დიუნის კლიმატი — რამდენად შესაძლებელია არაკისის მსგავს პლანეტაზე სიცოცხლე

დიუნის კლიმატი — რამდენად შესაძლებელია არაკისის მსგავს პლანეტაზე სიცოცხლე

ფრენკ ჰერბერტის ეპიკური სამეცნიერო ფანტასტიკა ბოლო დროს კიდევ უფრო აქტუალურია. სიუჟეტის გაცოცხლება დენი ვილნევის ეკრანიზაციამ შეძლო, სადაც მოვლენები პლანეტა არაკისზე ვითარდება. ეს პლანეტა უდაბნოა, რომელიც შეიძლება მარსს მოგვაგონებდეს, მაგრამ ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, აქ სიცოცხლეა.

არაკისი — ქვიშით დაფარული, უდაბური პლანეტა. სიცოცხლე მასზე ძალიან რთულია: ცხელი ჰაერი, მცენარეთა ღარიბი საფარი და წყლის ნაკლებობა კლავს ყველას, ვინც შესაბამისად აღჭურვილი არაა.

და, აი, ახლა The Conversation-ში გამოქვეყნებული კვლევა არაკისის ტერაფორმირების პოტენციალს იკვლევს. მკვლევრებმა ამისთვის კლიმატის მოდელირებას მიმართეს, რომელიც ამინდის პროგნოზირების თანამედროვე ტექნოლოგიებთანაა ახლოს. აღსანიშნავია, რომ დიუნის სამყარო ჰერბერტმა კლიმატის მოდელირების ტექნოლოგიების გაჩენამდე წარმოიდგინა და მაინც, წიგნი ამ მხრივ საკმაოდ გამართულია.

წიგნში, ისევე როგორც ფილმში, არაკისზე საცხოვრებლად მკაცრი პირობებია, თუმცა აქ არის სუნელი მელანჟი, ძვირფასი და შეუცვლელი რესურსი, რომელიც მხოლოდ ამ პლანეტაზე მოიპოვება. მელანჟი ხსნის გონებას, ახანგრძლივებს სიცოცხლესა და კოსმოსურ მოგზაურობებს შესაძლებელს ხდის — შესაბამისად, ეს გალაქტიკაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი რესურსია.

მიუხედავად ამისა, მისი მოპოვება რთულია, რადგან პლანეტაზე არსებული მძიმე პირობების გარდა, აქ გიგანტური ჭიებია და ისინი სუნელს იცავენ.

საინტერესოა, რომ არაკისი ყოველთვის ასეთი არ იყო. წიგნში ჩანს, რომ ოდესღაც პლანეტის 91% ოკეანეებით იყო დაფარული. შემდეგ მოხდა ეკოლოგიური კატასტროფა, რამაც პლანეტის გაუდაბნოება გამოიწვია. გარდა ამისა, იყვნენ მიწისქვეშა არსებები, რომლებმაც წყლის ნარჩენი კიდევ უფრო მიწისქვეშა ღრუებში მოაქციეს. ამ პროცესმა არაკისი გარდაქმნა იმად, რადაც მას ჩვენ წიგნში ვიცნობთ.

მეცნიერებმა გამოიყენეს კლიმატის მოდელირება, რათა გამოეკვლიათ, როგორი გავლენა შეიძლება ჰქონოდა ოკეანეს არაკისის კლიმატზე. მათ ოკეანეებით დაფარული არაკისის სიმულირება მოახდინეს და ამავდროულად შეინარჩუნეს იგივე პლანეტარული პირობები.

არაკისის ოკეანეებით დაფარვამ პლანეტის მასშტაბით საშუალო ტემპერატურის 4°C-ით შემცირება გამოიწვია. ამ გაგრილებას რამდენიმე ფაქტორი უწყობს ხელს, მათ შორის ატმოსფერული ტენიანობის გაზრდა და ამრეკლავი ღრუბლების საფარი.

გარდა ამისა, დედამიწაზე არსებული ოკეანეების მსგავსად, სავარაუდოა, რომ არაკისის ოკეანეებიც გამოყოფდნენ ჰალოგენებს, რაც პლანეტას გააგრილებდა. გასათვალისწინებელია სათბურის გაზები, რომელიც არაკისზე უფრო მეტია, ვიდრე დედამიწაზე.

სიცოცხლის ინდექსი. როგორც უდაბნოს, ისე ოკეანეს შემთხვევაში, არაკისი ბევრად უფრო სიცოცხლისუნარიანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა პლანეტა.

ზემოთ ხედავთ გრაფას, სადაც ნაჩვენებია რამდენად შეეძლებოდა არაკისის მსგავს პლანეტას სიცოცხლისთვის მასპინძლობა. როგორც შენიშნეთ, სხვა პლანეტებთან შედარებით, არაკისი საკმაოდ სტუმართმოყვარეა, განსაკუთრებით ოკეანის არსებობის შემთხვევაში.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ოკეანეები პლანეტას აგრილებენ. ეს იმის გამო ხდება, რომ წყალი უფრო მალე ცხელდება და გრილდება, ვიდრე მიწა. შესაბამისად, ოკეანეებით დაფარული არაკისი უფრო სტაბილურ კლიმატს შეინარჩუნებდა, ვიდრე მისი უდაბნოს ანალოგი.

გაუდაბნოებულ არაკისზე ტემპერატურას შეიძლება 70° C-მდეც მიეღწია, მაშინ როდესაც ოკეანეებით სავსე იგივე პლანეტაზე ტემპერატურის მაქსიმუმი 45°C იქნებოდა.

ასეთ შემთხვევაში პოლუსების მიღმა გაჩნდებოდა ტყეები და სახნავი მიწა. მიუხედავად ამისა, საქმეს გაართულებდა დიდი ციკლონები, რომლებიც მასიურ ოკეანეებში წარმოიქმნებოდა. ეს სანაპირო რეგიონებს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა.

კვლევა მნიშვნელოვანია ეგზოპლანეტების შესწავლისთვისაც. მეცნიერები აქტიურად ეძებენ დასახლებულ პლანეტებს და იყენებენ ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა ზომა, ტემპერატურა და წყლის რაოდენობა. ამჟამად, ჩვენი ტექნოლოგია შეზღუდულია და იძლევა ზოგადი შეფასებების საშუალებას, რაც კლიმატის დინამიკის ანალიზს ართულებს.

სავარაუდოა, რომ კოსმოსში არაკისის მსგავსი, გაუდაბნოებული ეგზოპლანეტები უფრო ხშირია, ვიდრე დედამიწის მსგავსი ციური სხეულები. ასეთ მშრალ გარემოში კი სიცოცხლეს გაჩენა და განვითარება გაუჭირდება. მიუხედავად ამისა, როგორც არაკისის სიმულაციაში ვხედავთ, ეს მაინც შესაძლებელია.

ამიტომ, ასეთი პლანეტების მოდელების შექმნასა და შესწავლას მომავალში სიცოცხლის ძიების მხრივ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეს.