ცოტა ხნის წინ სელინ დიონმა ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა და იმ სირთულეების შესახებ ისაუბრა, რაც იშვიათი ნევროლოგიური დაავადების დიაგნოზთან ერთად ცხოვრებას თან ახლავს. 2022 წელს სელინ დიონს გაშეშებული ადამიანის სინდრომი (Stiff Person Syndrome) დაუდგინდა, რომლის ძირითადი სიმპტომიც კუნთების უკონტროლოდ დაჭიმვაა. დიაგნოზის გამო მომღერალმა 2022 წელს დაგეგმილი მსოფლიო ტურნე გააუქმა.
"როგორც ბევრმა თქვენგანმა უკვე იცის, 2022 წლის შემოდგომაზე გაშეშებული ადამიანის სინდრომი დამიდგინდა. გაშეშებული ადამიანის სინდრომით ცხოვრება ურთულესი გამოცდილებაა, მაგრამ ისევ მტკიცედ მჯერა, რომ ერთ დღეს სცენაზე დავბრუნდები და ნორმალურად ცხოვრებას გავაგრძელებ. დიდად მადლიერი ვარ ჩემი შვილების, ოჯახის, გუნდის და ყველა თქვენგანის სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის", — წერს სელინ დიონი ინსტაგრამზე.
გაშეშებული ადამიანის სინდრომის დიაგნოზს მილიონიდან მხოლოდ ერთ ადამიანს უსვამენ. ეს იშვიათი ნევროლოგიური დაავადება თანდათან პროგრესირებს და იწვევს ტკივილს, კრუნჩხვებს და კუნთოვან გაშეშებას. დაავადება არ იკურნება, თუმცა მკურნალობით მისი პროგრესირების შენელება შეიძლება.
სელინ დიონმა ინსტაგრამზე ფოტო 15 მარტს, გაშეშებული ადამიანის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს, გამოაქვეყნა. ფოტოზე სელინ დიონს 3 შვილთან ერთად ვხედავთ, რომლებიც მომღერალს რენე ანჯელილისგან ჰყავს. კანადელი მუსიკოსი და პროდიუსერი რენე ანჯელილი 2016 წელს სიმსივნის შედეგად გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, სელინ დიონი წლევანდელ გრემის დაჯილდოებას დაესწრო. მომღერალი სცენაზეც გამოვიდა, მაყურებელს სიტყვით მიმართა და საღამოს მთავარი ჯილდო — წლის საუკეთესო ალბომი — ტეილორ სვიფტს სწორედ მან გადასცა.