მსოფლიოს დიქტატორები საფრთხეს გრნობენ

მსოფლიოს დიქტატორები საფრთხეს გრნობენ

იმ ფონზე როდესაც ეგვიპტეში, იორდანიაში, ტუნისში, ლიბანში, იემენსა და სუდანში ხმაურიანი რყევებია, ახლო- აღმოსავლეთიდან სულ რაღაც 2500 მილში მდებარე ყაზახეთთან დაკავშირებულ ახალ ამბებს ყველა ნაკლებ ყურადღებას აქცევს. ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა გუშინ უარი თქვა ეშმაკურ გეგმაზე საკუთარი მმართველობა კიდევ 10 წლით გაეხანგრძლივებინა. ამ გეგმის განხორციელება „პოლიტიკოსთა მომავალი თაობებისთვის არასწორ ნორმებს დაამკვიდრებს“ – განაცხადა მან

ამაში ნაზარბაევი მართალია, თუმცა მაშინ როგორ უნდა შეფასდეს მისი ალტერნატიული არჩევანი – ვადამდელი არჩევნები, რომელიც რამდენიმე თვეში ჩატარდება და მას ხელისუფლებაში ყოფნას კიდევ ხუთი წლით გაუხანგრძლივებს იმ ორ ათეულ წელთან ერთად, რომელიც მან პრეზიდენტის სავარძელში გაატარა?

ჩვენ უკვე განვიხილეთ ის, თუ სადამდე შეიძლება გავრცელდეს ეგვიპტის არეულობის ტალღა. დღემდე ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ საფრთხე მხოლოდ ახლო-აღმოსავლურ დიქტატურებს ემუქრებოდა, მაგრამ ამის განსჯა ჯერ ნაადრევია. 1980-იანი წლების ბოლოს, გარკვეული დრო დასჭირდა იმას, რომ გორბაჩოვის ეპოქის დემოკრატიზაციას ძალა მოეკრიბა და ლათინურ ამერიკაში, ევროპასა და აზიაში პოლიტიკური და კომერციული სისტემების ნგრევა დაწყებულიყო.

რადენიმე დღის წინ რასელ ზანკა ამ ბლოგში წერდა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. ამ სიას ირანიც შეგვიძლია დავუმატოთ. როდესაც ბოლო წლებში მსგავსი გამოსვლები მათ ტერიტორიებზე ხდებოდა, რუსეთმა და ირანმა საპროტესტო აქციების მონაწილეთა დემონიზაცია მოახდინეს და მათ დასავლეთის „მარიონეტებს“ უწოდებდნენ, რომლებიც „ხავერდოვან რევოლუციებს“ აწყობდნენ, თუმცა ის დასავლელი დიპლომატებიც, რომლებიც ამ ქვეყნებში მუშაობდნენ და ზედმეტად მდიდარი წარმოსახვის უნარი გააჩნდათ, თავადაც გადაჭარბებულად აფასებდნენ საკუთარ როლს ამ მოვლენებში.

თუმცა ახლო-აღმოსავლეთის არეულობები ამ ვერსიას მარხავს: მკვლელობებისა და გადატრიალებების გარედან ორგანიზება შესაძლებელია, მაგრამ წარმატებული სახალხო აჯანყებები ქვეყანაში შიგნიდან იწყება.

დღეს მიმდინარე მოვლენები ყოფილი პრეზიდენტის, უმცროსი ჯორჯ ბუშის, როგორც გამართლებად ასევე საყვედურადაც გამოდგება. ერთის მხრივ, გამართლდა 2003 წელს ნათქვამი მისი სიტყვები იმის თაობაზე, რომ „ვიდრე ახლო-აღმოსავლეთი თავისუფლების წალკოტი არ გახდება, ის ვერ გათავისუფლდება სტაგნაციისგან, ბრაზისგან და იოლად ექსპორტირებადი ძალადობისგან“. მეორეს მხრივ, ისიც დადასტურდა, რომ ბუშის საპასუხო ქმედებებმა (ერაყში შეჭრა) არ გაამართლა. დღეს, რვა წლის შემდეგ, ამ ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია ნათლად ცხადყოფს, რომ გარედან დემოკრატიის თავსმოხვევა შეუძლებელია.

ზოგიერთი ყოფილი და მოქმედი ამერიკელი დიპლომატი მეუბნება, რომ საეჭვოა ნაზარბაევის გადაწყვეტილებაზე – უარი ეთქვა საპრეზიდენტო ვადის ათწლეულობით გახანგრძლივებაზე, ეგვიპტის მოვლენებს ემოქმედა. ერთ-ერთის თქმით, როგორც სჩანს ნაზარბაევის მოტივაცია მეტოქეებისგან გათავისუფლებაა, მის შეცვლაზე ოცნებობენ, ხოლო ვადამდელი არჩევნები ამისთვის რეფერენდუმზე არათუ უარესი, არამედ უკეთესი ვარიანტია. ბოლოს და ბოლოს 10 წელი – ეს ცოტა არ იყოს ზედმეტია, ეს იგივეა უფროსს სთხოვო ხელფასის 25%-ით გაზრდა.

თუმცა, თუკი ნაზარბაევმა ეს გადაწყვეტილება ეგვიპტის მოვლენებამდეც მიიღო, ის ვერ იქნება გულგრილი ახლო-აღმოსავლეთის არეულობების მიმართ. მართალია ამ მომენტისთვის მის ქვეყანაში მასობრივი გამოსვლები ნაკლებად მოსალოდნელია, თუმცა გამორიცხული არაფერია. არც ერთ დიქტატორს არ სურს უახლოესი ათი წლის განმავლობაში მუდმივი შიშის ქვეშ ყოფნა და რა თქმა უნდა, შეუძლებელია მსგავსი აზრები თავში სხვა დიქტატორებსაც არ მოსდიოდეთ.
[foreignpress.ge]