გემახსოვრებათ, რომ რამდენიმე წლის წინ ყველასთვის საყვარელი ვინი პუჰისგან საშინელებათა ფილმის ანტაგონისტი შექმნეს. მართალია, ვინი პუჰი: სისხლი და თაფლი ყველაზე ცუდი ფილმების სიაში მოხვდა, თუმცა მისი წარმატება ნამდვილად უნდა ვაღიაროთ — ფილმის შემქმნელებმა გადაღებებისთვის $50,000 დახარჯეს, მისმა შემოსავალმა კი $5,2 მილიონს მიაღწია.
ამჯერად Jagged Edge Productions და ITN Studios ახალ პროექტზე მუშაობენ. ისინი პროექტს მარველის Avengers: Infinity War-ს ადარებენ, რომელშიც სხვადასხვა სუპერგმირი ერთ ფილმში ერთიანდება.
საშინელებათა ჟანრის ახალ ფილმში სხვადასხვა ანიმაციური ფილმის პერსონაჟი გაერთიანდება და ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოლებს, მაგალითად, პინოქიო, მძინარე მზეთუნახავი, ბემბი, შეშლილი მექუდე და სხვები. სავარაუდოა, რომ ფილმი 2025 წელს გამოვა და რა თქმა უნდა, მისი ერთ-ერთი მთავარი გმირი კვლავაც ვინი პუჰი იქნება. Poohniverse: Monster Assemble-ის ოფიციალური პოსტერი უკვე გავრცელდა და მასზე ჩვენთვის საყვარელ პერსონაჟებს ვხვდებით.
ფილმის მსახიობმა და პროდიუსერმა, სკოტ ჩემბერსმა, განმარტა, რომ როგორც საშინელებათა ჟანრის მოყვარულებს, სურდათ, გმირები ბოროტმოქმედებად ექციათ და ერთ ფილმში გაეერთიანებინათ.
ვიცით, რომ როგორც ვინი პუჰის შემთხვევაში მოხდა, პროექტის იდეის ავტორები თითოეულ ანიმაციურ გმირზე ფილმს ცალ-ცალკე გამოუშვებენ, შემდეგ კი მათ ერთობლივად Poohniverse-ში ვნახავთ.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი გმირები დისნეის პერსონაჟები არიან, საშინელებათა ჟანრის ამ პროდუქტებს დისნეისთან საერთო არაფერი აქვს. საქმე ისაა, რომ ანიმაციების ნაწილი საზოგადოებრივ საკუთრებად იქცა, რადგან დისნეის საავტორო უფლებებს ვადა ამოეწურა. შესაბამისად, მისი ინტერპრეტაციისა და ადაპტირების საშუალება ნებისმიერ ხელოვანს მიეცა.
იგივე ბედი უკვე გაიზიარა ბავშვების საყვარელმა მიკი მაუსმაც, რომელიც ახალ ფილმში მკვლელად იქცა. ამასობაში კი, ITN Studios-მა ვინი პუჰზე უკვე მეორე ფილმის გადაღებაც მოასწრო და მისი პრემიერა 26 მარტს შედგება. ვნახოთ, ამჯერად რას უმზადებენ ანიმაციურ გმირებს.