Furiosa-ში ანია ტეილორ-ჯოი კრის ჰემსვორტის გმირზე შურს იძიებს

Furiosa-ში ანია ტეილორ-ჯოი კრის ჰემსვორტის გმირზე შურს იძიებს

რეჟისორ ჯორჯ მილერის შეშლილი მაქსი: მრისხანების გზის შემდეგ, გულშემატკივრები ამ სამყაროში დაბრუნებას დიდი ხანია, მოუთმენლად ელიან და აი, ისიც!

ახალი ფილმი შეშლილი მაქსი: ფურიოსა რამდენიმე წლით ადრე განვითარებულ მოვლენებს გვიჩვენებს, როცა ფურიოსა გაცილებით ახალგაზრდაა. Warner Bros.-მა ფილმის ახალი ტრეილერი ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

როგორც ტრეილერში ჩანს, ფურიოსა იხსენებს, როგორ გაიტაცა მოტოციკლეტისტთა ბანდამ ის ბავშვობაში, რის გამოც მან ცხოვრების მთავარ მიზნად სახლში დაბრუნება დაისახა. გაზრდილი ფურიოსა, როგორც იქნა, გაქცევას მოახერხებს და შურისძიებისთვის ბრძოლას დაიწყებს.

ფურიოსას სურს, ბანდის ლიდერს, რომლის როლსაც ფილმში კრის ჰემსვორტი თამაშობს, სამაგიერო გადაუხადოს. ტრეილერში ისიც ჩანს, რომ ფურიოსა გარეგნობას შეიცვლის, თმას გადაიპარსავს და ასევე, ხელს კარგავს, რის გამოც პროთეზს ატარებს. ფილმის მოქმედება უდაბნოში მიმდინარეობს. წინა ფილმში ფურიოსას როლს შარლიზ ტერონი ასრულებდა, Furiosa: A Mad Max Saga-ში კი მას ანია ტეილორ-ჯოი განასახიერებს.

მრისხანების გზამ გამოსვლისას არნახული წარმატება მოიპოვა, მათ შორის, ოსკარის 10 ნომინაცია და 6 გამარჯვება ისეთ კატეგორიებში, როგორებიცაა, კოსტიუმების საუკეთესო დიზაინი, საუკეთესო მონტაჟი და სხვ. ფილმის შემოსავალმა კი $380 მილიონს მიაღწია. მილერის ახალ პროექტს კვლავაც მსგავს წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. შეშლილი მაქსი: მრისხანების გზის გადამღები ჯგუფის რამდენიმე წევრი, მაგალითად, კოსტიუმების დიზაინერი და მემონტაჟე Furiosa-სთვისაც ბრუნდებიან.

შეშლილი მაქსი: ფურიოსა დიდ ეკრანებზე 24 მაისს გამოვა.