ნონა გაფრინდაშვილი: ”ლიდერს კი არა, სერიოზულ ნაბიჯებს ველი”

ნონა გაფრინდაშვილი: ”ლიდერს კი არა, სერიოზულ ნაბიჯებს ველი”

ქართულ პოლიტიკაში ნათელ-მირონობა რომ არ ჭრის, ამაში ამჯერად კრებისა და “ფორუმის”, უფრო სწორად, ბურჯანაძე-სანიკიძის ტანდემი გვარწმუნებს. როგორც ჩანს, მათ შორის “დისტანცია” კი არ მცირდება, იზრდება და ორივე ძალა გეგმებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აწყობს. ერთი შეხედვით, კრება საყვარელ ტაქტიკასაც ცვლის და ახალ თარიღს აღარ აცხადებს. მეტიც - მთავარი საბჭოს თავმჯდომარე, ნონა გაფრინდაშვილი დაუმორჩილებლობის კონკრეტულ თარიღს კი არა, წელიწადის დროსაც ვერ ასახელებს. ასე რომ, ქართული პარტიის “დიდ გაზაფხულს” კრების “დიდი დაუმორჩილებლობა”, სავარაუდოდ, არ დაემთხვევა. ჩაანაცვლებს თუ არა კრებაში “ეროვნულ ფორუმს” ნათელაშვილის პარტია, რას ფიქრობს პატარკაციშვილის ოჯახი ოპოზიციის დაფინანსების მკვდრეთით აღმდგარ სკანდალზე და როგორ აფასებს მიმდინარე პროცესებს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში - კითხვებს ნონა გაფრინდაშვილი პასუხობს:

 

- რად უნდა ამას ზედმეტი კითხვა-პასუხი - წინააღმდეგობას გვიქმნიან, ისევე, როგორც ეს 25 ნოემბერს. ჩვენს მოკავშირეებს წინა ღამით ჭორის დონეზე გაუგიათ, რუსთავში კინოთეატრის კრებისთვის მიქირავებას უკრძალავენო. რუსთავის კომიტეტის გახსნაში ნამდვილად არაფერი იყო პომპეზური და არც განსაკუთრებული ფინანსები ჩადებულა. ერთი დარბაზი დავიქირავეთ 120 კაცზე და ისიც არ გაგვიღეს. არადა, შეთანხმება უკვე არსებობდა და ფულიც გადახდილი იყო. თუმცა პროცესს ხელი მაინც ვერ შეუშალეს. ერთადერთი, რაც გააკეთეს - აგვიშალეს ნერვები. მერე, როგორც იტყვიან, ვიეშმაკეთ და, რომ არ შეგვიშვეს, გადახდილი ფულის დასაბრუნებლად დარბაზში ორი-სამი ადამიანი შევაგზავნეთ. იმ ორ-სამს სხვებიც შეყვნენ და მიუხედავად იმისა, რომ დენიც კი გამოგვირთეს, შეხვედრა, ასე თუ ისე, მაინც შედგა.

 

წინააღმდეგობას ჯერ კიდევ 25 ნოემბრიდან გვიქმნიანო, ამბობთ და ამ ყველაფრის ფონზე ტაქტიკის შეცვლას ხომ არ აპირებთ?

- არა, არაფრის შეცვლას არ ვგეგმავთ. სერიოზული დაუმორჩილებლობის დასაწყებად საზოგადოების დიდმა ნაწილმა შიში უნდა დაძლიოს. სამუშაოა იმ ხალხთანაც, ვინც აქციებზე არაერთხელ გამოვიდა, მაგრამ უშედეგობამ ხელი ჩააქნევინა. ჩვენი იდეები ყველას უნდა გავაცნოთ და ავუხსნათ, რისთვის ვემზადებით. როცა გვეცოდინება, რომ დიდი აქციებისა და სერიოზული დაუმორჩილებლობისთვის მზაობა უკვე არსებობს, ამაზე უფრო კონკრეტულად მერე ვისაუბროთ.

 

მანამდე, ეს ხალხი თვითშეგნებამდე ხომ უნდა მიიყვანოთ და თქვენი გზის სისწორეში დაარწმუნოთ. რას სთავაზობთ იმედგაცრუებულ მოსახლეობას?

