კალაძეს მილანში ფათიჰ თერიმი დახვდა

კალაძეს მილანში ფათიჰ თერიმი დახვდა

ახალი მწვრთნელი, ახალი და სახელიანი თანაგუნდელები, მიზანი კი უწინდელი - სკუდეტო. აი, ასეთი ამბიციები დახვდა კახა კალაძეს მილანში.

ხასიათი კი ისევ წამხდარი აქვს - მისი გატაცებული ძმის თაობაზე ახალი და კარგი ჯერაც არაფერი ისმის, ამას მძიმე საფიქრალ-საჭოჭმანოც დაერთო, ითამაშოს თუ არა საქართველოს ნაკრებში.

და მიუხედავად ამისა, კახა კალაძე ახალ „მილანზე“, პარტნიორებზე, ახალგახსნილ საკუთარ ვებ-გვერდზე გვესაუბრება.

- ორშაბათს შევიკრიბეთ ბაზაზე და მას შემდეგ აქ ვართ, - გვითხრა კახამ, - ორჯერადი ვარჯიშები, საკმაოდ დიდი ფიზიკური დატვირთვები. ბურთს არც ვეკარებით. ცალკე გვყავს ფიზმომზადების მწვრთნელი და ჯერჯერობით მისი ხელმძღვანელობით ვვარჯიშობთ. ფათიჰ თერიმი ჯერ მხოლოდ გვიცქერის.

ახალ მწვრთნელს პირადად არ შეხვედრიხარ?

- პირადად არა. არც მანამდე მქონია მასთან ურთიერთობა. ორშაბათს გაგვეცნო, საათ-ნახევარი გველაპარაკა. გულთბილი, მეგობრული კაცი ჩანს, დანარჩენი კი ნელ-ნელა გამოჩნდება. სულ ორი დღეა, რაც მზადება დავიწყეთ და თერიმზე, როგორც მწვრთნელზე, ბევრს ვერაფერს გეტყვი. ისე კი, მისდროინდელ „გალათასარაისაც“ თუ გავიხსენებთ და „ფიორენტინასაც“, რომელსაც სამი-ოთხი თვე წვრთნიდა, საკმაოდ ძლიერი სპეციალისტი უნდა იყოს. თანაც „მილანში“ ისეთ მწვრთნელს არ დანიშნავენ, მისი ცოდნა თუ აეჭვებთ. თერიმმა ერთი დიდი საქმე უკვე გააკეთა, როცა „მილანის“ ხელმძღვანელობისგან რუი კოშტას შეძენა მოითხოვა.

მილანისთვის“ ინძაგიც დიდი ძალა უნდა იყოს.

- რა თქმა უნდა, ძლიერი ფეხბურთელია. ის, კონტრა, ხავი მორენო და რუი კოშტა „მილანისთვის“ მართლაც საჭირო ფეხბურთელები არიან.

ამის შემდეგ სკუდეტოზე ფიქრიც რეალურია.

- ვნახოთ, ყველაფერი ხომ ჩვენზეა დამოკიდებული. ახალ სეზონში „მილანი“ ძალიან მაგარი გუნდი იქნება. რედონდოც დაგვემატება და... აქაც, იტალიაში, ბევრი წინასწარმეტყველებს ჩვენს ჩემპიონობას.

რედონდოს ვარჯიში არ განუახლებია?

- არა, ის ალბათ, თვენახევრის შემდეგ შემოგვიერთდება. ჯერ ისევ მკურნალობს.

რუი კოშტასა და ინძაგის ახლოს გაცნობა უკვე მოასწარი?

- ერთმანეთთან ჯერ მხოლოდ სალმით ვართ, ახლო ურთიერთობას კი დრო მოიტანს.

შევჩენკოსა და ინძაგიზე ბევრს ლაპარაკობენ. მათ ხავი მორენოც დავუმატოთ, ბირჰოფი და ხოსე მარი, გამოდის „მილანის“ თავდამსხმელებს შორის ძალიან დიდი კონკურენცია იქნება. როგორ გგონია, ვის ამჯობინებს თერიმი?

- ეს მისი გადასაწყვეტია.

შენი აზრით?

- ერთი ვიცი - დარწმუნებული ვარ, შევჩენკოს ძირითადში ადგილი გარანტირებული აქვს. ანდრეის მილანში აღმერთებენ და მისი ძალა ფათიჰ თერიმმაც კარგად უნდა იცოდეს. მისი მეწყვილე კი, ალბათ, ინძაგი იქნება. თუმცა ვნახოთ, მოსამზადებლად თვენახევარი გვაქვს, რამდენიმე ამხანაგური მატჩია დაგეგმილი და გამოჩნდება, შევჩენკოს ვინ უკეთ შეეწყობა.

იტალიური ისწავლე?

- ვსწავლობ ნელ-ნელა, ენა უკვე გავიტეხე.

შენი ვებ-გვერდი ისეთია, როგორიც ჩაფიქრებული გქონდა?

- კმაყოფილი ვარ. ეს ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო. ჯერ კიდევ კიევის „დინამოში“ ერთი წლის თამაშის შემდეგ მსურდა საკუთარი ვებ-გვერდის გახსნა, მაგრამ რაღაც პრობლემები შემექმნა, მერე „მილანში“ გადმოვედი და ამ საქმეს თავი ვერ მოვაბი, აფორიაქებული ვიყავი.

გვერდი სამომავლოდაც ისეთივე დარჩება, როგორიც ახლაა?

- არა, რას ამბობ, ეს მხოლოდ დასაწყისია. კიდევ ბევრი ინფორმაცია და ახალი ამბავი მოთავსდება გვერდში და რუსულის გარდა მალე ინგლისური, იტალიური და, რა თქმა უნდა, ქართული ტექსტებიც იქნება. ისე კი, მგონი, ჩემს ვებ-გვერდს ახლაც არა უშავს.