ოლივია როდრიგომ ცოტა ხნის წინ მისურის ქალაქ სენტ-ლუისში კონცერტი გამართა. კონცერტზე მისულ გულშემატკივრებს კი სიურპრიზი დახვდათ: ყველა მსურველს კონცერტიდან ჩასახვის საწინააღმდეგო აბებისა და პრეზერვატივების სახლში უფასოდ წაღება შეეძლოთ.
როგორც ერთ-ერთი ფანი ჰყვება, ყველა ტუალეტში მაგიდა იყო გამოყოფილი, საიდანაც კონტრაცეპტივების აღება ნებისმიერს შეეძლო. ასევე, სურვილის შემთხვევაში, ქალთა რეპროდუქციული უფლებების დაცვის ფონდისთვის შემოწირულების გაღება იქვე იყო შესაძლებელი.
"კონტრაცეპტივები მაშინვე შევნიშნეთ და როცა ვიკითხე, რა ხდებოდა, მითხრეს, რომ აღება უფასოდ შეგვეძლო. მე, ჩემმა დამ და მეგობარმა ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ავიღეთ. მართალია, მე პირადად არ მჭირდება, თუმცა შევინახავ იმ შემთხვევისთვის, თუ რამე მოხდება", — ამბობს 25 წლის მადლინ რიტერი, რომელიც ოლივიას კონცერტს დაესწრო.
ოლივია როდრიგომ გასულ თვეში მსოფლიო ტურნესთან ერთად ინიციატივა, სახელად Fund 4 Good, წამოიწყო, რომლის მიზანიც ქალების რეპროდუქციული უფლებების დაცვაა. ინიციატივის ფარგლებში, ოლივიამ პარტნიორობა დაიწყო აბორტის ფონდების ეროვნულ ქსელთან, რომელიც აშშ-ში დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებს აბორტზე ხელმისაწვდომის ზრდაში ეხმარება.
მისურის შტატში აბორტი უკანონოა და დაშვებულია მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა ნაყოფი ორსულის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ოლივიას კონცერტზე კი ადგილობრივი ორგანიზაციის, Right By You-ის, აქტივისტებიც მივიდნენ, რომლებიც მისურელ ახალგაზრდებს ფეხმძიმობის, აბორტისა და სხვა რეპროდუქციული უფლებების შესახებ ინფორმაციას აწვდიან და აბორტის გაკეთების გადაწყვეტის შემთხვევაში, შტატის გარეთ ხარჯების დაფარვაშიც ეხმარებიან.
"აქ ოლივიამ მოგვიწვია, რისთვისაც მადლობელი ვარ და გული სიხარულით მევსება. ეს შემთხვევა კი გვიჩვენებს, რამდენად კარგი იქნება, თუ სხვა არტისტებიც იმავეს გააკეთებენ. იმედი მაქვს, სხვებიც ოლივიას მაგალითს მიბაძავენ", — განაცხადა Right by You-ის წარმომადგენელმა.
მას შემდეგ, რაც მისურიში აბორტი აიკრძალა, აქტივისტებს სურთ, რომ ეს საკითხი ხმის მიცემით შტატის მაცხოვრებლებმა გადაწყვიტონ. ბოლო კვლევამ კი აჩვენა, რომ გამოკითხულთა 44% აბორტის უფლების აღდგენის მომხრეა.