- ის ხალხი, ვინც მიიჩნევს, რომ ჩვენთან ერთად ამ პროცესებში უნდა ჩაერთოს, გარეთ უნდა გამოვიდეს. სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ არის. თუ ამ ყველაფერში ხალხი არ ჩაერთო, არაფერი გამოვა. ხომ ვხედავთ, მსოფლიოში რაც ხდება - ხალხი ქუჩაში ისე გადის, ლიდერების ხსენებაც კი არსადაა. სად არიან იქ ლიდერები, ჩანან საერთოდ?

 

მაგ ლოგიკით, ოპოზიცია აქ საერთოდ არ გვჭირდება.

- დიახ, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ხელისუფლებამ თავიდანვე ძალადობრივი მეთოდებით იმუშავა მოსახლეობაში. ახლა ხალხის სერიოზული ნაწილი, ვისაც ერთი სული აქვს, როდის წავა ეს მთავრობა, ამ წინააღმდეგობას თავის თავში მარტო ვერ გადალახავს. 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში სოციალური აფეთქება მოხდება, მაგრამ ის თუ მართვადი არ იქნა, ქვეყანას მხოლოდ უარეს შედეგებს მოუტანს. ეგვიპტეში ცოტა სხვა სიტუაციაა, იქ ხალხი რეჟიმის დიქტატურას დიდხანს ითმენდა და ამიტომ დაიწყო უმართავი პროცესები. აი, რაც შეეხება საფრანგეთსა და საბერძნეთს, იქაურმა საზოგადოებამ როგორც კი იგრძნო, რომ რაღაც სფეროში მდგომარეობა უარესდებოდა, მაშინვე თავისი უფლებების დასაცავად გამოვიდა. ინგლისშიც ხომ უნდოდათ სწავლის საფასურის გაზრდა, მაგრამ ისიც ვნახეთ, რა ძლიერი სტუდენტური მოძრაობა დაიწყო ამის წინააღმდეგ. ერთ დროს, სტუდენტები ჩვენთანაც წინა პლანზე იყვნენ, მაგრამ ამ ხელისუფლებამ ახალგაზრდობის ხელში ჩაგდებაც მოახერხა. 

 

რაღაც ცვლილებებს მაინც გატყობთ - სოციალურ თემატიკაზე ახლა მეტ აქცენტს აკეთებთ. რატომ ჩათვალა დავითაშვილმა, რომ კრება სოციალური მოტივით აქციებს გამართვაზე უარს ამბობდა?  

- უარი ნამდვილად არ მითქვამს. დავითაშვილთან მაშინ პირდაპირი საუბარიც კი არ მქონია. გადახედონ ერთი, დეკლარაციასა და ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ყველგან გარკვევით წერია, რომ კრება ყველა თემატიკას ეხება, მათ შორის - სოციალურსაც. გამაგებინეთ, როგორ შეიძლება, იმ თემას არ შეეხო, რომელიც რაოდენობრივად მოსახლეობის ყველაზე მაღალ პროცენტს აინტერესებს? ის მაინც ამიხსნან, სხვანაირად როგორ უნდა შევეხოთ ამ თემებს? როცა კაცი გამოდის და ასე, საჯაროდ რაღაცას გირჩევს, ჯერ გაიგოს, რა გვაქვს ამ თემატიკასთან დაკავშირებით გაკეთებული.

 

გადამოწმებული ინფორმაციით, სწორედ სოციალური თემატიკა გახდება თქვენი და ნათელაშვილის გადაკვეთის საერთო წერტილი დაფორუმსკრებაში მალელეიბორისტებიჩაანაცვლებენ.

- მე მზად არ ვარ ამ პასუხისთვის... ისე, კარგად დასახეთ ეს ყველაფერი. ამას ორივე ხელით მივესალმები. ისე, მოდით, ჯერ ჩანაცვლებაზე ნუ ვისაუბრებთ, რადგან “ფორუმს” უკან მოსასვლელი გზა კიდევ აქვს.

 

გუბაზ სანიკიძე კი კრებაში დაბრუნებას გამორიცხავს და ეს განცხადება როგორ გავიგოთ?

