ხელისუფლებამ რუსთაველის პროსპექტი ბარიკადებისგან გაათავისუფლა

ხელისუფლებამ რუსთაველის პროსპექტი ბარიკადებისგან გაათავისუფლა

როგორც ცნობილია, 21 სექტემბერს, თბილისში უაღრესად გართულდა ვითარება.

რამდენჯერმე სცადეს ხელთ ეგდოთ მთავრობის სახლის შენობა, რომელთანაც ათასობით ადამიანი შეიკრიბა რესპუბლიკის კანონიერი ხელმძღვანელობის დასაცავად. ისინი მთელი დღე-ღამის განმავლობაში პარლამენტთან იყვნენ, სადაც მიმდინარეობდა მიტინგი.

მიტინგის დროს საკმაოდ მრავალრიცხოვანი, აგრესიულად განწყობილი პირების ჯგუფიდან სცადეს თავს დასხმოდნენ შეკრებილთ სატვირთო ავტომობილების დახმარებით. მხოლოდ მიტინგის მონაწილეთა გამბედაობამ, რესპუბლიკის ხელმძღვანელობის მტკიცე ნებისყოფამ და თავდაჭერილობამ გახადა შესაძლებელი ტრაგიკული შედეგების თავიდან აცილება. კონფრონტაცია გაგრძელდა 22 სექტემბრის დილამდე.

ღამით მთავრობის ათიათასობით  მომხრემ მოაწყო მშვიდობიანი მსვლელობა-მანიფესტაცია რუსთაველის  პროსპექტზე. მათ გზა გადაუღობეს ბარიკადებზე თავმოყრილმა კანონიერი მთავრობის მოწინააღმდეგე ჯგუფებმა.

მიუხედავად იმისა, რომ მანიფესტანტები კეთილგონიერებისათვის მოუწოდებდნენ, მათ ქვებით, არმატურის კეტებითა და სხვა საგნებით გაუმასპინძლდნენ.

უფრო მეტიც, ბარიკადებზე მყოფებმა გამოიყენეს გაზი „ჩერიომუხა“, რის შედეგადაც არის მოწამვლის შემთხვევები. უნდა აღინიშნოს, რომ მანიფესტანტთა შორის არ ყოფილა სამართალდამცავ ორგანოთა არც ერთი წარმომადგენელი.

მხოლოდ ხალხის მეცადინეობით მოხერხდა რუსთაველის პროსპექტის გაწმენდა ბარიკადებისაგან. საბედნიეროდ, არც ერთი მხრიდან არ არის მსხვერპლი.

ახლა პროვოკატორები ქალაქში  ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას, რათა გამოიწვიონ არეულობანი და გაამწვავონ ვითარება.

გთხოვთ  არ აჰყვეთ პროვოკაციებს და იყოთ მშვიდად. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ სტაბილიზაცია ჩვენს რესპუბლიკაში, რაც ჩვენი სანუკვარი მიზნის - საქართველოს დამოუკიდებლობის მიღწევის საწინდარია.

რესპუბლიკის ხელმძღვანელობა მზად არის კონსტრუქციული დიალოგისათვის ყველასთან, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლების იდეალები.

დაე, ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი!

თბილისი. 1991 წლის 22 სექტემბერი.