ბიონსემ თებერვალში Super Bowl-ზე ალბომ Renaissance-ის მეორე ნაწილი დააანონსა, ცოტა ხნის წინ კი გავიგეთ, რომ ალბომს Cowboy Carter ერქმევა. როგორც გულშემატკივრები ელოდნენ, მომღერლის ახალი ალბომი ქანთრის ჟანრის სტილის სიმღერებისგან შედგება, რასაც ბიონსეს ბოლოდროინდელი ესთეტიკაც მოწმობს.
მომღერალმა რენესანსი 2022 წელს გამოუშვა და თქვა, რომ ალბომი სამნაწილიანი პროექტის დასაწყისი იქნებოდა, თუმცა იქამდე ბიონსემ ორი ახალი სიმღერა TEXAS HOLD ‘EM და 16 CARRIAGES გამოუშვა.
მომღერალმა ერთ-ერთი ბოლო პოსტში იმაზე ისაუბრა, რომ როდესაც წლების წინ თავი ქანთრის ჟანრში პირველად გამოცადა, რასისტულ დამოკიდებულებას გადააწყდა.
"ჩემთვის პატივია, რომ პირველი შავკანიანი ქალი ვარ, რომლის სიმღერაც ნომერ პირველი სინგლი გახდა Hot Country Songs-ის ჩამონათვალში. იმედი მაქვს, წლების შემდეგ, როცა არტისტი რომელიმე ჟანრში თავის დამკვიდრებას გადაწყვეტს, მის რასას მნიშვნელობას აღარ მიანიჭებენ.
ეს ალბომი ჩემი იმ გამოცდილების შედეგია, რომელიც წლების წინ გადამხდა თავს — მაგრძნობინეს, რომ ქანთრის ჟანრში ზედმეტი ვიყავი და არ მიმიღეს. კრიტიკას, რომელიც მაშინ მივიღე, იმით ვუპასუხე, რომ ჩემი თავისთვის ახალი გამოწვევა დავისახე, ქანთრი უკეთ შევისწავლე, უამრავ სიმღერასა თუ არტისტს გავეცანი და სხვადასხვა ჟანრების ერთმანეთთან შერწყმით ეს ალბომი მივიღე", — წერს მომღერალი ინსტაგრამზე.
პოპვარსკვლავმა ისიც გაგვიმხილა, რომ ალბომში სხვა არტისტებთან კოლაბორაციებსაც ვიხილავთ. ალბომი Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.