- ძალიან ცუდი, ძალიან ცუდი! პირდაპირ ვამბობ - ამით ძალიან ცუდ სამსახურს გაუწევენ საკუთარ პარტიას და კიდევ ბევრ ხალხს დაკარგავენ. იქ ისეთი  ადამიანები არიან ჩართულნი, ვისაც მართლა უნდა საქმის ბოლომდე მიყვანა და ამ ხელისუფლების გაშვება. “ფორუმისთვის” ძალიან მომგებიანი იქნებოდა ჩვენთან ყოფნა, არც ამას ვმალავ. ვერც ის გავიგე, რას ნიშნავდა ეს “დისტანცირება”. მათი უკან დაბრუნება კი იმიტომ არ გამოვრიცხე, რომ კახა შარტავამ განაცხადა, დისტანცირებულები მანამ ვიქნებით, სანამ ყველაფერი არ გაირკვევაო.  

 

ყველაფერშიბურჯანაძე-გაჩეჩილაძის სკანდალი იგულისხმებოდა?

- აბა რა! ლაპარაკი მაგ ამბავზე იყო. მაშინვე ვთქვი, რა შუაშია აქ დისტანცირება-თქო. ეს რა მოგებას მოუტანდა ან კრებას და ან “ფორუმს”? ძალიან მწყდება გული გუბაზის ამ განცხადებაზე, რადგან მათთან ერთად მიზნის მიღწევა უფრო გაგვიადვილდებოდა. რაც მეტი ადამიანი დადგება ჩვენს გვერდით, მით უკეთესია. თორემ, ჩვენგან წასვლით “ფორუმს” მდგომარეობა უფრო გაუუარესდება.  

 

მაინც ვერ გავიგე, მიდასტურებთ თუ არა კრებასა დალეიბორისტებსშორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების დაწყებას

- ჩვენს აქციებს “ლეიბორისტები” ძალიან ხშირად ესწრებოდნენ. ვიცი, უფრო სწორად, დარწმუნებული ვარ, თუ ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც გვინდა, ლეიბორისტული პარტია ის ძალა იქნება, რომელიც ამ პროცესებში ჩვენთან ერთად ჩაერთვება.

 

მოლაპარაკების პროცესს მათთან ვინ აწარმოებს? პირადად თქვენ თუ ესწრებით შეხვედრებს?

- მე, პირადად, მათთან ამ თემაზე საუბარი არ მქონია. პარტიებთან  მოლაპარაკებებში ძირითადად პარტიის ლიდერები არიან ჩართულნი, უფრო ხშირად - ნინო ბურჯანაძე და ირაკლი ბათიაშვილი. ხომ გესმით, პარტიებს მაინც თავისი სპეციფიკა აქვს.

 

მე კი მესმის, მაგრამ იმიტომ გეკითხებით, ბოლოს რომ არ აღმოჩნდესმოლაპარაკება ისევ რომელიმე სარდაფში, თანაც უთქვენოდ შემდგარა.

- საქმე ისაა, რომ იქ ჩვენს გარეშე მაინც ვერაფერი გადაწყდებოდა. ყველას აქვს უფლება იჯდეს სარდაფში და ილაპარაკოს. თუ სურთ, სარდაფები დანომრონ და ერთიდან მეორეში გადავიდნენ, უჩვენოდ მაინც ვერაფერს გადაწყვეტენ. როცა პარტიები თავიანთ რესურსებს აერთიანებენ, ეგ სხვა ამბავია, მაგრამ, როცა კრებასთან გაერთიანებაზეა საუბარი და საკითხი ასე დგას - აი, მე კრებას ვუერთდები და თქვენ ამდენი მომეცითო - ეგ ჩემთვის წარმოუდგენელია. აბსურდია და მეტი არაფერი. არც მინდა, რომ ჩემს გვერდში ასეთი პარტია დადგეს. იცით რა - მოსასვლელ გზას მაინც ყველას ვუტოვებთ. თუ ვინმეს მართლა გულით უნდა ამ ხელისუფლების გაშვება, მოვა კიდეც და   გვერდში დაგვიდგება.

 

ელისო კილაძე, ვალერი გელბახიანი, შალვა ხაჭაპურიძე - ეს ადამიანები იდგნენ კიდეც თქვენთან ერთად პატარკაციშვილის გვერდით. დღეს თუა გასაგები თქვენთვის ოპოზიციის დაფინანსებაზე ამგულახდილი საუბრებისმოტივაცია და შეთანხმდა თუ არა ყოფილი თანაგუნდელების ეს ერთობლივი გააქტიურება თქვენთანაც?

