რა ღირს რუსთავის ბაზრობაზე ავტომანქანის გაყიდვა

რა ღირს რუსთავის ბაზრობაზე ავტომანქანის გაყიდვა

რუსთავის შესასვლელთან არსებული მინდვრის ერთი ნაწილი აგერ მეორე წელია ავტომანქანების ბაზრობამ აითვისა. რომ გითხრათ, იქ დილიდან საღამომდე გაცხოველებული ვაჭრობა მიდის-მეთქი,მოგატყუებთ, რადგან ბაზრობაზე მანქანები მყიდველს აშკარად სჭარბობს და რაც მთავარია, დღეში იმდენი ავტო იყიდება, დასათვლელად ხელის თითები გეყოფათ.

ამის მიზეზი უფულობაა, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს - საქართველოში მანქანები არარეალურად ძვირია და 15 წლის „მერსედესს" საუკეთესო შემთხვევაში 3.500 დოლარად თუ იყიდით და ეს მაშინ, როცა იგივე ავტომობილი გერმანიაში 700 ევრო, ანუ 1.000 დოლარიც კი არ ღირს.

- გზა ჯდება ძვირი და ზედმეტად ძვირია განბაჟებაც. ამიტომაც გვიწევს ფასის გაზრდა და არარეალურ ნიშნულზე გაჩერება, ჩვენ კი თითო მანქანიდან 300-დან 500 დოლარამდე გვრჩება, გააჩნია, რამდენ ხანში გავყიდით, - გვითხრა ე.წ. "პერეგონშიკმა".

რუსთავის ბაზრობაზე ყველაფერი ძვირი ღირს. მანქანის დაყენება დღეში 10 ლარია და მფლობელებს სულ არ აინტერესებთ, მანქანას ერთ დღეში გაყიდი თუ ერთ თვეში. 50 თეთრი ღირს საპირფარეშო, ხოლო საკვები, რომელსაც რატომღაც ხაჭაპურს ეძახიან, 2 ლარიდან იწყება.

დღეში ერთი ხაჭაპური რომ მიირთვათ, უკაცრავად და, ბუნებრივი მოთხოვნილება

მხოლოდ ორჯერ დაიკმაყოფილოთ, დღეში რუსთავული ბაზრობა 13 ლარი დაგიჯდებათ და თუ მანქანას ერთი თვის განმავლობაში ვერ გაყიდით, ხარჯი თვეში 500 ლარს აღწევს. ძალაუნებურად მანქანის ფასიც გაიზრდება.

- ალბათ, ძველ მანქანებზე გადასახადი კიდევ უფრო გაიზრდება და 10 წელზე ზევით ავტომობილების ჩამოყვანა აზრს დაკარგავს. ახალი მანქანა ვის არ უნდა, მაგრამ მოსახლეობა ძველებსაც ვერ ყიდულობს და თუ ამ კანონს მიიღებენ, უმუშევარი ვრჩებით, რადგან კაცი რომ მანქანაში 10 ათასზე მეტს იხდის, იმას ჩვენი ჩამოყვანილი რად უნდა, პირდაპირ რომელიმე ფირმას მოურიგდება, - ესეც იმავე "პერეგონშიკმა" გვითხრა.

ის პარლამენტარი, რომელიც ამ კანონის გატანას წინა მოწვევის პარლამენტში ცდილობდა, ბესო ჯუღელი გახლავთ. ის ჯუღელი, რომელიც აღიარებდა, მილიონერი ვარო და... რომელმაც განცხადება დაწერა, უმწეოთა დახმარება დამინიშნეთ და ოპერაცია უფასოდ გამიკეთეთო...