ვინ-ვინ და მირიამ მარგოლიზი თუ ჩათვლიდა, რომ ჰარი პოტერი მხოლოდ ბავშვებისთვისაა, ნაღდად ვერ ვიფიქრებდით. ცნობილმა ინგლისელ-ავსტრალიელმა მსახიობმა პოტერიადის ეკრანიზაციაში თავადაც ითამაშა — მან განასახიერა პროფესორი პომონა სპრაუტი, რომელიც ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლის სტუდენტებს ჰერბოლოგიას ასწავლიდა. თუმცა, მარგოლიზი მიიჩნევს, რომ ეს ჯადოსნური საგა "დასრულდა".
"ჰარი პოტერის ფანებზე ვდარდობ. წესით, სერიასთან ურთიერთობა უკვე დასრულებული უნდა ჰქონდეთ", — განაცხადა მსახიობმა უახლეს ინტერვიუში, — "ეს ხომ 25 წლის წინ იყო და თან ბავშვებისთვისაა. ისინი [ფანები] კი იქ ჩარჩნენ. ზოგჯერ ხალხისგან მესმის, ჰარი პოტერის თემატიკის ქორწილი გვაქვსო და ვფიქრობ ხოლმე, ღმერთო, ნეტავ პირველი ღამე რანაირი ექნებათ-მეთქი. ვერც კი წარმომიდგენია".
ამის მიუხედავად, მარგოლიზი მიიჩნევს, რომ ჰარი პოტერი "შესანიშნავი" სერიაა და მადლიერია, თავად მასში მონაწილეობის შესაძლებლობა რომ ჰქონდა.
თუმცა, პოტერიადის საგა რომ არ დასრულებულა, ამაზე ბოლოდროინდელი ამბებიც მიუთითებს — უთუოდ გაიგებდით, რომ კინოსტუდია Warner Bros. ჯოან როულინგის წიგნების მორიგ, უკვე სატელევიზიო ეკრანიზაციაზე მუშაობს. როგორც ცნობილია, 7 სეზონად ჩაფიქრებული სერიალის პრემიერას 2026 წლისთვის უნდა ველოდოთ.
ჰარი პოტერი კი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წიგნების სერიად რჩება. ის თარგმნილია 87 ენაზე და მსოფლიოში 600 მილიონზე მეტ ეგზემპლარად არის გაყიდული. შვიდწიგნეულის მიხედვით გადაღებული რვავე ფილმის შემოსავალმა ჯამში $7,7 მილიარდს გადააჭარბა.