უკრაინის შესახებ გადაღებულმა ფილმმა 20 დღე მარიუპოლში საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში ოსკარი მოიპოვა. ეს პირველი უკრაინული ფილმია, რომელმაც აკადემიის ჯილდო დაიმსახურა.
რეჟისორმა მსტისლავ ჩერნოვმა 20 დღე მარიუპოლში რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ალყაში მოქცეულ ქალაქში გადაიღო. ჩერნოვი უკრაინელი ჟურნალისტია, რომელმაც 2022 წლის დასაწყისში რუსეთ-უკრაინის ომის გაშუქება დაიწყო და შემდეგ მასალა ფილმად შეკრა.
ფილმს ოსკარის მიღებას მას შემდეგ უწინასწარმეტყველებდნენ, რაც სხვა პრესტიჟული ჯილდოები, მათ შორის, Bafta მოიპოვა.
"ჩემთვის ეს ჯილდო დიდი პატივია, თუმცა ამ სცენაზე ალბათ პირველი რეჟისორი ვიქნები, რომელიც იტყვის, რომ ვისურვებდი, ეს ფილმი არ გადამეღო. მინდა, ამ ჯილდოს იმაზე გაცვლა შემეძლოს, რომ რუსეთი უკრაინაში არასოდეს შეჭრილიყო და ჩვენი ქალაქები არ აეღო.
ისტორიისა და წარსულის შეცვლა არ შემიძლია, მაგრამ ყველას ერთად შეგვიძლია უზრუნველვყოთ, რომ სიმართლემ გაიმარჯვოს და მარიუპოლის მოსახლეობა, ადამიანები, რომლებიც დაიხოცნენ, არასოდეს დაგვავიწყდეს. კინო ქმნის მოგონებებს, მოგონებები კი ისტორიას. დიდება უკრაინას", — თქვა რეჟისორმა სიტყვით გამოსვლისას.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის, მათ შორის, მარიუპოლის, ოკუპაცია მოახდინა.