მიხეილ დარჩიაშვილის ვიზიტი რუმინეთში

მიხეილ დარჩიაშვილის ვიზიტი რუმინეთში

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა შეხვედრები გამართა რუმინეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში.

თავდაცვის მინისტრის სახელმწიფო მდივანთან თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის საკითხებში სებასტიან ჰულუბანთან, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის სახელმწიფო მდივანთან სტრატეგიულ საქმეებში ბოგდან აურესკუსთან შეხვედრებზე, მხარეებმა სამხედრო სფეროში ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილეს ყურადღება. ორივე შეხვედრაზე რუმინელმა მაღალჩინოსნებმა კმაყოფილება გამოთქვეს საქართველოში ჩატარებული გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების გამო.

საუბარი საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საკითხსაც შეეხო. მიხეილ დარჩიაშვილმა რუმინეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების სახელმწიფო მდივნებს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე სრული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. რუმინულმა მხარემ განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს წვლილი მსოფლიო უსაფრთხოებაში. საუბარი შეეხო პოსტ-ISAF-ის მისიაში საქართველოს მონაწილეობასაც.

რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრია ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე. მან რუმინეთის გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-ლეიტენანტ შტეფან დანილასთან გამართა შეხვდა. ბრიგადის გენერალმა რუმინეთის სამხედრო ძალების მეთაურს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმები გააცნო.

რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ასევე, შეხვდა პარლამენტში, სენატის თავდაცვის, საზოგადო წესრიგისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს, კორნელიუ დობრიციუს და ქვედა პალატის თავდაცვის, საზოგადო წესრიგისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს, იონ მოსიჩალკას.