ასტრიდ ლინდგრენის ცნობილი საბავშვო კლასიკა ყაჩაღის ასული რონია მალე ნეტფლიქსზე გაცოცხლდება. შვედი მწერლის სათავგადასავლო ფენტეზი წიგნის მიხედვით კომპანიამ სერიალი გადაიღო, რომლის პრემიერაც მარტის მიწურულს შედგება.
შვედურენოვანი პროექტის რეჟისორი ლისა ჯეიმს ლარსონია, სცენარისტი — ჰანს როზენფელტი, სერიალში მთავარ როლს კი შერსტინ ლინდენი ასრულებს.
"უამრავი ჩვენგანი ყაჩაღის ასულ რონიასთან ერთად გაიზარდა. ძალიან ვამაყობთ და მადლიერები ვართ, რომ ამ პროექტში ყველამ დიდი შრომა ჩადო", — აღნიშნავს ლარსონი, — "ნამდვილი რონიას საპოვნელად 4 000-ზე მეტი მსახიობი გადავარჩიეთ, გადასაღებად კი შვედეთის ყველაზე გასაოცარ ადგილებს ვეწვიეთ, დალარნას უღრანი ტყეებით გარშემორტყმული ბოუსლენის ციხესიმაგრეებიდან იემტლანდის შთამბეჭდავ ჩანჩქერებამდე".
ყაჩაღის ასული რონია ასტრიდ ლინდგრენმა 1981 წელს გამოსცა. წიგნი გვიყვება თავგადასავლების მოყვარულ უშიშარ გოგოზე, რომელიც ყაჩაღთა ბელადს ჭექაქუხილიან ღამეს შეეძინება. რონია ჯადოსნურ, მაგრამ ძალიან სახიფათო ტყეში იზრდება და მალევე უმეგობრდება ბირკს, მამამისის მოსისხლე მტრის ვაჟს. ლინდგრენის წიგნების უმეტესობის მსგავსად, ყაჩაღის ასული რონიაც ნათარგმნია ქართულად. საბავშვო რომანის მიხედვით, გადაღებულია ფილმი, ორი მიუზიკლი და ანიმე.
რაც შეეხება ნაწარმოების ეკრანიზაციას ნეტფლიქსზე, სერიალი ორ ნაწილად გამოვა. პირველი ნაწილის პრემიერა პლატფორმაზე 28 მარტს შედგება, მეორე ნახევარს კი მაყურებელი რამდენიმე თვეში იხილავს.