ტეილორ სვიფტი დღემდე მეგობრობს ქალთან, რომლის გარდაცვლილ შვილს სიმღერა მიუძღვნა

ტეილორ სვიფტი დღემდე მეგობრობს ქალთან, რომლის გარდაცვლილ შვილს სიმღერა მიუძღვნა

2012 წელს ტეილორ სვიფტმა სინგლი Ronan გამოუშვა, რომელიც ნეირობლასტომით გარდაცვლილ 3 წლის რონან თომპსონს მიუძღვნა. სიმღერის ტექსტი რონანის დედის, მაია თომპსონის, ბლოგის მიხედვით, მისი პერსპექტივიდან დაიწერა, ამიტომ ქალი კომპოზიციის თანაავტორადაც არის მოხსენიებული. Ronan-ის გამოშვებას საქველმოქმედო მიზანიც ჰქონდა — მისი გაყიდვიდან მიღებული მთლიანი თანხა ონკოლოგიურ დაავადებებზე ცნობიერების ამაღლებას და სიმსივნესთან ბრძოლას მოხმარდა. სიმღერამ კი, როგორც აღმოჩნდა, ტეილორი და მაია დაამეგობრა კიდეც.

მაიას ცოტა ხნის წინ ტიკტოკზე ჰკითხეს, ისევ აქვს თუ არა კონტაქტი პოპვარსკვლავთან, რაზეც ქალმა დადებითი პასუხი გასცა.

"კი, ველაპარაკები ხოლმე", — აღნიშნა მან, — "რაღაცებს ვუყვები, მაგრამ არა — ყველაფერს, რადგან ვუფრთხილდები".

მაიამ ასევე თქვა, რომ ტეილორი კონცერტის ბილეთებსაც უგზავნის ხოლმე. "ძალიან კეთილი და გულუხვია", — ამატებს იგი.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, როცა სვიფტმა მორიგი განახლებული ალბომი, Red (Taylor's Version) გამოუშვა, მასში სინგლის შესატანად თომპსონისგან აიღო ნებართვა — ვფიქრობ, Ronan-ის ადგილი ამ ალბომშიაო.

"ცოტა ხნის წინ დავასრულე ჩემი მეოთხე ალბომის ხელახლა ჩაწერა", — ვკითხულობთ ტეილორის მეილში, რომელიც მაიამ გაასაჯაროვა, — "ეს ალბომი (Red) გულისტკენასა და იარების მოშუშებაზეა, მრისხანებასა და არასრულყოფილებაზეა, ტრაგედიასა და ტრავმაზეა; და კიდევ იმაზე, როგორ ვკარგავთ ვიღაცის გვერდით წარმოდგენილ მომავალს. Ronan-იც მაშინ დავწერე, როცა ამ ალბომზე ვმუშაობდი; მაშინ აღმოვაჩინე შენი ამბავი, რომელსაც ასე გულწრფელად და გულისმომკვლელად მოჰყევი. იმედი მაქვს, სიმღერის ალბომში შეტანაზე დამთანხმდები. შენი, როგორც თანაავტორისა და ამ ამბის მესაკუთრის, აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და შენს სურვილს გავითვალისწინებ".

მაია თომპსონმა თავის ბლოგში აღნიშნა, რომ ტეილორის წერილი ტირილით წაიკითხა: "ვეცადე, ცრემლების ფონზე მაქსიმალურად სრულყოფილად გადმომეცა, რამდენად ბევრს ნიშნავს ეს ჩემთვის, მაგრამ ჩემი განცდების აღსაწერად ინგლისურში საკმარისი სიტყვები არაა".

რასაკვირველია, თომპსონმა ტეილორს სიმღერის ალბომში შეტანის ნება დართო და ბლოგში თავის გარდაცვლილ შვილსაც მიმართა.

"შენ ამ სამყაროში აღარასდროს არ დაიკარგები, ტეილორმა უკვდავგყო. უკვე ახალი, სამუდამო სახლიც მოგცა, რომელშიც ყოველთვის დაცული იქნები. ახლა იგი კიდევ ერთხელ გაახმოვანებს ხმაწართმეული, ჭირისუფალი მშობლების სათქმელს", — დაწერა მაიამ.