ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საი-ფაის ჟანრის სერიალი შავი სარკე მე-7 სეზონით ბრუნდება. უკვე ვიცით, რომ ერთ-ერთი სერია მე-4 სეზონის გახმაურებული ეპიზოდის, USS Callister-ის, ერთგვარი გაგრძელება იქნება.
მე-4 სეზონის ეს სერია Star Trek-ის სტილშია გადაღებული. ეპიზოდ USS Callister-ის მთავარი გმირი, რობერტ დალი, ერთ-ერთი მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიის პროგრამისტი იყო, რომელმაც თანამშრომლებზე შურის საძიებლად ისინი თავისივე შექმნილ თამაშში გამოამწყვდია — მათი ციფრული კლონები შექმნა, თვითონ კი მათ ლიდერად იქცა. ეპიზოდის სიუჟეტი კოსმოსურ ხომალდში მიმდინარეობს, სადაც გუნდს სხვადასხვა დაბრკოლების გადალახვა უწევს.
ნეტფლიქსის თქმით, დალი ამჯერად მკვდარია, თუმცა მისი გუნდის დანარჩენ 6 წევრს ახალი გამოწვევები ელის, რაც იმას ნიშნავს, რომ მე-4 სეზონის მსახიობები დაბრუნდებიან, მათ შორის, კრისტინ მილიოტი, რომელიც საზოგადოებამ How I Met Your Mother-ში ნათამაშები როლით შეიყვარა.
სერიალის შემქმნელებმა შოუს ახალი თიზერი ცოტა ხნის წინ გაავრცელეს. უკვე ვიცით, რომ შავი სარკე 2025 წელს გამოვა და ის 6 სერიას გააერთიანებს.
ემის მფლობელი Black Mirror 2011 წლიდან მოყოლებული ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დისტოპიური სერიალია. შოუს ყოველი ეპიზოდი ცალკე ფილმია, რომლის მოქმედება ძირითადად ახლო მომავალში მიმდინარეობს და მათში მსახიობების განსხვავებული შემადგენლობა თამაშობს, განსხვავებულია მოქმედების ადგილიცა და სცენარიც. სერიალში ნაჩვენებია თანამედროვე საზოგადოება, განსაკუთრებით კი, მასზე ტექნოლოგიების ზემოქმედების შედეგი.