- მაშინ ქალაქის შტაბში ვიყავი, როცა ბადრიმ თავი პრეზიდენტობის კანდიდატად დააყენა და 9-პარტიულმა საბჭომ მხარი არ დაუჭირა. დღეს მე მთელს ამ საუბრებს, რა თქმა უნდა, არ ვამართლებ. მაგრამ ყველაფერი, რაც ამ ფულებს შეეხება, იცის მხოლოდ გელბახიანმა, რადგან მის ხელში იყო, რაც  თავიდან ფული ჰქონდათ. როცა მე ბადრის მოძრაობაში უკვე სერიოზულად ჩავერთე, მაშინ ჩვენ უკვე აღარაფერი გვქონდა, გარდა რაღაც კაპიკებისა. თბილისის შტაბში ფული არ ყოფილა, რადგან ხელისუფლებამ ყველა წყარო და საშუალება გადაკეტა. მზია თორთლაძე მაშინ შტაბში ჩემთან ერთად იყო და ძალიან ვწუხდით, რომ ხალხისთვის ფულის გადახდა არ შეგვეძლო. როცა ბადრიმ ეროვნული საბჭოს დახმარება გადაწყვიტა, მაშინ მე ჯერ კიდევ არ ვიყავი ასეთი აქტიური. რა თანხაზეც ახლაა საუბარი, 10 მილიონი, საერთოდ არ ემთხვევა შტაბში ჩემი ყოფნის დროს. ეს ჩემამდე ხდებოდა, გელბახიანის დროს. თავიდან რა ფულიც ჰქონდათ, ეს გელბახიანს უნდა ჰკითხოთ, მე აზრზე არ ვარ. რაც არ ვიცი, იმაზე ვერც ვისაუბრებ. მაგრამ, ერთს ვიტყვი - ფაქტია,  ვინც მაშინ “ეროვნულ საბჭოში” იყო, თავისი მოვალეობა იქიდან ვერცერთმა პარტიამ ვერ შეასრულა.

 

მზია თორთლაძე და ოჯახის დანარჩენი წევრები რას ფიქრობენ აღიარებების ამ სერიაზე? თვლიან თუ არა, რომ ეს საუბრები, გარკვეულწილადპატარაკაციშვილის ხსოვნის შეურაცხყოფაა?

- შეურაცხოფა რატომ არის? ვფიქრობ, ამ თემებზე ახლა საუბარი არასწორია, მაგრამ ეს ბადრის შეურაცხყოფა მაინც არაა. ბადრის ოჯახთან არ მისაუბრია ამ თემებზე და არც მაინტერესებს. ბოლო-ბოლო, სააკაშვილი კვირაში ერთხელ მასთან სადილობდა. პატრული რომ შეიქმნა საქართველოში, სააკაშვილს პირველი მანქანები ვინ შეუძინა? სოროსი რომ ხელისუფლებას ფულს აძლევდა “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, კიდევ ფულებს ვინ ურიცხავდა მაგათ? პატარკაციშვილი! ჰოდა, ვერ გავიგე, საერთოდ რატომ ყვირიან ამ თემაზე? ვიცი, რომ ოპოზიციას ბადრი ფულს აძლევდა, მაგრამ ხელისუფლებისთვის გაცილებით მეტი აქვს მიცემული. 

 

ვის აძლე ხელს ამ თემების წამოწევა? მთელი ესაღსარებებიდაგახსენებებიიმისთვის ხომ არ დაიწყო, რომ ბინძური პოლიტიკური არენა ახალი ძალისთვის, ან ლიდერისთვის სუფთავდება?

- ამაზე მარჩიელობას ვერ დავიწყებ. იმისთვის, რომ ნორმალური ახალი ძალა გამოჩნდეს, ჯერ ეს ხელისუფლება უნდა მოვიცილოთ. საქმე ისაა, რომ ლიდერს კი არა, სერიოზულ ნაბიჯებს ველი. თუ ეს ვერ გავაკეთეთ, მაშინ ახალ ლიდერსაც ნუ დაველოდებით. ეს დაუმორჩილებლობა გაზაფხულის ბოლოს მოხდება, დასაწყისში თუ სხვა დროს, მაგაზე წინასწარ ვერავინ ვერაფერს იტყვის. ჩვენც იმ პარტიებივით ვერ მოვიქცევით, ამ თვის ბოლოს რაღაცებს რომ გეგმავენ.