„საქართველო განსხვავებული მიმართულებით უნდა განვითარდეს“

„საქართველო განსხვავებული მიმართულებით უნდა განვითარდეს“

ბოლშევიკების შემოსვლის პირველ დღეებშივე მოლაპარაკება გაიმართა ლენინსა და საქართველოს ახალი მთავრობის წევრთა შორის.

უმთავრესი რჩევა, რომელიც ლენინმა მისცა საქართველოს მთავრობას იმაში მდგომარეობს, რომ მას საჭიროდ მიაჩნია ახალ აღმშენებლობის ხანაში ჩვენმა მმართველებმა სოციალისტური მოქმედება შეუფარდონ საქართველოს განსაკუთრებულ პირობებს.

ლენინმა უპირველესად ყოვლისა ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ჩვენში აუცილებლად დაცულ უნდა იქმნას წვრილი ვაჭრობა. წვრილი ვაჭრობის დაცვა და ზოგიერთ შემთხვევაში კი დახმარების აღმოჩენაც, როგორც ამას ლენინი ამბობს გულისხმობს და მოითხოვს არა მარტო იმას, რომ სავაჭროები ღია იყოს და ამ სავაჭროების საქონელი უზრუნველყოფილი იყოს რეკვიზიციისაგან, არამედ იმასაც, რომ შეიქმნას ისეთი საერთო პირობები გაცვლა გამოცვლისა, როდესაც ამ პატარა სავაჭროებს საშუალება მიეცემათ თავისუფალ ბაზარზე იშოვონ საქონელი და შეავსონ თავიანთი სავაჭროები. ეს უპირველესად ყოვლისა იქნება სასურსათო ხასიათის საქონელი, პროდუქტები სოფლის ინდივიდუალური ან კოოპერატიული, ამხანაგური მეურნეობისა.

ამ მიზნის განსახორციელებლად კი საჭიროა ორიგინალური გადაწყვეტა მრავალი ისეთი ძირითადი საკითხისა, რომლებზედაც დამოკიდებულია შესაძლებლობა აღებული კურსის დაცვისა და განვითარებისა.

ფულის, ანუ უკეთ რომ ვსთქვათ, ფულის ნიშნების საკითხი, საკითხი მიწის პერიოდული გადამიჯვნისა, ნატურალური გადასახადი და მრავალი ამისთანა საკითხები თვით რუსეთშიაც დღეს იმნაირად არა სწყდება, როგორც პირველ ხანებში სწყდებოდა.

ჩვენი ქვეყანა განსაკუთრებული სოციალური სტრუქტურის ქვეყანაა. ფორმები მიწის სარგებლობისა სრულიად სხვადასხვანაირია საქართველოს სხვა და სხვა კუთხეში. მესაქონლეობა, მევენახეობა, მეაბრეშუმეობა, მეთამბაქოობა, - ყველა ეს დარგი სახალხო მეურნეობისა განსაკუთრებულ დაკვირვებას მოითხოვს და თუ სადმე არის საჭირო ორიგინალობის გამოჩენა, სწორედ ამ დარგებში.

სახალხო მეურნეობის უმაღლეს დაწესებულებებს აუარებელი ისეთი ხალხი მიაწყდა, რომელთაც სრულიად არავითარი კავშირი არა აქვთ არც სოციალიზმთან და არც საქართველოს სახალხო მეურნეობასთან.

თუ ეს ორგანიზაციები საბოლოოდ ამ შემთხვევითი ხალხის ხელში დარჩა, ჩვენი სახალხო მეურნეობა საბოლოოდ დაიღუპება და სოციალიზმი ხომ ამ უცნაურად გაკომუნისტებულ ხალხის ხელში მასხრობად გადაიქცევა.

მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას