საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის დღეც დადგა. ლუქსემბურგთან ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალი ახლა ცალსახად მთავარია, დანარჩენს დრო გამოაჩენს.
ბევრმა ისაუბრა წნეხზე, მაგრამ ეს, ის მატჩია, რომელშიც დიდი წნეხი ბუნებრივია და ეს არაფრის ალიბად არ გამოდგა. ეს არის მატჩი, რომელიც უნდა მოიგო, სხვა გზა უბრალოდ მოჭრილია.
ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე საქართველოს ნაკრების პოტენციალი მნიშვნელოვნად ეცემა, რაც ლოგიკურია - კვარა მსოფლიო დონის ფეხბურთელია და მისი არყოფნა „ნაპოლისაც“ მაგრად ეტყობა ხოლმე, რა გასაკვირია, რომ საქართველოს ნაკრებსაც დაეტყოს, თუმცა, ალიბად არც ეს ამბავი ივარგებს, მით უფრო, რომ კვარას დისკვალიფიკაციაც ჩვენივე შეცდომების შედეგია.
საქართველოს ნაკრებს ლუქსემბურგთან მხოლოდ ერთი გზა აქვს, გზა, რომელიც გამარჯვებამდე უნდა მივიდეს და ევრო 2024-თან ბოლო ნაბიჯამდე მიგვიყვანს. კვარაცხელიას გარდა, სანიოლის განკარგულებაშია ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც ფრანგმა სპეციალისტმა თავისივე სურვილით შეარჩია.
მთელი საქართველო, დიდი თუ პატარა, კაცი თუ ქალი, იმის მიუხედავად, უყვარს თუ არა მას ფეხბურთი, ამ თამაშს ელოდება. საქართველოს ნაკრებმა 2020 წლის კოშმარული საღამო უნდა დაივიწყოს. მაშინ, ნახევარფინალში ბელარუსს ვაჯობეთ, მაგრამ ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას ვეღარ. საქართველოს ნაკრებს ახლა საკუთარ თავზე რევანშის შანსი აქვს - ეს უნიკალური შანსია, რომელიც მეორედ მოგვეცა და რომლის ხელიდან გაშვება დაუშვებელია.
ლუქსემბურგთან საქართველო ოფიციალურ მატჩს პირველად ჩაატარებს, თუმცა, აქამდე ისინი ოთხჯერ სპარინგებში შეხვედრიან. ორჯერ საქართველომ მოიგო (3:0, 2:1), ერთხელ ნულოვანი ფრე დაფიქსირდა, ბოლოს, 2018 წელს მეტოქემ 1:0 გაიმარჯვა.
ლუქსემბურგის ნაკრები არ არის ის გუნდი, რომელიც იყო თუნდაც 5 წლის წინ, უფრო შორეული წარსული რომ არ გავიხსენოთ. ლუკ ჰოლტცის გუნდი ჩვეულებრივი შესარჩევი ციკლიდან გასვლის შანსს ბოლო ტურამდე ინარჩუნებდა და 17 ქულაც მოიპოვა, რაც დიდებული შედეგია. ეს არის გუნდი, რომელიც სულაც არ თამაშობს დაცვიდან და მეტიც, აქცენტს ბურთის ფლობაზე აკეთებს. მოკლედ, დაუფასებლობა არანაირად არ შეიძლება, ეს დიდი შეცდომა იქნება. თუმცა, არც ზედმეტი სიფრთხილე ივარგებს.
სანიოლმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე პირდაპირ თქვა, რომ ექსპერიმენტებს არ მიმართავს. ამგვარად, ნამდვილად შეგვიძლია თქმა, რომ დღეს საქართველოს ნაკრები მოედანზე 3 ცენტრალური და ორი ლატერალით გავა. მაინც როგორი იქნება ძირითადი შემადგენლობა? ეს არავინ იცის, თუმცა ვარაუდი შეიძლება.
მეკარის პოზიციაზე ეჭვები არ არსებობს: გიორგი მამარდაშვილი პირველი ნომერია. დაცვის ცენტრში იკვეთება კვირკველია-კაშია-დვალის ტრიო. კვირკველიას ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, მაგრამ ფაქტია, სანიოლი მას ენდობა და ალბათ, ასეთ შეხვედრაში გამოცდილებას კიდევ უფრო დაეყრდნობა. ცენტრში კაშიას ყოფნა ეჭვს არ იწვევს, ხოლო დვალი ფავორიტია ლუკა ლოჩოშვილთან შედარებით.
ფლანგების კონტროლი ოთარ კაკაბაძესა და ლევან შენგელიას დაევალებათ. კაკაბაძის სასტარტოში ყოფნის შანსი უდიდესია, შენგელია გიორგი წიტაიშვილთან მიმართებაშია ფავორიტი. ზოგადად, გუნდში ნომინალური მარცხენა მცველი არ არის მიწვეული, ლევანი კი, სანიოლმა ოქტომბერსა და ნოემბერში სწორედ ამ პოზიციაზე ათამაშა.
საყრდენ ზონას ნაკრებში დაბრუნებული ჯაბა კანკავა გაამაგრებს, წესით მას გიორგი ქოჩორაშვილი შეუწყვილდება. გამოკვეთილი ფორვარდის უკან ალბათ, ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე იმოქმედებენ, ხოლო წინ გიორგი მიქაუტაძე ან შეიძლება ბუდუ ზივზივაძეც. ეს უკანასკნელი მაგარ ფორმაშია, არაა გამორიცხული მან დაიწყოს პირველივე წუთიდან თამაში. არის შანსი, რომ ჟორჟის და ბუდუს დუეტი იყოს ძირითადში, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ნახევარმცველი დარჩება თადარიგში, თუმცა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ასეთი შემტევი შემადგენლობა ესოდენ მნიშვნელოვან და სარისკო მატჩში სანიოლმა მოედანზე პირველივე წუთიდან გაიყვანოს.
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ შეცვლებს ამ შეხვედრაში დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. ამიტომაც, სათადარიგო სკამზეც არიან საჭირო ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც მოახერხებენ საჭიროების შემთხვევაში თამაშში გარდატეხის შეტანას. რაც მთავარია, საჭიროა ბალანსიც - თანამედროვე ფეხბურთში ბალანსის დაცვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
ასე და ამგვარად, ამოცანა რთულია, მაგრამ მეორე მხრივ, ამაზე მარტივი გზაც ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად არც არსებობს: ჯერ ლუქსემბურგი, შემდეგ კი საბერძნეთი ან ყაზახეთი - საქართველოს ნაკრების წინაშე ორი ბარიერია, არა მარტივი, მაგრამ არც დაუძლეველი.
ეს მატჩი აუცილებლად მოსაგებია, ეს შანსი აუცილებლად გამოსაყენებელია!