ცოტა ხნის წინ Inside Out 2-ის კიდევ ერთი ტრეილერი გამოვიდა და ცნობილი გახდა, რომ ანიმაციის მე-2 სეზონში 4 ახალ პერსონაჟს ვიხილავთ. შფოთვა, უხერხულობა, მოწყენილობა და შური ის ახალი ემოციებია, რომლებიც რაილის ცხოვრებაში ახლახან გამოჩნდნენ.
უკვე ცნობილია იმ მსახიობების ვინაობაც, რომლებიც ახალ პერსონაჟებს გაახმოვანებენ. Stranger Things-ის მსახიობი მაია ჰოუკი შფოთვას გაახმოვანებს, შურს აიო ედებირი, უხერხულობას პოლ უოლტერ ჰაუზერი, მოწყენილობას კი — ადელ ეგზარქოპულოსი.
Inside Out მოზარდი გოგოს, სახელად რაილის, ცხოვრების შესახებ გვიყვება, რომელიც ანიმაციის მეორე ნაწილში უკვე 13 წლისაა. როგორც ტრეილერში ვხედავთ, რაილის ყოველდღიურ გამოწვევებთან გამკლავება ახალ ემოციებთან ერთად მოუწევს, ასე რომ, მაყურებელს საინტერესო სანახაობა ელოდება.
Inside Out გამორჩეული და ორიგინალური იმითაა, რომ ანიმაციის ძირითადი სიუჟეტი რაილის ტვინში ვითარდება, სადაც არაერთ ემოციას, როგორც პერსონაჟს, ისე ვეცნობით. ანიმაციის პირველ სეზონში 5 ემოცია — სევდა, ბედნიერება, სიბრაზე, შიში და ზიზღი — გავიცანით. თითოეული ემოცია რაილის ყველა ნაბიჯს აკონტროლებს და შესაბამის ქმედებებსაც კარნახობს.
Inside Out 2-ის პრემიერა 2024 წლის 14 ივნისს შედგება.