მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წევრი ლუკა კურტანიძე ქართულ სპორტში არსებულ ვითარებას კრიტიკულად აფასებს და სპორტსმენებს რეაგირებისაკენ მოუწოდებს.
"სპორტული წარმატებები, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე ასახელებდა, წარსულს ჩაჰბარდა. ბორჯომის სპორტულ ბაზაზე, რომელიც საუკეთესოა სპორტსმენთა სრულყოფილი მომზადებისთვის, ხელისუფლებამ მხოლოდ იმიტომ თქვა უარი, რომ ეს კომპლექსი მათთვის პოლიტიკურად მიუღებელი ფიგურის, ლერი ხაბელოვის საკუთრებაა.
სამაგიეროდ ხელისუფლებამ თავისი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელთა ინტერესების გათვალისწინებით დუშეთის ცენტრში სპორტული ბაზის ნაცვლად სასწრაფოდ გახსნა სასტუმრო და კილომეტრის დაშორებით, - სპორტული დარბაზი. ის კი არ გაითვალისწინა, რომ დუშეთის კლიმატი, ასევე, სასტუმროსა და დარბაზის ადგილმდებარეობა, აბსოლუტურად არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რაც სპორტსმენთა სრულყოფილი მომზადებისთვის არის საჭირო", - განაცხადა კურტანიძემ და დასძინა, რომ ქართული სპორტი ხელისუფლების ავანტიურისტულ პოლიტიკას ეწირება.