იმისთვის დაგვჭირდა, რომ ეს ყველაფერი ჯორჯის, შარლოტისა და ლუისთვის მათთვის შესაფერისი ფორმით გვეთქვა და დაგვერწმუნებინა, რომ მე კარგად ვიქნები. და როგორც მათ ვუთხარი, მე მართლაც კარგად ვარ. ყოველდღე უფრო და უფრო მეტად ვიკრებ ძალებს იმ რაღაცებზე კონცენტრირებით, რაც დამეხმარება — გონებრივად, ფიზიკურად და სულიერად. დიდი შვებაა, რომ გვერდით უილიამი მეგულება. ასევე ის სიყვარული, მხარდაჭერა და კეთილშობილება, უამრავი თქვენგანი რომ იჩენს. ეს ორივე ჩვენგანისთვის ბევრს ნიშნავს. ვიმედოვნებთ, გესმით, რომ, როგორც ოჯახს, ახლა ცოტაოდენი დრო, სივრცე და განმარტოება გვსურს, სანამ ჩემი მკურნალობა დასრულდება".
ვიდეოში პრინცესა ქეთრინმა იმ ადამიანებსაც მიმართა, ვისაც სიმსივნესთან ბრძოლა უხდება:
"ახლა ყველა იმ ადამიანზეც მეფიქრება, რომელთა ცხოვრებაც სიმსივნემ შეცვალა. ყველას, ვისაც ამ დაავადების რაიმე ფორმასთან ბრძოლა გიწევთ, გთხოვთ, ნუ დაკარგავთ რწმენას და იმედს. თქვენ მარტო არ ხართ".
იანვარში გაკეთებული ოპერაციის შემდეგ, კენსინგტონის სასახლე იუწყებოდა, რომ მიდლტონი საავადმყოფოში დარჩებოდა და დროებით, აღდგომამდე, სამეფო მოვალეობებისგან გათავისუფლდებოდა. თუმცა, ახალი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ვარაუდობენ, რომ უილიამი და ქეთრინი აღდგომაზე სამეფო ოჯახთან ერთად არ გამოჩნდებიან და პრინცესასაც უფრო დიდი ხნით მოუწევს მოვალეობების შესრულებაზე უარის თქმა.
პრინცი უილიამისა და პრინცესა ქეთრინის გარშემო ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დიდი მითქმა-მოთქმა ტრიალებდა. ოპერაციის შემდეგ, რამდენიმე კვირის განმავლობაში, ქეითი საჯაროდ არ გამოჩენილა, ეს ამბავი კი კონსპირაციული თეორიების საფუძვლად იქცა.
დიდწილად ხმების გასაფანტავად, კენსინგტონის სასახლემ მარტის დასაწყისში, დედის დღეზე, ქეთრინისა და მისი შვილების ფოტო გამოაქვეყნა, მაგრამ სურათი დამუშავებული აღმოჩნდა, რის გამოც ზოგიერთმა ინტერნეტმომხმარებელმა და მედიამ ის ფოტომანიპულაციად ჩათვალა. მოგვიანებით მიდლტონმა ფოტოს მოყოლილი გაუგებრობის გამო მოიბოდიშა.
პრინცესა ქეთრინის უახლეს განცხადებას კი უკვე გამოეხმაურა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი რიში სუნაკი. მან მიდლტონი გამოჩენილი გამბედაობისთვის შეაქო და გამოჯანმრთელება უსურვა.
"ბოლო კვირების განმავლობაში, იგი ცხარე განხილვის საგნად იქცა. სოციალურ ქსელებსა და მსოფლიო მედიის გარკვეულ ნაწილში მას უსამართლოდ მოეპყრნენ", — განაცხადა სუნაკმა, — "როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება, როგორც ყველას, მასაც სჭირდება განმარტოება, რათა მკურნალობისა და მოსიყვარულე ოჯახის გვერდით ყოფნის საშუალება მიეცეს".