ცხინვალში გვირაბის ბოლოს მოსკოვს ხედავენ, თბილისში - ცხინვალს

ცხინვალში გვირაბის ბოლოს მოსკოვს ხედავენ, თბილისში - ცხინვალს

ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმს „იდეები“ არ ელევა. ხშირად ისინი უტოპიურ ხასიათს ატარებენ და რეალობასთან საერთო ცოტა აქვთ. თუმცა, შესაძლოა ეს ის შემთხვევა იყოს, როდესაც „ვინც ხელს გვიშლის, ისვე დაგვეხმარება“.  

კოკოითის ხელისუფლებას რუსეთთან დაკავშირება სარკინიგზო მაგისტრალითაც სურს. დე ფაქტო მთავრობას ამბიციური პროექტი მშენებლობის მინისტრის მოადგილემ ვიგარის სმელტერსმა წარუდგინა. მისი თქმით, რკინიგზა ან მამისონის უღელტეხილის, ან როკის გავლით უნდა გაკეთდეს.

მამისონის გადასასვლელს აგვისტოს ომამდე ქართველი მესაზღვრეები იცავდნენ, ახლა კი იქ უკვე რუსები დგანან, რომლებმაც მამისონთან მეტეოსადგურის ოკუპაცია მოახდინეს და საგუშაგო გახსნეს.

„პროექტი ამბიციურია და გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს. ეს იქნება ან მამისონის, ან ძველი ოსური სამხედრო გზის გავლით. მიზანი ისაა, რომ სამხრეთ ოსეთი ცენტრალური სატრანსპორტო კორიდორი გახდეს არა მარტო კავკასიის რეგიონისთვის, არამედ ირანისა და თურქეთისთვის“, - აცხადებს ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში ვიგარის სმელტერსი, თუმცა არ აკონკრეტებს, როგორია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე რუსეთ-ცხინვალის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელებას გამორიცხავს.

„ასეთი ტიპის პროექტის არსებობაზე კომუნისტების დროსაც იყო ცნობილი, მაგრამ ეს იმდენად ძვირადღირებული და არაპერსპექტიული იყო, რომ თავი გაანებეს. ამდენად, კოკოითის მთავრობის წარმომადგენელთა განცხადება, რომელიც რუსეთთან დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალის მამისონის უღელტეხილით შესაძლო გაყვანას უკავშირდება, ხალხის მოტყუებაა და სხვა არაფერი.

რაც შეეხება მეორე - რკინიგზის როკის გვირაბით გაყვანის ვარიანტს, რუსეთს ამის გაკეთების იდეა მართლაც აქვს. განიხილება, კერძოდ, როკის გვირაბის გვერდზე პარალელური გვირაბის გაჭრის პროექტი, რათა სატრანსპორტო არტერია უფრო ინტენსიურად იყოს დატვირთული“, - განაცხადა ექსპერტმა.

ამასთან, მისთვის პროექტის მეორე ვარიანტის განხორციელებაც საეჭვოა.

„ჯერ ერთი, გაუგებარია, რით უნდა დატვირთონ ახალი სატრანსპორტო არტერია მაშინ, როდესაც განსაკუთრებული მოძრაობა არც როკის გვირაბშია. გარდა ამისა, რომც დავუშვათ ასეთი რკინიგზის არსებობა, რომელიც ცხინვალში შეწყდება და საქართველოში აღარ გაგრძელდება, მოსკოვში იდიოტები არ არიან, ვერ ხვდებოდნენ, რომ რკინიგზა, რომელიც ვერც ირანში და ვერც თურქეთში წავა, წამგებიანია“, - განმარტა არეშიძემ.

არეშიძემ არ გამორიცხა, რომ აღნიშნული პროექტის განხილვა ცნობილი რუსი ჟურნალისტის ალექსანდრე პროხანოვის მიერ დღეს გაჟღერებულ ინფორმაციას უკავშირდებოდეს, რომლის თანახმად, რუსეთის ხელისუფლების გარკვეული წრეები ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს ურთიერთობების კონფედერაციულ მოდელს განიხილავენ.

„შესაძლოა, სარკინიგზო მაგისტრალის გაყვანა რუსეთისა და ცხინვალის რეჟიმის მხრიდან სწორედ ამ რაკურსში განიხილებოდეს. სხვა შემთხვევაში ეს სრული უტოპიაა,“ - აცხადებს არეშიძე.

თავის მხრივ პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს რუსეთ-ცხინვალის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტის იდეა მოსწონს. „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ზაქარეიშვილი აღნიშნულ იდეას მიესალმება, თუმცა „ფანტასტიკის სფეროდ“ მიიჩნევს. მისი თქმით, „ასეთი ძვირადღირებული პროექტების დაწყება დე ფაქტო რესპუბლიკის მშენებლობის მინისტრის მოადგილის დონეზე არ წყდება, საინტერესო კი თავად კრემლის პოზიცია იქნება“.

ამასთან, ზაქარეიშვილი ასეთი პროექტის განხორციელების შემთხვევაში ტრაგიკულს ვერაფერს ხედავს და განმარტავს, რომ „მეტი სატრანსპორტო კომუნიკაცია მომავალში სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან ინტეგრაციას უფრო შეუწყობს ხელს“.

„სამხრეთ ოსეთის მშენებლობის მინისტრის მოადგილის დონეზე ამის დაჯერება ძნელია. ასეთი განცხადება რუსეთმა რომ გააკეთოს, მეტად დამაჯერებელი იქნება. მით უმეტეს, არსებობს სტრატეგია ჩრდილოეთ კავკასიის ათვისების შესახებ და მასში მსგავსი არაფერი წერია. პირადად მე იდეას მივესალმები, ვინაიდან არსებობს როკის გვირაბი და მიმდინარეობს მიმოსვლა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მეტი მსხვილი არტერია გადიოდეს. მით უმეტეს, რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში მაინც დაბრუნდება.

პრეზიდენტი სულ სააკაშვილი ხომ არ იქნება?! როგორც კი სააკაშვილი წავა ხელისუფლებიდან, გარკვეული პროცესები დაიწყება, რომელიც ოსი ხალხისთვის და მათი ცხოვრების ღირსეული პირობების შესაქმნელად მისაღები და საინტერესო უნდა იყოს.

თუ ამას რკინიგზაც დაემატება და ამავდროულად აფხაზეთის რკინიგზაც გაიხსნება, საქართველო არა მარტო კავკასიაში, არამედ მსოფლიოში საკმაოდ სერიოზული კვანძი გახდება. მე ეს ამბიციური და ფანტასტიკური იდეა ძალიან მომწონს, მაგრამ ვფიქრობ, უფრო ფანტასტიკის სფეროსთან გვაქვს საქმე“, - აცხადებს ზაქარეიშვილი.