Figure-ის ჰუმანოიდ რობოტს უკვე საუბრის გარჩევაც შეუძლია 

Figure-ის ჰუმანოიდ რობოტს უკვე საუბრის გარჩევაც შეუძლია 

რობოტების მწარმოებელმა კომპანია Figure-მა და ChatGPT-ს შემქმნელმა OpenAI-მ ცოტა ხნის წინ თანამშრომლობა დაიწყეს. მათ ჰუმანოიდ რობოტთა შესაძლებლობების გაუმჯობესება სურდათ. ახლახან გამოქვეყნებულ ვიდეოში ვხედავთ, რომ რობოტი, სახელად Figure 01, ადამიანს რეალურ დროში ესაუბრება.

Figure-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრეტ ადკოკმა, საკუთარი გეგმების შესახებ გასულ წელს გვამცნო. წამოწყებაზე სამუშაოდ მან არაერთი დიდი კომპანიის — Boston Dynamics, Tesla, Google DeepMind და Archer Aviation — სპეციალისტები შეკრიბა, რათა "მსოფლიოს პირველი კომერციულად პერსპექტიული მრავალმიზნობრივი ჰუმანოიდი რობოტი" შეექმნათ.

გასული წლის ოქტომბერში Figure 01 უკვე ფეხზე დადგა და მარტივი მოქმედებების დამოუკიდებლად შესრულება შეეძლო. წლის დასასრულს მას ყურებით სწავლის უნარებიც დაემატა, ხოლო იანვრის შუა რიცხვებში კი იგი იმისთვისაც მზად იყო, რომ BMW-ს მუშახელი გამხდარიყო.

ცოტა ხნის წინ რობოტი საწყობში მუშაობის პროცესშიც ვიხილეთ, აქედან მალევე კი Figure-მა OpenAI-სთან თანამშრომლობის დაწყების შესახებ გვამცნო, რათა ერთად "შეექმნათ შემდეგი თაობის AI მოდელები ჰუმანოიდი რობოტებისთვის".

ადკოკმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ Figure 01-ის ინტეგრირებული კამერები მონაცემებს დიდ ხედვა-ენის მოდელს უგზავნის, რომელიც OpenAI-მ გაწვრთნა. მეორე მხრივ, რობოტზე არსებული კამერების მეშვეობით Figure-ის ნეირონული ქსელები სურათებს 10 ჰერცით იღებს.

OpenAI-ს დამსახურებაა ის, რომ რობოტს ნალაპარაკების გარჩევა შეუძლია, მთელი ეს ინფორმაცია კი ნეირონული ქსელის მიერ "სწრაფ, საბაზისო, აზრიან რობოტულ ქმედებებად გარდაიქმნება".

ადკოკმა დაადასტურა, რომ დემონსტრაციის დროს რობოტს დისტანციურად არ მართავდნენ და ვიდეო რეალური სიჩქარითაა ჩაწერილი.

საგულისხმოა, რომ კომპანიებმა თანამშრომლობა სულ რაღაც ორი კვირის წინ დაიწყეს. ამ ტემპის გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ სამომავლოდ კიდევ არაერთ საინტერესო სიახლეს ვიხილავთ.